ამოიღებენ თუ არა ძალოსნობას 2024 წლის ოლიმპიადიდან? - დოჰაში კონგრესი შედგება
Aa
Aa

ამოიღებენ თუ არა ძალოსნობას 2024 წლის ოლიმპიადიდან? - დოჰაში კონგრესი შედგება

ყატარის დედაქალაქი დოჰა ძალოსნობისთვის უმნიშნელოვანეს კონგრესს უმასპინძლებს. კონგრესზე, რომელიც 2 დღის მანძილზე გაგრძელდება, განიხილება ძალოსნობის ოლიმპიურ სახეობად დარჩენა არ დარჩენის საკითხი. დღის გეგმაში შევა ცვლილებების განხილვა - დამტკიცებაც.

შეხვედრებს საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი, კახი კახიაშვილი და ვიცე-პრეზიდენტი, დავით ყიფშიძე დაესწრებიან.

ზაფხულის XXXII ოლიმპიური თამაშების დასრულების შემდეგ,  XXXIII ოლიმპიურ თამაშებისთვის მზადება უკვე დაიწყო. აღნიშნული ოლიმპიური თამაშების მასპინძელი საფრანგეთის დედაქალაქი პარიზი, 2024 წელს იქნება, სადაც ძირითად პროგრამაში 40 დისციპლინა უკვე შევიდა:

მშვილდოსნობა, მძლეოსნობა, ბადმინტონი, კალათბურთი, კალათბურთი 3x3, კრივი, კანოე და კაიაკი, სატრეკო და საგზატკეცილო ველოსპორტი, მაუნთინბაიკი, ВМХ-ფრისტაილი და რეისი, ცხენოსნობა, ფარიკაობა, ფეხბურთი, გოლფი, მხატვრული და სპორტული ტანვარჯიში, ბატუტზე ხტომა, ხელბურთი, ბალახის ჰოკეი, ძიუდო, თანამედროვე ხუთჭიდი, აკადემიური ნიჩბოსნობა, რაგბი, აფროსნობა, ტყვიის სროლა, მაგიდის ჩოგბურთი, ტაეკვონდო, ჩოგბურთი, ტრიატლონი, ფრენბურთი, პლაჟის ფრენბურთი, წყალში ხტომა, მხატვრული ცურვა, ღია წყალში ცურვა, ცურვა, წყალბურთი, ძალოსნობა და ჭიდაობა.

საინტერესოა, რომ ორგანიზატორებს პროგრამაში ერთჯერადად სპორტის კიდევ რამდენიმე სახეობის შეყვანის შესაძლებლობა ჰქონდათ. საბოლოოდ გადაწყდა, რომ ეს სპორტის სახეობები: ბრეიქ დანსი, სერფინგი, სკეიტბორდინგი და სპორტული ცოცვა იქნება.

უკვე ცნობილია, რომ გულშემატკივარი მომდევნო ოლიმპიურ თამაშებზე კარატისტების გამოსვლას ვეღარ იხილავს. პროგრამიდან ასევე ამოღებულია სოფტბოლი/ბეისბოლი.

კონგრესი ქართველი გულშემატკივრისთვის განსაკუთრებით საინტერესოა, რადგან ჩვენს ქვეყანას ძალოსნობაში საუკეთესო მაჩვენებლები აქვს. ამიტომ, ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველო ძალოსნების გამოსვლას განსაკუთრებით ელოდა -  როგორც მოსალოდნელი იყო, ამ დისციპლინაში ლაშა ტალახაძემ ოლიმპიური ოქროს მედალი არავის დაუთმო. ტალახაძემ ოლიმპიურ თამაშებზე ბრწყინვალედ იასპარეზა და ქართველ გულშემატკივარს სიურპიზები შესთავაზა - ძალოსანმა ოლიმპიური ჩემპიონობა მეორედ იზეიმა და ამასთან ერთად, 3 ოლიმპიური და მსოფლიო რეკორდი დაამყარა. მწვრთნელმა, გიორგი ასანიძემ ჩემპიონისთვის სარეკორდო წონები შეარჩია, რისი დაძლევაც ტალახაძემ უპრობლემოდ შეძლო (223 კგ, 265 კგ, 488 კგ). 

ამის გარდა, რამდენიმე დღის წინ, პოლონეთში, ჭაბუკ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე, საქართველომ რეკორდული, 28 მედალი მოიპოვა. ქართული დელეგაციის ანგარიშზე 16 ოქრო, 7 ვერცხლი, 5 ბრინჯაო და ევროპის 10 რეკორდია.

კონგრესი, რომელზეც უკვე ვისაუბრეთ, სოკ-სა და მსოფლიო ძალოსნობის მმართველ ორგანოს შორის მრავალწლიანი დაპირისპირებას უკავშირდება. სოკ-სა და ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციას შორის დაპირისპირების მიზეზი არის ის, რომ ძალოსნობაში მოუგვარებელ პრობლემად რჩება დოპინგის საკითხი. ანალოგიურად, სოკ-ი დაპირისპირებულია კრივის მსოფლიო საერთაშორისო ორგანოსთან და ამავე მიზეზით, მოკრივეები 2024 წლის პარიზის ოლიმპიადის მიღმა დარჩნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები