სანდრო ალთუნაშვილი: „ეს ჩემთვის სიურპრიზი იყო, რადგან ამ პოზიციაზე დიდი კონკურენციაა
Aa
Aa

სანდრო ალთუნაშვილი: „ეს ჩემთვის სიურპრიზი იყო, რადგან ამ პოზიციაზე დიდი კონკურენციაა"

საქართველოს ეროვნული ნაკრები მიმდინარე წლის სექტემბერში 2 ოფიციალურ და 1 ამხანაგურ მატჩს გამართავს.

ჩვენი ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის 2022 წლის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრას 2 სექტემბერს, ბათუმის ახალ სტადიონზე პირველად ჩაატარებს, სადაც კოსოვოს უმასპინძლებს. მეორე მატჩი 5 სექტემბერს, სტუმრად, ბადახოსში, ესპანეთის წინააღმდეგ შედგება, 8 სექტემბერს კი ვილი სანიოლის გუნდი, ამხანაგურ შეხვედრაში, ვასილ ლევსკის სტადიონზე, ბულგარეთის ეროვნულ ნაკრების დაუპირისპირდება.

მომავალი მატჩებისთვის მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა განაცხადი დაასახელა, შემადგენლობის 26 წევრიდან, 5 დებიუტანტია (მათ შორის, 4 საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგიდან): საბა ხვადაგიანი (დინამო,თბილისი), ლუკა ლოჩოშვილი (ვოლფსბერგი, ავსტრია), სანდრო ალთუნაშვილი (დინამო, ბათუმი), ვლადიმერ მამუჩაშვილი (დინამო, ბათუმი) და გიორგი ფანცულაია (დინამო ბათუმი).

CrystalSport-ი დინამო ბათუმის ნახევარმცველს, სანდრო ალთუნაშვილს დაუკავშირდა და პირველი კომენტარი ჩაწერა.

სანდრო ალთუნაშვილი - საქართველოს ეროვნული ნაკრების დებიუტზე

რა თქმა უნდა, ძალიან გამიხარდა, როდესაც გავიგე, რომ სანაკრებო სიაში ვიყავი. ოფიციალურ განაცხადამდე ვიცოდი, რომ გაფართოებულ სიაში მოვხვდი და ესეც ნამდვილად სასიხარულო იყო. როდესაც უკვე ოფიციალური ინფორმაცია გახდა ცნობილი, ჩემთვის სიურპრიზი იყო, რადგან ამ პოზიციაზე დიდი კონკურენციაა, ნაკრების სხვა წევრები ბევრად ძლიერ ჩემპიონატებში თამაშობენ და დიდი სანაკრებო გამოცდილებაც აქვთ.

სიმართლე გითხრათ, ოფიციალური სიის გამოცხადებამდე, რაღაც მოლოდინი მაინც მქონდა იქიდან გამომდინარე, რომ ვილი სანიოლი საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგაში მოთამაშე ფეხბურთელებს ენდობა.

ვფიქრობ, შეგვწევს ძალა სექტემბერში გასამართ სამივე მატჩში თავი დადებითაც წარმოვაჩინოთ. ესპანეთთან პირველ შეხვედრაშიც გამოჩნდა, რომ ეს შეგვიძლია, უბრალოდ, იყო რაღაც უიღბლობა და შედეგიც ამიტომ ვერ მივიღეთ, მაგრამ სწორი თამაშით ნებისმიერ მეტოქესთან სასურველ შედეგზე ფიქრი შეგვიძლია.

კოსოვოსთან მატჩს რაც შეეხება, დიდი იმედი მაქვს, რომ ეს შეხვედრა მაყურებლის გარეშე არ შედგება, რადგან ბათუმში გულშემატკივრობა არ ეშლებათ და დარწმუნებული ვარ, ეროვნული ნაკრების მატჩზეც ზუსტად ანალოგიური სიტუაცია იქნება, ისეთივე საოცარი ატმოსფერო, როგორიც დინამო ბათუმის შეხვედრების დროსაა.

ამ ეტაპზე, ვილი სანიოლის დახასიათება რთულია, მაგრამ განვლილი მატჩებიდან გამომდინარე შემიძლია ვთქვა, რომ ეროვნულ ნაკრებს მისი ხელი  დაეტყო - თავისუფლად და კომბინაციურად თამაშობს.

საქართველოს ეროვნული ნაკრების განაცხადი

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), ლაზარე კუპატაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო)


მცველები: გურამ კაშია (სლოვანი, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, კრაკოვი, პოლონეთი),  დავით ხოჭოლავა (კოპენჰაგენი, დანია), გურამ გიორბელიძე (დინამო, დრეზდენი, გერმანია), გრიგოლ ჩაბრაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), ირაკლი აზაროვი (დინამო, ბათუმი, საქართველო), ლუკა ლოჩოშვილი (ვოლფსბერგი, ავსტრია), საბა ხვადაგიანი (დინამო, თბილისი, საქართველო)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (სლოვანი, ბრატისლავა, სლოვაკეთი) გიორგი აბურჯანია (ჟილ ვისენტე, ბარსელო, პორტუგალია), საბა ლობჟანიძე (ჰატაისპორი, ანტაკია, თურქეთი), ვაკო ყაზაიშვილი (ულსან ჰიუნდაი, სამხრეთ კორეა), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, ყაზანი, რუსეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია), ზურიკო დავითაშვილი (არსენალი, ტულა, რუსეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი, საქართველო), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, გრაცი, ავსტრია), მურთაზ დაუშვილი (აპოელი, ნიქოზია,  კვიპროსი), ვლადიმერ მამუჩაშვილი (დინამო, ბათუმი, საქართველო), სანდრო ალთუნაშვილი (დინამო, ბათუმი, საქართველო)


თავდამსხმელები: გიორგი მიქაუტაძე (მეცი, საფრანგეთი), გიორგი ქვილითაია (აპოელი, ნიქოზია, კვიპროსი), გიორგი ფანცულაია (დინამო, ბათუმი, საქართველო)

ბუნებრივია, მომავალი მატჩების მიმართ ინტერესი დიდია, განსაკუთრებით საინტერესოა რა ბედი ელის გულშემატკივარს, რომელიც ბათუმში გასამართ შეხვედრაზე დასწრებას გეგმავდა. მოგეხსენებათ, 4 სექტემბრამდე საქართველოში მთელი რიგი შეზღუდვები მოქმედებს, რაც კორონავირუსის პანდემიასა და ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას უკავშირდება. 

2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი ვილი სანიოლმა დაიწყო. საქართველო ესპანეთის, შვედეთის, საბერძნეთისა და კოსოვოს ჯგუფში ასპარეზობს, მიუხედავად ნაჩვენები სათამაშო ხარისხის პროგრესის, 3 მატჩის შემდეგ მხოლოდ 1 ქულა აქვს ( მარცხი / 1 ფრე) და ცხრილში ბოლოსწინა, მე-4 ადგილს იკავებს. მე-5, ბოლო პოზიციაზე, 1 გატანილი და 6 გაშვებული ბურთით, სწორედ ჩვენი მომავალი მეტოქე, კოსოვოა.

საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი:

2 სექტემბერი, 20:00 | საქართველო v კოსოვო 

5 სექტემბერი, 22:45 | ესპანეთი v  საქართველო

8 სექტემბერი, 20:30 | ბულგარეთი v საქართველო (ამხანაგური მატჩი)

სამივე შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგვთავაზებს.

ფოტო: ეროვნული ლიგა/დინამო ბათუმი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები