20 ევრო კვირაში, საშინელი პირობები და ურთულესი პირველი ნაბიჯები - ჟორჟინიოს საოცარი ისტორია
Aa
Aa

20 ევრო კვირაში, საშინელი პირობები და ურთულესი პირველი ნაბიჯები - ჟორჟინიოს საოცარი ისტორია

ლონდონის „ჩელსის“ ფეხბურთელს, ჟორჟინიოს საოცარი სეზონი ჰქონდა. იტალიელმა ნახევარმცველმა ჩემპიონთა ლიგა და ევროპის ჩემპიონატი მოიგო, უეფამ კი წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა. ჟორჟინიოს თამაშის სტილისა და მისი ძლიერი მხარეების შესახებ ფეხბურთის თითოეულ ქომაგს ყველაფერი კარგად მოეხსენება, მაგრამ ბევრმა არ იცის ის გზა, რომლის გავლაც იტალიელს მოუწია.

„ბაზაზე ჩვენი ოთახები ჭუჭყიანი და მოუწესრიგებელი იყო. საშხაპეებში ცხელი წყალი არ მოდიოდა და ვითარება არც ზამთარში იცვლებოდა. სტადიონის გარეთ, ადგილობრივი კრიმინალური დაჯგუფებები ჩვენს გაძარცვას ცდილობდნენ, მაგრამ ყველაზე რთული ის პერიოდი იყო, როცა დამლაგებელი მუშაობას წყვეტდა. საპირფარეშოში შესვლისას ტუალეტის ქაღალდს უნიტაზში ვერ აგდებდი, რადგან კანალიზაცია იჭედებოდა. ამიტომ, იქვე მდგარ სანაგვე ყუთში უნდა ჩაგეგდო და როცა დამლაგებელი ამ სანაგვე ყუთს არ ასუფთავებდა, იქ საშინელებები ხდებოდა. გუაბირუბაში ყოფნისას ჩემი საფეხბურთო ცხოვრება ასეთი იყო და მაშინ 13 წლის ვიყავი. ცამეტის...

ჩემი ოჯახისგან 100 მილით მოშორებით ვცხოვრობდი და ისეთი შთაბეჭდილება მრჩებოდა, თითქოს ჯარში ვიყავი. დღეში 2-ჯერ ვვარჯიშობდით, შემდეგ ვსწავლობდით და 50 ბიჭს ერთად გვეძინა. იქ მისვლამდე სინჯებზე 3 კლუბში ვიყავი, მაგრამ სამივეგან დამიწუნეს და მშობლიურ ქალაქში დავბრუნდი. ამ ბაზაზე გარკვეული დრო გავატარე და პრობლემები სწორედ ამის შემდეგ დაიწყო. ერთ დღეს, დამლაგებელმა სამსახური დატოვა, რადგან ხელფასს არ უხდიდნენ და მისი ფუნქციები ჩვენ შევითავსეთ. ბავშვები 5 ჯგუფად დაგვყვეს და საპირფარეშოს დალაგება დაგვევალა, თუმცა ერთ დღეს, ერთმა ჯგუფმა ამაზე უარი განაცხადა. მეორე დღეს, იგივე მეორე ჯგუფმა გააკეთა და საბოლოოდ, საპირფარეშო ისეთ მდგომარეობაში აღმოჩნდა, რომ იქ შესვლისას სუნთქვის შეკავება აუცილებლობა გახლდათ. უცნაურია, მაგრამ ასეთ ცხოვრებას შევეჩვიე. როცა რაღაცის მიღწევა ძალიან გინდა, ხვდები, რომ დანებება გამოსავალი არაა და ბრძოლა უნდა განაგრძო.

იქ 2 წელი გავატარე და შემდეგ ვერონამ გამიფორმა. იტალიელებმა ძველ მონასტერში შეგვიყვანეს და 6 ახალგაზრდას ძალიან პატარა ოთახი მოგვიჩინეს, თუმცა უბედნიერესი ვიყავი. იტალიაში ხომ შეუძლებელი აღარაფერი იყო! პირველმა სამმა თვემ შესანიშნავად ჩაიარა, მაგრამ შემდეგ ყველაფერი გართულდა. არ ვიცოდი, სახლში როდის დავბრუნდებოდი და ყოველკვირეულად, ჩემი აგენტისგან მხოლოდ 20 ევროს ვიღებდი. თანხას ყოველთვის ერთსა და იმავეზე ვხარჯავდი. 5 ევრო - ბრაზილიაში მყოფ ოჯახის წევრებთან სასაუბროდ. კიდევ რამდენიმე ევრო შამპუნის, დეოდორანტისა და კბილის პასტის საყიდლად, ხოლო დანარჩენით უქმეებზე, ინტერნეტ კაფეში მივდიოდი და ჩემს მეგობრებსა და ოჯახის წევრებს MSN-ით ვესაუბრებოდი.

ზოგჯერ, როცა ტკბილეულის მიღება მინდოდა, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე გავდიოდი და მაკდონალდსში მილკშეიკს ვყიდულობდი, რომლის ფასიც 1 ევრო გახლდათ. ფრი? ბურგერი? დაივიწყეთ! Happy Meal-ი მდიდარი ბავშვებისთვის იყო. მილკშეიკის ყიდვის შემდეგ, მოედნის კუთხეში, კიბეზე ვჯდებოდი და გამვლელებს ვუყურებდი. ვუყურებდი ჩიტებს, ტურისტებს და საკუთარ ცხოვრებაზე ვფიქრობდი. უქმეებს სწორედ ასე ვატარებდი და წელიწად-ნახევრის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა. ახალი აგენტი ვიპოვე, რომელიც ახლაც ჩემთანაა და 2014 წელს, საცხოვრებლად ნეაპოლში გადავედი. ჩემი ცხოვრების ყველაზე რთულ პერიოდში მხარში ჩემი თანაგუნდელი, რაფაელი მედგა. როცა კვირაში თავის გასატანად 20 ევრო მქონდა, მან თავის სახლში მიმიღო და ჩემთვის საჭმელი და ტანსაცმელი იყიდა. არასდროს დამავიწყდება ის, რაც მან ჩემთვის გააკეთა“, - განაცხადა ჟორჟინიომ.

იტალიელმა ფეხბურთელმა თავისი ღია წერილის ბოლოს, ახალგაზრდა ბავშვებს მიმართა და უთხრა, რომ ბოლომდე ებრძოლათ და საკუთარ ოცნებებზე უარი არასდროს ეთქვათ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები