„მიზანს ერთად უნდა მივაღწიოთ
Aa
Aa

„მიზანს ერთად უნდა მივაღწიოთ" - დინამო ბათუმს გულშემატკივარმა მიმართა

კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე „დინამო" ბათუმი თურქულ „სივასპორს" დაუპირისპირდა და ორი მატჩის ჯამში ანგარიშით - 2-3 დამარცხდა. ბათუმში გამართული პირველი შეხვედრა თურქულმა კლუბმა მოიგო (1-2), მეორე მატჩის ძირითადი დრო კი დათმო (0-1), თუმცა მომდევნო ეტაპის საგზური დამატებით დროში გატანილი გოლით მოიპოვა (1-1).

შედეგად, ევროტურნირებს საქართველოს ბოლო წარმომადგენელიც დაემშვიდობა.

„დინამო" ბათუმის მარცხს გულშემატკივარი სოციალური ქსელით გამოეხმაურა და აჭარულ გუნდს დარჩენილი ბძოლების მოგებისკენ მოუწოდა:

„ჩვენ ერთი იდეის ქვეშ ვართ გაერთიანებული - რაც მიზნად გვაქვს დასახული ამ მიზანს ერთად უნდა მივაღწიოთ! საერთოდ არავინ რომ არ დაგრჩეთ ირგვლივ, ჩვენ მუდამ თქვენს გვერდით ვიქნებით და ეს ყველაფერი თქვენ გამოგიცდიათ!

თავი აწიეთ, მეგობრებო, გავაგრძელოთ: შრომა, წინსვლა, განვითარება და შედეგიც აუცილებლად მოვა. იგივე შემართებით გავაგრძელოთ და მიზანს აუცილებლად მივაღწევთ!

ამ სეზონში ორ ფრონტზე დაგვრჩა საბრძოლველი და ორივე ფრონტზე სისხლის ბოლო წვეთამდე ერთად უნდა ვიბრძოლოთ!

როცა შენ თამაშობ, ჩემი გული ძგერს!"

მოგეხსენებათ, საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის გარდა, „დინამო" ბათუმი საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასზე ასპარეზობს. 1/4 ფინალში აჭარული გუნდის მეტოქე თბილისის „ლოკომოტივია".

რაც შეეხება რანგით უმაღლეს ლიგას, გასული 22 ტურის შემდეგ, 46 ქულით ლიდერი სწორედ „დინამო" ბათუმია, რომელიც ქვეყნის მოქმედ ჩემპიონს, „დინამო" თბილისს 2 ქულით უსწრებს.

კორონავირუსის პანდემიისა და ქვეყანაში არსებული რეგულაციების გათვალისწინებით,  საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ყველა ლიგა ამ ეტაპზე, შეჩერებულია და 4 სექტემბრიდან განახლდება.  

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 23-ე ტურში გია გეგუჩაძის გუნდი „საბურთალოს", მიხეილ მესხზე, ესტუმრება.

ფოტო: „დინამო" ბათუმი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები