„საქართველოდან ხალხის მხარდაჭერას ყოველთვის ვგრძნობდი
Aa
Aa

„საქართველოდან ხალხის მხარდაჭერას ყოველთვის ვგრძნობდი" - დათუნაშვილის მიმართვა

სერბეთის სახელით მოასპარეზე მოჭიდავემ, ზურაბ დათუნაშვილმა, რომელმაც ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, ქომაგებს მიმართა. დათუნაშვილმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და ქართველ და სერბ ხალხს მადლობა გადაუხადა.

„მინდა, ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ ყველას გვერდით დგომისა და გამხნევებისთვის. ჩემს ოლიმპიურ მედალში თითოეულ იმ ადამიანს აქვს წვლილი შეტანილი, ვისაც ჩემი სჯეროდა. მე ყოველთვის ვგრძნობდი საქართველოდან ხალხის მხარდაჭერას და ეს ძალიან დიდ მოტივაციას მაძლევდა. მართალია, მე დღესდღეობით სერბეთში ვმოღვაწეობ და ჩემი მედალიც ამ ქვეყანასა და ხალხს ეკუთვნის, მაგრამ აქაც საქართველოს წარმოვადგენ, ყველამ იცის, რომ ქართველი ვარ. შესაბამისად, მქონდა ორი ერისა და ქვეყნის წინაშე ვალდებულება, რომ მომეპოვებინა მედალი და მიხარია, რომ იმედები გავამართლე.

განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო სერბეთსა და სერბ ხალხს, რადგან მათ ჩემთვის ყველაზე რთულ დროს მიმიღეს, მენდნენ მაშინ, როდესაც ბევრს ეჭვი შეეპარებოდა, მომცეს ყველაფერი, რაც მჭირდებოდა. სწორედ მათი წყალობით შევძელი ჩემი საყვარელი საქმიანობის გაგრძელება და იმ მიზნის მიღწევა, რასაც ოლიმპიური მედალი ჰქვია.

რიოს თამაშების შემდეგ დაწყებული ეს ოლიმპიური ციკლი ჩემთვის ძალიან პრობლემური აღმოჩნდა. ჯერ 2017 წელს მიღებული მძიმე ჭრილობის შემდეგ არ ვიცოდი შევძლებდი თუ არა კვლავ სპორტში ყოფნას. შემდეგ კი უკვე პრობლემები ჭიდაობის ფედერაციაში დაიწყო. იმის გამო, რომ მწვრთნელების უსამართლო გადაწყვეტილებას არ დავეთანხმე, საბოლოოდ თავად გავხდი დევნისა და ჩაგვრის ობიექტი, რის გამოც ვეღარც ვვარჯიშობდი და ვერც ტურნირებზე დავდიოდი. საბოლოოდ კი ეს პრობლემები იმით დასრულდა, რომ იძულებული გავხდი ქვეყნიდან წავსულიყავი. ასეთი პრობლემების ფონზე, ბუნებრივია, კმაყოფილი და მადლიერი ვარ იმ შედეგის, რომელსაც ტოკიოში მივაღწიე. ოქროსთვის პარიზში ვიბრძოლებ! მადლობა კიდევ ერთხელ ყველას“.

შეგახსენებთ, რომ ბერძნულ-რომაულ სტილით მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილმა, რომელიც ევროპის ორგზის ჩემპიონია, სერბეთის სახელით ასპარეზობის გადაწყვეტილება 2019 წელს, ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტ გეგა გეგეშიძესთან დაპირისპირების შემდეგ მიიღო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები