''ცა და დედამიწაა, ეს ნაკლი დიდი შრომით გამოასწორა'' - ექს-გუნდელი მამარდაშვილზე
Aa
Aa

''ცა და დედამიწაა, ეს ნაკლი დიდი შრომით გამოასწორა'' - ექს-გუნდელი მამარდაშვილზე

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ექს-ფეხბურთელი ლუკა სილაგაძე CrystalSport-თან ინტერვიუში გიორგი მამარდაშვილის შესახებ საუბრობს. ლატვიური ''ვალმიერას'' ნახევარმცველი ''ვალენსიას'' მოქმედ მეკარესთან ერთად თბილისის ''დინამოს'' ასაკობრივ გუნდებსა და საფეხბურთო კლუბ ''რუსთავში'' ასპარეზობდა. 

22 წლის ფეხბურთელის თქმით მამარდაშვილს ფეხით თამაში უჭირდა, თუმცა ამ მინუსის აღმოსაფხვრელად ბევრს შრომობდა, გუნდური სავარჯიშო პროცესის დასრულების შემდეგ საკუთარ თავზე ინდივიდუალურად მუშაობდა და ფეხით თამაში მნიშვნელოვნად გამოასწორა. ასევე, სილაგაძე იხსენებს თბილისის ''დინამოს'' აკადემიაში გატარებულ პერიოდს, როცა ფსიქოლოგთან საათობით საუბრობდნენ.

შეგახსენებთ, თბილისის ''დინამოს'' პირველ გუნდში გიორგი მამარდაშვილს ოფიციალური მატჩი არ ჩაუტარებია. საქართველოს ყველაზე ტიტულოვანმა კლუბმა ნიჭიერი მეკარე ''რუსთავსა'' (2019) და თბილისის ''ლოკომოტივში'' (2020-21) გაანათხოვრა. მიმდინარე ზაფხულში მამარდაშვილსა და ''ლოკოს'' შორის გაფორმებული საიჯარო ხელშეკრულება ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე შეწყდა და ფეხბურთელი ერთწლიანი იჯარით ''ვალენსიაში'' გადავიდა.

ახალი სეზონისთვის მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში მამარდაშვილმა ''ვალენსიას'' პირველ გუნდში რამდენიმე ამხანაგური მატჩი ჩაატარა, მათ შორის აღსანიშნავია ''მილანთან'' მატჩი, მან რამდენიმე შესანიშნავი ''სეივი'' შეასრულა და კარი მშრალად შეინახა.

2020-21 წლების სეზონის ლა ლიგის პირველ ტურში ''ვალენსიას'' რიგებში მამარდაშვილის ოფიციალური დებიუტი შედგა, მას გოლი არც ამჯერად გაუშვია და რამდენიმე ძალიან რთული დარტყმა მოიგერია. ''მესტალიაზე'' გამართული შეხვედრა კარლოს სოლერის გოლით ხოსე ბორდალასის გუნდმა მოიგო.

ლა ლიგის მეორე ტურში ''ვალენსია'' ''გრანადას'' ესტუმრება. შეხვედრა 21 აგვისტოს, თბილისის დროით 21 საათსა და 30 წუთზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები