სივასპორი v დინამო ბათუმი: ყველაფერი მატჩზე
Aa
Aa

სივასპორი v დინამო ბათუმი: ყველაფერი მატჩზე

კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი შეხვედრა „სივასპორსა" და „დინამო" ბათუმს შორის 12 აგვისტოს შედგება. ამ წყვილში ყველაფერი სწორედ აღნიშნული შეხვედრის შემდეგ გადაწყდება.

პირდაპირი რეპორტაჟი

მატჩი სტარტს თბილისის დროით 22:00 საათიდან აიღებს. დაპირისპირების ტრანსლაციას აჭარის ტელევიზია შემოგვთავაზებს.

მატჩის მასპინძელი სტადიონი და გულშემატკივარი

მატჩის მასპინძელი სტადიონი Sivas 4 Eylül Stadyumu იქნება, რომლის ტევადობაც 27 000-ია. კორონავირუსის პანდემიის ფონზე, ბათუმის მსგავსად (ბათუმი არენა: 20 000), ქალაქ სივასშიც სტადიონის 50% შეივსება. შეხვედრას ვაქცინირებული გულშემატკივარი დაესწრება.

სტადიონზე მისვლის მსურველთათვის ბილეთების ღირებულება  25 თურქული ლირა (9 ლარამდე), 40 თურქული ლირა (15 ლარამდე), 50 თურქული ლირა (18 ლარამდე) და 70 თურქული ლირაა (25 ლარამდე).

ტურნირის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპამდე დაანონსდა, რომ გუნდები სტუმრად გასამართი მატჩებზე გულშემატკივრის დასწრებას გეგმავდნენ, თუმცა მსოფლიოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ სტუმარი გუნდების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

არბიტრები

შეხვედრას ესპანელი არბიტრები მოემსახურებიან. მატჩის მთავარი მსაჯი 35 წლის რიკარდო დე ბურგოსი იქნება, რომელსაც ლა ლიგისა და რანგით მეორე დივიზიონის გულშემატკივარი კარგად იცნობს. მას ასევე უმუშავია კოპა დელ რეისა და ევროპა ლიგის მატჩებზე.

დე ბურგოსს ასისტენტობას რობერტო დელ პალომარი და ჯონ ნუნესი გაუწევენ.

ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ რიკარდო დე ბურგოსმა ბოლო მატჩი ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე, 28 ივლისს იმსაჯა, სადაც „ოლიმპიაკოსმა" „ნეფთჩი" მინიმალური სხვაობით დაამარცხა (0-1). ამ მატჩში ესპანელმა არცერთი ყვითელი და არცერთი წითელი ბარათი გამოიყენა.

რა ითქვა მატჩის წინ

რიზა კალიმბაი - „სივასპორის" მთავარი მწვრთნელი

„უნდა ვიბრძოლოთ და დისციპლინა ვაჩვენოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, პრობლემები შეგვექმნება. დინამო ბათუმი კარგად ორგანიზებული გუნდია, მითუმეტეს ახლა, როდესაც ისინი შეხვედრებს ჩვეულებრივ მართავენ და სასურველ კონდიციებში არიან. მეტოქე არის გუნდი, რომელიც სტუმრად შესანიშნავად თამაშობს.

ეს მატჩი ადვილი არ იქნება, რთული შეხვედრის ჩატარება მოგვიწევს, თუმცა ჩვენ ეს ჩვენი ქვეყნისა და გულშემატკივრის იმ ნაწილისთვის უნდა შევძლოთ, ვინც სტადიონზე გარკვეული მიზეზების გამო ვერ მოვა.

ამ შეხვედრისთვის მზად ვართ და გვაქვს ერთი მიზანი - დაპირისპირება ჩვენთვის სასურველი შედეგით დავასრულოთ, გავაკეთოთ ყველაფერი ფანებისთვის. მითუმეტეს ახლა, როცა დინამო ბათუმის ფეხბურთელებს უკვე კარგად ვიცნობთ.

ჩვენ ყოველთვის მოსაგებად ვთამაშობთ, არ აქვს მნიშვნელობა ვინ არის მეტოქე.

განმეორებითი მატჩის წინ უპირატესობა მოვიპოვეთ, მაგრამ თამაშს მხოლოდ ანგარიშის შენარჩუნებისთვის არ ვაპირებთ".

ბოლო ვარჯიში

დინამო ბათუმის დანაკლისი

სამწუხაროდ, მომავალ მატჩში დინამო ბათუმს 3 ფეხბურთელი დააკლდება: დისკვალიფიცირებულია თორნიკე გაფრინდაშვილი, ხოლო ლაზარე კუპატაძე და გიორგი ზარია აჭარულ გუნდს კორონავირუსის გამო ვერ დაეხმარებიან.

გუნდების პირველი შეხვედრა

კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი ბათუმში, ბათუმი არენაზე შედგა. შეხვედრაში 3 გოლი გავიდა და „სივასპორის" სასარგებლოდ, ანგარიშით - 1-2 დასრულდა. 

„სივასპორმა" აჭარულ გუნდს გამარჯვების გოლი შეხვედრის ბოლო წუთის მიმდინარეობისას გაუტანა.

პლეი-ოფის სავარაუდო მეტოქეები

„დინამო" ბათუმი v „სივასპორის" წყვილში გამარჯვებული პლეი-ოფში „ლოკომოტივი" (ბულგარეთი) v „კოპენჰაგენის" (სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი, დავით ხოჭოლავა გამოდის) (დანია) წყვილში გამარჯვებულს შეხვდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები