კობიაშვილი კვეკვესკირზე: ''სანიოლი მისი თამაშით უკმაყოფილო იყო''
Aa
Aa

კობიაშვილი კვეკვესკირზე: ''სანიოლი მისი თამაშით უკმაყოფილო იყო''

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა გადაცემაში ''სპორტი იმედზე'' საქართველოს ნაკრების განვლილი სამი მატჩის შემდეგ ვრცლად ისაუბრა. მისი ერთ-ერთი სასაუბრო თემა ნიკა კვეკვესკირის ეროვნულ გუნდში გამოუძახებლობა იყო. კობიაშვილის თქმით, სანიოლი 29 წლის ნახევარმცველის თამაშით უკმაყოფილი იყო.

''კვეკვესკირი ძალიან მიყვარს, ის არავის ჩამოუწერია და მიმაჩნია, რომ ეროვნული გუნდის ერთ-ერთი ძლიერი მოთამაშეა, თუმცა გასულ მატჩებში ვილი სანიოლი მისი თამაშით კმაყოფილი არ იყო. ეს იცის თავად ფეხბურთელმა. ანალოგიურად იყო ქვილითაიასთან დაკავშირებით, რომელმაც ივნისის შეკრება გამოტოვა, სანიოლს არ მიუწვევია''.

სექტემბრის მატჩებამდე ვილი სანიოლის ხელმძღვანელობით საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 5 მატჩი ჩაატარა, კვეკვესკირმა ყველა შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, თუმცა სასტარტოში მხოლოდ შვედეთთან და რუმინეთთან მოხვდა. 

კობიაშვილის კომენტარის მიუხედავად ფაქტია, რომ ამ ეტაპზე კვეკვესკირი საყრდენის პოზიციაზე ეროვნულ გუნდში უალტერნატივოა. ამბიციურ პოლონურ კლუბში შესანიშნავად ასპარეზობს, ექსტრაკლასას ერთ-ერთ საუკეთესო საყრდენად მოკლე პერიოდში იქცა, ''ლეხის'' მწვრთნელს მისი თამაშის სტილი ძალიან მოსწონს და ენდობა. გარდა ამისა, ეროვნულ ნაკრებში მის კონკურენტებთან შედარებით კვეკვესკირს ზურგს გამოცდილება და მუდმივი სათამაშო პრაქტიკა უმაგრებს. აქედან გამომდინარე, როგორც მინიმუმ, მოთამაშე ეროვნულ ნაკრებში ყოფნას იმსახურებდა.

მიმდინარე სეზონში ნიკა კვეკვესკირმა პოზნანის ''ლეხის'' რიგებში 5 მატჩი ჩაატარა (2 სასტარტოში) და 1 გოლი შეაგდო. თავდაპირველად სასტარტოში ვერ ხვდებოდა, რადგან სავიზო პრობლემისა და კოვიდრეგულაციების გამო მოსამზადებელი ეტაპის მნიშვნელოვანი ეტაპი გამოტოვა, თუმცა შემდეგ ოპტიმალურ ფორმას მიუახლოვდა და ''ლეხის'' სასტარტოში დაბრუნდა.

მან მე-5 ტურში გდანსკის ''ლეხიას'' საჯარიმო დარტყმით ბრწყინვალე გოლი გაუტანა, მე-6 ტურში კი ''პოგონთან'' უხეში თამაშის გამო არბიტრმა წითელი ბარათი უჩვენა და ვაკო გვილიას ''რაკუვთან'' დაპირისპირებას გამოტოვებს. აღნიშნული შეხვედრა დღეს, 12 სექტემბერს ''რაკუვის'' საშინაო არენაზე გაიმართება და შესაძლოა, ვაკო გვილიას დებიუტი შედგეს.

მასალაში გამოყენებულია GFF.GE-სა და lechpoznan.pl-ს ფოტოები

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები