Aa
Aa

"სივასსპორმა ბოლოს მოუმატა" - თურქული პრესისა და პრეზიდენტის შეფასება

ევროპა კონფერენს ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე, „სივასსპორმა“ ბათუმის „დინამოსთან“ ორმატჩიანი დუელი დამატებით დროში გატანილი გოლით მოიგო (3:2) და პლეი-ოფში დანიურ „კოპენჰაგენზე“ გავიდა. თავის მხრივ, დავით ხოჭოლავას გუნდმა ბულგარული „ლოკომოტივ პლოვდივის“ ბარიერი დამაჯერებლად (5:3) დასძლია.

ორი მატჩის ჯამში, იმით, რაც მოედანზე ვნახეთ, ბევრი დამეთანხმება, რომ ბათუმის „დინამო“ მეტოქეს მინდორზე მხოლოდ გამოცდილებით თუ ჩამოუვარდებოდა. თურქებმა კლასი გამოავლინეს იმით, რომ შანსები იდეალურად გამოიყენეს და კიდევ ერთი ევროტურნირის ჯგუფურ ეტაპს მიუახლოვდნენ.

ფინანსური პარალელი

მოდით, პატარა პარალელი გავავლოთ. ბათუმის „დინამოს“ წლიური ბიუჯეტი 7-8 მილიონი ლარია. რაც შეეხება „სივასსპორს“, 2019 წელს Hurriyet-ისთვის მიცემულ ინტერვიუში კლუბის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სეზონისთვის 100-110 მილიონი თურქული ლირაა გათვალისწინებული. მას შემდეგ სივასელთა ბიუჯეტი დიდად არ შეცვლილა და „სივასსპორი“ თურქეთის ერთ-ერთ ყველაზე ფინანსურად მძლავრ და სტაბილურ კლუბად რჩება. დღევანდელი კურსით, 100 მილიონი ლირა 36-37 მილიონ ლარს უდრის. ასე რომ, კლუბებს შორის ბიუჯეტური სხვაობა დაახლოებით ხუთმაგია.

მეტი თვალსაჩინოებისთვის რომ ვთქვათ, „სივასსპორი“ წელიწადში მხოლოდ ფეხბურთელთა ხელფასებში 13 მილიონ ლირას (4.8 მილიონი ლარი) ხარჯავს, რაც ბათუმელთა ბიუჯეტის დაახლოებით 65%-ია.

პრესის გამოხმაურება

დილით, ოფისში მისულს, ერთ-ერთი პირველი, რამაც დამაინტერესა თურქული პრესის შეფასება იყო. მაინტერესებდა, აღნიშნავდნენ თუ არა ბათუმელთა გამართულ თამაშსა და იმას, რომ „სივასსპორმა“ სრულიად თანაბარ ორმატჩიან დუელში გაიმარჯვა.

დაახლოებით 30-მდე (მათგან 10-მდე კონკრეტულად სპორტული) თურქულ საიტს გადავხედე. ზოგადად, მასშტაბურმა ხანძარმა თურქეთი ძალიან დააზარალა და, ცხადია, კორონავირუსთან ერთად, ახლა მთავარი თემა და საფიქრალი სწორედ ხანძარი და მისგან მიყენებული ზარალია. არ ვიცი, ამის გამო თუ სხვა მიზეზის, მაგრამ ამ მატჩზე განსაკუთრებული არც ერთ მათგანს დაუთმია, მაგრამ მოდით, რამდენიმე გამორჩეული გამოცემის სტატიას მაინც ჩავხედოთ.

NTV Spor - გულშემატკივრებმა მატჩის მიმართ დიდი ინტერესი გამოიჩინეს და დასაშვები ოდენობა - სტადიონი ტევადობის 50% სრულად შეავსეს. ისინი რიზა ჯალიმბეისა და მის შეგირდებს ჯერ კიდევ თამაშის დაწყებამდე აქტიურად ამხნევებდნენ. „დინამომ“ ძირითადი დრო ფანცულაიას გოლით 1:0 მოიგო და, ახალი წესების თანახმად, მატჩი დამატებით დროში გადავიდა. პირველ დამატებით ტაიმში გოლი არ გასულა, მეორეში კი „სივასსპორმა“ მეტოქეზე წნეხი საგრძნობლად გაზარდა. 109-ე წუთზე, ქართველთა საჯარიმოში შექმნილი არეულობა ფელიქსის შედეგიანი დარტყმით დასრულდა - 1:1. ორი დამატებითი ტაიმის შედეგით, შემდეგ ეტაპზე „სივასსპორი“ გავიდა.

Fanatik - „სივასსპორმა“, რომელიც ბოლო წლებში ევროტურნირებზე თურქეთის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული წარმომადგენელია, „დინამო ბათუმთან“ 120-წუთიანი ბრძოლა 1:1 დაასრულა და კონფერენს ლიგის პლეი-ოფში გავიდა.

Yenisafak - „სივასსპორმა“ საქართველოს წარმომადგენელ „დინამო ბათუმს“ ორი მატჩის ჯამში დამატებით დროში გატანილი გოლით აჯობა და პლეი-ოფში დანიურ „კოპენჰაგენს“ შეხვდება. სივასურმა კლუბმა ევროტურნირებზე მე-18 შეხვედრა ჩაატარა. მათ ანგარიშზე 7 მოგება, 2 ფრე და 9 მარცხია. „წითელ-თეთრებმა“ ამ თამაშთა ჯამში 20 გოლი შეაგდეს და თავიანთ კარში 31 მიიღეს.

ამ გავლენიან და სახელიან გამოცემებსა და, როგორც ვთქვი, ზოგადად თურქულ პრესას ამ შეხვედრაზე დიდი ფოკუსირება არ მოუხდენია და ძირითადად, მხოლოდ სტენოგრამები და Live კომენტარები ჰქონდა - არავითარი ანალიზი, შეფასება, ფაქტები და ა.შ.

"მოსაგებად 15 წუთით კარგი თამაში გვეყო" - პრეზიდენტის კომენტარი

მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა „სივასსპორის“ პრეზიდენტმა, მეჯნუნ ოტიაკმაზმა. მან თავისი გუნდის გამარჯვებას დამსახურებული უწოდა და აღნიშნა, რომ „სივასსპორს“ ამისთვის მხოლოდ ბოლო 15 წუთში მომატება და კარგი თამაშიც ეყო.

როგორც ვიცი, „დინამო ბათუმმა“ მიმდინარე სეზონში 23-ე შეხვედრა ჩაატარა და მათი ტონუსში ყოფნა მოედანზეც გამოჩნდა. ჩვენს თამაშში კი გარკვეული ხარვეზები იყო, რაც ტრავმებისგან ახლახანს დაბრუნებული ფეხბურთელების სიმრავლემაც განაპირობა. ვფიქრობ, მალე მზად ვიქნებით და უკეთეს ფეხბურთს ვითამაშებთ.

ძალიან რთული მატჩი იყო და კარგია, რომ ბოლო 15 წუთში ნაჩვენები კარგი ფეხბურთი, შემდეგ ეტაპზე გასასვლელად საკმარისი გამოდგა. ვისურვებდი, რომ გოლი უფრო ადრე გაგვეტანა და სტრესული წუთები აგვერიდებინა, მაგრამ ეს რეალობაც მშვენიერია. ფეხბურთელებსა და მწვრთნელებს ვულოცავ, გულშემატკივრებს კი მოგებას ვუძღვნი.

„სივასსპორი“ ევროპა კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფში დავით ხოჭოლავას „კოპენჰაგენს“ შეხვდება. დანიელებმა ბულგარულ „ლოკომოტივ პლოვდივთან“ სტუმრად 1:1 ითამაშეს, შინ კი 4:2 მოუგეს. მატჩები 19 და 26 აგვისტოს გაიმართება.

რაც შეეხება ბათუმის „დინამოს“, გუნდმა ევროპა კონფერენს ლიგის წლევანდელ გათამაშებაზე ორი საკვალიფიკაციო ეტაპი გაიარა. ჯერ სან მარინოს წარმომადგენელ „ტრე პენეს“ აჯობა (4:0 და 3:0), შემდეგ კი ბელორუსულ ბატე-ს მოუგო (0:1 და 4:1). აღსანიშნავია, რომ „დინამო ბათუმმა“ ევროტურნირების ერთ სეზონში ერთზე მეტი ეტაპი ისტორიაში პირველად დასძლია.

მატჩის ვიდეომიმოხილვა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები