საქართველო 1-1 ბელარუსი: ნაკრებების მეორე ამხანაგური შეხვედრა დღეს შედგება
Aa
Aa

საქართველო 1-1 ბელარუსი: ნაკრებების მეორე ამხანაგური შეხვედრა დღეს შედგება

საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ევრო 2022-ის მზადების ფარგლებში პირველი ამხანაგური შეხვედრა, ბელარუსის წინააღმდეგ, ბათუმში გამართა.

საქართველოსა და ბელარუსის ფუტსალის ნაკრებების მატჩში 2 გოლი გავიდა და ფრედ, ანგარიშით - 1-1 დასრულდა. ჩვენი ნაკრებიდან მეტოქის კარი გიორგი ღავთაძემ, საჯარიმოს დარტყმის გათამაშების შემდეგ აიღო (1-0), თუმცა სტუმრებმა ანგარიშის გათანაბრება პირველი ტაიმში შეძლეს - ზვიად კუპატაძეს დმიტრი ლოსმა გაუტანა (1-1).

ნაკრებები მეორე ამხანაგურ შეხვედრას დღეს, კვლავ ბათუმში გამართავენ. ქვეყანაში არსებული რეგულაციებისა და პანდემიის გამო, აღნიშნული მატჩიც მაყურებლის გარეშე შედგება.

საქართველოსა და ბელარუსის ნაკრებების დაპირისპირება 19:00 საათიდან დაიწყება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის YouTube არხზი შემოგვთავაზებს.

აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ევრო 2022-ის მზადების ფარგლებში მორიგ ამხანაგურ შეხვედრას 24 სექტემბერს, უკრაინის წინააღმდეგ ჩაატარებს.

საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპი მეორე ადგილზე დაასრულა და არსებობის ისტორიაში პირველად კონტინენტის პირველობაზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა. 

ფუტსალში 2022 წლის ევროპის ჩემპიონატს 19 იანვრიდან 6 თებერვლის ჩათვლით, ნიდერლანდები უმასპინძლებს. შეხვედრები ამსტერდამის ზიგო დომეს და გრონინგენის მარტინიპლაზას დარბაზებში გაიმართება. ჩემპიონის ტიტულისთვის ერთმანეთს კონტინენტის 16 უძლიერესი ნაკრები დაუპირისპირდება.

ევრო 2022-ის ჯგუფური ეტაპის წილისყრა მიმდინარე წლის ბოლოს არის დაგეგმილი.

ფოტოები: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

შემოუერთდი ჩვენს Facebook ჯგუფს - საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები