„კასალე“ - სერია A-ს ყველა დროის ყველაზე მოულოდნელი ჩემპიონი
Aa Aa
30 აგვისტო 2021  |  15:33

„კასალე“ - სერია A-ს ყველა დროის ყველაზე მოულოდნელი ჩემპიონი

1914 წლის 28 ივლისს, პირველი მსოფლიო ომი ოფიციალურად დაიწყო. კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური დაპირისპირება, რომელმაც 20 მილიონამდე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

ამ თარიღამდე 16 დღით ადრე, 12 ივლისს, იტალიის ჩრდილოეთით მდებარე პატარა ქალაქ კასალე მონფერატოში, რომელიც სამომავლო საომარი ფრონტიდან რამდენიმე მილით იყო დაშორებული, მოსახლეობა დიდ გამარჯვებას ზეიმობდა. მათმა ქალაქის გუნდმა დაახლოებით ისეთივე წარმატებას მიაღწია, როგორსაც „ლესტერმა“ – 2016 წელს. საფეხბურთო კლუბმა „კასალემ“ თავისთვის პირველი და უკანასკნელი „სკუდეტო“ მოიგო.

1909 წლის ოქტომბერში, პროფესორმა რაფაელე ჯაფემ სტუდენტები შეკრიბა და აუხსნა, რომ ისინი მახლობელ სოფელში ფეხბურთის მატჩის სანახავად უნდა წასულიყვნენ. როგორც აღმოჩნდა, პროფესორი ჯაფე კიდევ ერთი საფეხბურთო გუნდის დაარსებას აპირებდა. მას იქამდე ქალაქ კასალეში გუნდი ჰყავდა, რომელიც 1904 წელს დააფუძნა, თუმცა მალევე მისი დაშლა მოუწია.

2 თვის შემდეგ, 1909 წლის დეკემბერში, ჯაფე ქალაქის ხელმძღვანელებს შეხვდა, მათთან კლუბის სახელი შეათანხმა და „კასალემ“ არსებობის პირველი ორი წელი იტალიის უდაბლეს რეგიონალურ ლიგაში გაატარა. 1911 წლისთვის „ნეროსტელატი“, რაც ვარსკვლავიან შავებს ნიშნავს და კლუბის პირველად ფორმას კარგად ასახავს, ქვეყნის უმაღლეს ლიგაში დაუშვეს. რა თქმა უნდა, არავის წარმოედგინა ის, რასაც ეს გუნდი სულ რაღაც 2 სეზონში გააკეთებდა.

1913 წლის მაისში, „კასალე“ პირველი იტალიური კლუბი გახდა, რომელმაც პროფესიონალური ინგლისური კლუბი დაამარცხა. „ნეროსტელატიმ“ იტალიაში შეკრებაზე მყოფ „რედინგს“ 2:1 აჯობა, რაც იმ დროისთვის გასაოცარ წარმატებად ჩაითვალა. ისეთად, რომელთან შედარებითაც, საკუთარ ქვეყანაში მიღწეული წარმატება მხოლოდ ქვის სროლა თუ იყო.

1913-1914 წლების სერია A-ს გათამაშება სრულიად განსხვავებული იყო იმ ლიგისგან, რომელსაც ჩვენ ვიცნობთ და გვიყვარს. საქმე მხოლოდ დონესა და სპეციფიკას არ ეხება, ტურნირი კარდინალურად სხვაგვარი სისტემით ტარდებოდა. „კასალეს“ პირველ რიგში ლიგურია-პიემონტეს დივიზიონში თამაში მოუწია, რომლიდანაც ჩრდილოეთის მთავარ ჯგუფში დაწინაურდა, შემდეგ კი სამხრეთ-ცენტრალური ლიგის ჩემპიონთან ორრაუნდიანი ფინალური ეტაპი გამართა. სისტემა ფურცელზეც საკმაოდ ჩახლართულია, თუმცა ის რეალობაში კიდევ უფრო რთული გახლდათ.

განსაკუთრებულად რთულ ვითარებაში სწორედ „კასალე“ იყო, რომელსაც ლიგურიის დივიზიონში „ჯენოასა“ და „პრო ვერჩელის“ წინააღმდეგ ასპარეზობა უწევდა. ეს გუნდები იმ პერიოდის აღიარებული გრანდები იყვნენ და 1913 წლის ჩათვლით, იტალიის ჩემპიონატის საწყისი 16 სეზონიდან 11-ჯერ ტიტული ერთ-ერთ მათგანს დარჩა. თანაც, „პრო ვერჩელი“ „კასალეს“ ყველაზე საძულველი მეტოქე იყო და ჩემპიონატის ბოლო 6-დან 5 გათამაშება მას ჰქონდა მოგებული, 1913-1914 წლების გათამაშებაში კი ზედიზედ მე-4 „სკუდეტოს“ უმიზნებდა. ორი აზრი არაა, რომ ტურნირს 2 აშკარა და ულაპარაკო ფავორიტი ჰყავდა - „პრო ვერჩელი“ და „ჯენოა“.

კასალესა და ვერჩელის მტრობა 1215 წლიდან დაიწყო. 200 წლის განმავლობაში კასალე მონფერატო დამოუკიდებელ შტატ მარკიზატე მონფერატოს დედაქალაქი იყო. შტატი ახლანდელი იტალიის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარეობდა. 1196 წელს, კასალეს მოსახლეობა აჯანყდა, რამაც შედეგად მარკიზატესგან გამოყოფა გამოიღო და მხარეს დამოუკიდებელი მუნიციპალიტეტის სტატუსი მოუტანა, თუმცა მხოლოდ 19 წლით...

1215 წელს, ქალაქ კასალეს ვერჩელის სამხედრო ძალებმა შეუტია და ბარბაროსულად დაარბია, დამოუკიდებელი მუნიციპალიტეტის საცხოვრებელი ტერიტორია სრულად განადგურდა. მალევე ფრედერიკ II-მ ქალაქი ხელახლა ააშენა, მაგრამ თავად პროცესი იმდენად სასტიკი და მასშტაბური იყო, რომ დავიწყება შეუძლებელია. სწორედ ამიტომ, დღესაც, კასალეს ბარბაროსულად დანგრევიდან 800 წლის შემდეგ, მტრობა არსად გამქრალა, კასალეში ვერჩელი ყველაფერზე მეტად სძულთ.

ლუიჯი ბარბეზინოს წინამძღოლობით, რომელიც ადგილობრივი ბიჭი იყო და იტალიის ნაკრებში 5 მატჩიც აქვს ჩატარებული, „კასალე“ უმაღლეს დივიზიონში აღზევდა და იქ არა მარტო ადგილი დაიმკვიდრა, არამედ უმოკლეს დროში წარმოუდგენელ შედეგს მიაღწია.

საჩემპიონო სეზონი კიდევ უფრო ტკბილი „პრო ვერჩელის“ წარუმატებლობამ გახადა. პიემონტე-ლიგურიის დივიზიონში, რომელიც ჩემპიონატის საწყისი ეტაპი იყო, „კასალემ“ 18-დან 15 შეხვედრა მოიგო, 1 ფრედ დაასრულა და მხოლოდ 2 წააგო, რითაც „ჯენოას“ მსგავსად 31 ქულა მოაგროვა, შესაბამისად, გუნდები შემდეგ ეტაპზე გავიდნენ, 30-ქულიანი „პრო ვერჩელისთვის“ კი სეზონი ნაადრევად დასრულდა.

ჩრდილოეთ იტალიის გუნდები სულ 3 ჯგუფად იყვნენ დაყოფილი, ერთ-ერთი ჯგუფი (პიემონტე-ლიგურიის), როგორც უკვე ვთქვით, „კასალემ“ და „ჯენოამ“ მოიგეს, პიემონტე-ლომბარდიის ჯგუფის გამარჯვებულები „ინტერი“ და „იუვენტუსი“ გახდნენ, ხოლო ლომბარდია-ვენეტო-ემილია რომანიის ჯგუფში საუკეთესოები „ვიჩენცა“ და „ვერონა“ გამოდგნენ. ეს 6 საუკეთესო გუნდი ფინალურ ეტაპზე გავიდა, რომელსაც ჩრდილოეთის მხარის (და არა - ქვეყნის) ჩემპიონი უნდა გამოევლინა.

6-გუნდიანი ჩემპიონატი ორ წრედ ჩატარდა. „კასალემ“ 10-დან 8 მატჩი მოიგო, იმავე „ჯენოას“ 2 ქულით გაასწრო და ორრაუნდიან საჩემპიონო ფლეი-ოფში თამაშის უფლება მოიპოვა, რომელიც უკვე მთავარი ჯილდოს, „სკუდეტოს“ მფლობელს, იგივე იტალიის ჩემპიონს გამოავლენდა.


ამ ჩახლართული ჩრდილოური ბატალიების პარალელურად, ბუნებრივია, ბრძოლა სამხრეთშიც მიდიოდა, სადაც გუნდები ორად - ტოსკანიისა და ლაციოს რეგიონების ჯგუფებად დაიყო, მხარის ფინალში მხოლოდ საუკეთესოები გადიოდნენ, ასეთები კი „ლაციო“ და „ლივორნო“ გამოდგნენ, რომელთაც თავიანთი ჯგუფები დიდი უპირატესობით მოიგეს.

თუმცა, მესამე ჯგუფად, შეგვიძლია, ნაპოლის მხარე ჩავთვალოთ, რომლის ორი გუნდი - „ნაპოლი“ და „ინტერნაციონალე ნაპოლი“ ერთმანეთს შეხვდნენ და მატჩის გამარჯვებული პირდაპირ სამხრეთის მხარის ფინალში მოხვდა, სადაც გასასვლელად „ლაციომ“ „ლივორნო“ 4:0 დაამარცხა. მხარის ფინალში „ლაციომ“ „ინერნაციონალე ნაპოლის“ ორი მატჩის ჯამში 9:0 მოუგო და ქვეყნის ჩემპიონის გამოსავლენ ფინალურ ეტაპზე „კასალეს“ მეტოქე გახდა.

იტალიის ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის ეკონომიკური თუ სოციალური დისბალანსი „კასალე“-„ლაციოს“ ფინალურმა დაპირისპირებამაც ნათლად დაადასტურა. როგორც აღმოჩნდა და ეს მოსალოდნელიც იყო, „ლაციალეს“ სათამაშო დონე გაცილებით განვითარებული ჩრდილოეთის კლუბ „კასალეს“ კლასთან ახლოსაც ვერ მივიდოდა.


პირველი მატჩი კასალეში გაიმართა და ის მასპინძლებმა 7:1 მოიგეს. „ნეროსტელატიმ“ რომში მეტოქეს მხოლოდ 2:0 აკმარა, ორი თამაშის ჯამში 9:1 იმარჯვა, რითაც სერია A-ს ისტორიაში უდიდესი სენსაცია დააფიქსირა და ტურნირის ყველა დროის ყველაზე მოულოდნელი, თუმცა სეზონის მიხედვით - სრულიად დამსახურებული, ჩემპიონი გახდა.

ამ წარმოუდგენელი წარმატების მთავარი შემოქმედი უკვე ნახსენები ლუიჯი ბარბეზინო იყო, რომელიც ამპლუით ნახევარმცველი გახლდათ და იმ ფორმაციის „ნეროსტელატის“ უდავო ლიდერად და ყველაზე ცნობილ ფიგურად ითვლებოდა და ითვლება.

სამწუხაროდ, ბარბეზინოს ცხოვრებას ასეთივე წარმატებული გაგრძელება და, მით უმეტეს - დასასრული, არ ჰქონია. „კასალეში“ 8-წლიანი ასპარეზობის შემდეგ კარიერა დაასრულა, 1934-1938 წლებში კი „რომას“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე მუშაობდა, თუმცა მეორე მსოფლიო ომის დაწყების გამო სამხედრო საჰაერო ძალებს შეუერთდა. 1941 წლის 20 აპრილს, იგი სიცილიის სიახლოვეს მდებარე ერთ-ერთ საომარ ზონას ზვერავდა. ერთსაათიანი ფრენის შემდეგ, უამინდობის გამო, თვითმფრინავის ეკიპაჟმა უკან დაბრუნება გადაწყვიტა, თუმცა დანიშნულების ადგილს ვერ მიაღწია და დღემდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.

არც მანამდე და არც მას შემდეგ „კასალეს“ ასეთი გამონათება არ ჰქონია და ამ გასაოცარი შედეგის გამეორებასთან ახლოსაც არ ყოფილა. წლების სვლასთან ერთად გუნდს სხვადასხვა სახის სირთულეების დაძლევა უწევდა, რომელთაც ხან უმკლავდებოდა, ხან - ვერა. ეს გასაკვირი არცაა, რადგან კასალე პიემონტეს რეგიონის პატარა ქალაქია, რომლის მოსახლეობა, 2018 წლის მონაცემებით, 34 ათასი კაცია და გასაგებია, რომ საფეხბურთო კლუბსაც ფინანსურად მყარი ზურგი არ აქვს.

2013 წლის ივლისში „ნეროსტელატის“ მძიმე პერიოდი კიდევ ერთხელ დაუდგა, ფინანსური პრობლემების გამო გუნდი იტალიის სამოყვარული ლიგიდანაც მოკვეთეს, თუმცა რამდენიმე კვირაში სიტუაცია შედარებით გამოსწორდა და გუნდმა გამოსვლა ქვეყნის რანგით მე-5 დივიზიონში დაიწყო (ამჯამად რანგით მე-4 ლიგაშია).

მართალია, „კასალე“ დიდი ხანია 1913-1914 წლების სეზონის ჰიპერწარმატების ჩრდილით ცოცხლობს, მაგრამ როცა სერია A-ს გამარჯვებულთა სიას ჩაუყვებით, „იუვენტუსის“, „მილანის“, „ინტერის“, „ჯენოას“, „ტორინოს“, „ბოლონიას“, „პრო ვერჩელის“, „რომასა“ და სხვა გამორჩეული გუნდების სახელების გვერდით, იქ, სადღაც, მოკრძალებულად, მშვიდად, მაგრამ რაც მთავარია, დამსახურებულად, „კასალესაც“ შევხვდებით.

გაზიარება:
ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში