დიეგო ჩხიკვაძის ვერცხლის მედალი მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე
Aa
Aa

დიეგო ჩხიკვაძის ვერცხლის მედალი მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე

მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა შორის დიეგო ჩხიკვაძემ ვერცხლის მედლით დაასრულა. ტურნირში, რომელიც რუსეთის ქალაქ უფაში მიმდინარეობს, 63 კგ. წონით კატეგორიაში დიეგო ჩხიკვაძემ ევროპის მოქმედი ჩემპიონის რანგში იასპარეზა.

მან ფრანგ იანის ნიფრის 9:0 სძლია, მერვედფინალში კასპერ კაუჰანენი დაამარცხა (8:1), მეოთხედფინალში თურქი ისმაილ ორუჯოღლუს ბარიერი დაძლია (3:0), ნახევარფინალში კი შვედი ნიკლას ოელენი დაამარცხა - 6:0. ფინალში ქართველის მეტოქე რუსი საიდ ხუსეინ ბაკაევი იყო. ფინალი რუსის დამაჯერებელი გამარჯვებით 10:0 დასრულდა.

72 კგ. წონით კატეგორიაში გიორგი ჩხიკვაძემ მერვედფინალში ბელარუსი ანდრეი კავალეუსკი დაამარცხა (10:0), მეოთხედფინალში - აზერბაიჯანელი ხასაი ჰასანლი (11:0), ნახევარფინალში - სომეხი შანტ ხაჩატრიანი (8:1). საჩემპიონო ბრძოლაში გიორგი ჩხიკვაძე რუსეთის ნაკრების წევრს ევგენი ბაიდუსოვს დაუპირისპირდება.

67 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე ლუკა ოჩიგავა ბრინჯაოს შანსს ინარჩუნებს. მისი პირველი მეტოქე ფინელი ნესტორი კალე მიკაელ მანილა იქნება. გამარჯვების შემთხვევაში ოჩიგავა რეპეშაჟის ნახევარფინალში რუსეთის ნაკრების წევრს მუსლიმ იმადაევს დაეჭიდება, ხოლო თუ მასაც აჯობებს, ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში ფრანგ გაგიკ სნიოიანს შეხვდება.

82 კგ. წონით კატეგორიაში საბა მამალაძეც (82 კგ) ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს. მას კვარცხლბეკს ორი შეხვედრის მოგება აშორებს, უნგრელი დომინიკ ანდრას მეჟეის ძლევის შემთხვევაში ინდოელ რავი მალიკს შეხვდება.

მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე მედლების ბოლო ხუთი კომპლექტი 22 აგვისტოს გათამაშდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები