იორიკირი - ტოჩინოშინი უშანსოდ დამარცხდა
Aa
Aa

იორიკირი - ტოჩინოშინი უშანსოდ დამარცხდა

ტოკიოში „რიოგოკუ კოკუგიკანში“ „აკი ბაშოს'' მეორე საშეჯიბრო დღეს ტოჩინოშინი მე-11 მაეგაშირა ენდოს დაუპირისპირდა. ენდომ ძალიან დამაჯერებლად იორიკირის ილეთით გაიმარჯვა. ორთაბრძოლა მხოლოდ სამი წამი გაგრძელდა, ენდომ ქართველი დოჰიოდან მარტივად გადაიყვანა.

რაც შეეხება ურთიერთშეხვედრებს, დღევანდელ დაპირისპირებამდე ტოჩინოშინმა და ენდომ 17 შეხვედრა გამართეს, ქართველმა გოლიათმა 9 გამარჯვება მოიპოვა, ენდომ კი მას 8 შეხვედრაში სძლია. დღევანდელი ორთაბრძოლის შემდეგ კი ორივეს ანგარიშზე 9-9 გამარჯვებაა.

შეგახსენებთ, ''აკი ბაშოს'' პირველ საშეჯიბრო დღეს ტოჩინოშინი მე-11 მაეგაშირა კოტოეკოს დაუპირისპირდა და უვატედაშინაგეს ილეთით სძლია. ასე რომ საწყის ორ შეხვედრაში ქართველის ანგარიშზე 1 გამარჯვება და 1 მარცხია.

''აკი ბაშოს'' მესამე დღეს ტოჩინოშინის მეტოქე მე-13 მაეგაშირა ცურუგიშო იქნება. ლევან გორგაძე ცურუგიშოს მხოლოდ ორჯერ შეხვდა და ორივე შემთხვევაში გამარჯვება მოიპოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები