მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილება - პაკიაო უგასთან დამარცხდა
Aa
Aa

მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილება - პაკიაო უგასთან დამარცხდა

ლეგენდარული ფილიპინელი მოკრივე, მენი პაკიაო იორდენის უგასთან მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დამარცხდა. კუბელმა მოკრივემ, რომელმაც ბრძოლაზე თანხმობა ჩხუბამდე 11 დღით ადრე განაცხადა, შესანიშნავად იასპარეზა, ბევრისთვის მოულოდნელი გამარჯვება მოიპოვა და WBA-ის საჩემპიონო ქამარი შეინარჩუნა.

35 წლის უგასმა პაკიაოზე ნაკლები დარტყმა განახორციელა, მაგრამ მენიზე ზუსტი და ეფექტური იყო. „პაკმენს“ მის ჯებთან გამკლავება უჭირდა და დასკვნით რაუნდებში, უგასის მიერ მარჯვენა ხელით განხორციელებული დარტყმების ეფექტურობაც გაიზარდა. 3 მსაჯიდან ორმა კუბელის სასარგებლოდ 116-112 დააფიქსირა, ერთმა კი - 115-113.

„მენი პაკიაო შესანიშნავი მებრძოლი და კონკურენტუნარიანი მოკრივეა, მაგრამ აქ მოვედი, რადგან მეჩვენებინა, რომ WBA-ის საჩემპიონო ქამრის ღირსეული მფლობელი ვარ. პაკიაოს უდიდეს პატივს ვცემ, მაგრამ დღეს მე გავიმარჯვე“, - განაცხადა უგასმა ჩხუბის შემდეგ და დასძინა, რომ სურს, მისი მომდევნო მეტოქე ეროლ სპენს ჯუნიორი იყოს.

ბრძოლის შემდეგ, ამერიკულ გამოცემებს კომენტარი მენი პაკიაომაც მისცა და განაცხადა, რომ ჯერჯერობით არ გადაუწყვიტავს კარიერას დაასრულებს თუ არა. „პაკმენს“ არც ის უთქვამს, ფილიპინების საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს თუ არა, თუმცა გვაუწყა, რომ საკუთარ გადაწყვეტილებას მომდევნო თვეში გაასაჯაროვებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები