„ყოველთვის მოსაგებად ვთამაშობთ, მეტოქეს მნიშვნელობა არ აქვს
Aa
Aa

„ყოველთვის მოსაგებად ვთამაშობთ, მეტოქეს მნიშვნელობა არ აქვს" - სივასპორის მწვრთნელი

კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი შეხვედრა „სივასპორსა" და „დინამო" ბათუმს შორის 12 აგვისტოს შედგება და 22:00 საათიდან დაიწყება. ამ წყვილში ყველაფერი სწორედ აღნიშნული შეხვედრის შემდეგ გადაწყდება.

მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს აჭარის ტელევიზია განახორციელებს.

რიზა კალიმბაი - „სივასპორის" მთავარი მწვრთნელი

„უნდა ვიბრძოლოთ და დისციპლინა ვაჩვენოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, პრობლემები შეგვექმნება. დინამო ბათუმი კარგად ორგანიზებული გუნდია, მითუმეტეს ახლა, როდესაც ისინი შეხვედრებს ჩვეულებრივ მართავენ და სასურველ კონდიციებში არიან. მეტოქე არის გუნდი, რომელიც სტუმრად შესანიშნავად თამაშობს.

ეს მატჩი ადვილი არ იქნება, რთული შეხვედრის ჩატარება მოგვიწევს, თუმცა ჩვენ ეს ჩვენი ქვეყნისა და გულშემატკივრის იმ ნაწილისთვის უნდა შევძლოთ, ვინც სტადიონზე გარკვეული მიზეზების გამო ვერ მოვა.

ამ შეხვედრისთვის მზად ვართ და გვაქვს ერთი მიზანი - დაპირისპირება ჩვენთვის სასურველი შედეგით დავასრულოთ, გავაკეთოთ ყველაფერი ფანებისთვის. მითუმეტეს ახლა, როცა დინამო ბათუმის ფეხბურთელებს უკვე კარგად ვიცნობთ.

ჩვენ ყოველთვის მოსაგებად ვთამაშობთ, არ აქვს მნიშვნელობა ვინ არის მეტოქე.

განმეორებითი მატჩის წინ უპირატესობა მოვიპოვეთ, მაგრამ თამაშს მხოლოდ ანგარიშის შენარჩუნებისთვის არ ვაპირებთ".

 

გულშემატკივარი

მატჩამდე ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსის პანდემიის ფონზე, ბათუმის მსგავსად (ბათუმი არენა: 20 000), ქალაქ სივასშიც სტადიონის 50% შეივსება. მატჩის მასპინძელი სტადიონი Sivas 4 Eylül Stadyumu იქნება, რომლის ტევადობაც 27 000-ია.

არბიტრები

UEFA-ს ვებგვერდის ინფორმაციით, შეხვედრას ესპანელი არბიტრები მოემსახურებიან. მატჩის მთავარი მსაჯი 35 წლის რიკარდო დე ბურგოსი იქნება, რომელსაც ლა ლიგისა და რანგით მეორე დივიზიონის გულშემატკივარი კარგად იცნობს. მას ასევე უმუშავია კოპა დელ რეისა და ევროპა ლიგის მატჩებზე.

დე ბურგოსს ასისტენტობას რობერტო დელ პალომარი და ჯონ ნუნესი გაუწევენ.

გუნდების პირველი შეხვედრა

კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი ბათუმში, ბათუმი არენაზე შედგა. შეხვედრაში 3 გოლი გავიდა და „სივასპორის" სასარგებლოდ, ანგარიშით - 1-2 დასრულდა. სამწუხაროდ, „სივასპორმა" აჭარულ გუნდს გამარჯვების გოლი შეხვედრის ბოლო წუთის მიმდინარეობისას გაუტანა.

სამწუხაროდ, მომავალ მატჩში დინამო ბათუმს 3 ფეხბურთელი დააკლდება: დისკვალიფიცირებულია თორნიკე გაფრინდაშვილი, ხოლო ლაზარე კუპატაძე და გიორგი ზარია აჭარულ გუნდს კორონავირუსის გამო ვერ დაეხმარებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები