„გპირდებით ოქტომბრის მატჩებისთვის თამაშის ხარისხი გამოსწორდება
Aa
Aa

„გპირდებით ოქტომბრის მატჩებისთვის თამაშის ხარისხი გამოსწორდება" - სანიოლი ბულგარეთთან მატჩის შემდეგ

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 8 სექტემბერს, ბულგარეთის წინააღმდეგ ამხანაგური მატჩი გამართა. ვასილ ლევსკის სახელობის სტადიონზე გამართული შეხვედრა მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა და მათი გამარჯვებით 4:1 დასრულდა. ამხანაგური შეხვედრა მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა შეაფასა:

„დღევანდელ შეხვედრაში ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით. შესაძლოა პირველ ტაიმში შეტევაში არც თუ ისე ცუდად გამოვიყურებოდით, თუმცა დაცვაში უპატიებელი შეცდომები დავუშვით. როდესაც ასე თამაშობ პოზიტიური მოლოდინი ვერ გექნება. ასევე ვთვლი, რომ კონკრეტულ მომენტებში არ გაგვიმართლა. მსურს მივულოცო ბულგარეთს ეს გამარჯვება. მათ ხარისხიანი ფეხბურთი ითამაშეს და ჩვენი შეცდომები კარგად გამოიყენეს.

სამწუხაროდ, ძალიან ცუდი სანაკრებო პაუზა გამოგვივიდა. ვფიქრობ, რომ თავდაჯერებულობის ნაკლებობის ბრალიცაა. საკმაოდ ბევრი წამყვანი მოთამაშე დაგვაკლდა და აღნიშნული ნაკლებობა სწორედ ამან გამოიწვია. როდესაც ამ დონის ფეხბურთელები ვერ გეხმარებიან, ძალიან რთულია, რომ ხარისხი შეინარჩუნო. ოქტომბერს და ნოემბერს იმედიანად ველოდები. მარტში ვნახეთ, რომ ამ გუნდს ხარისხიანი ფეხბურთის თამაში შეუძლია. არ ვფიქრობ, რომ ეს ხარისხი სადმე გაქრა და გპირდებით, რომ ოქტომბრის მატჩებისთვის თამაშის ხარისხი გამოსწორდება."

შეგახსენებთ, რომ მასპინძელთა მხრიდან თავი ნედელევმა, ილიევმა, დელევმა და ხრისტოვმა გამოიჩინეს, ხოლო საქართველოს ნაკრების რიგებში ერთადერთი გოლი ზურიკო დავითაშვილის ანგარიშზეა.

მომზადებულია nakrebi.ge-ის მიხედვით. 

ფოტო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები