რამაზ ზოიძე: „ძალიან ცოტა დამაკლდა თქვენთვის ოლიმპიური მედალი რომ მეჩუქებინა
Aa
Aa

რამაზ ზოიძე: „ძალიან ცოტა დამაკლდა თქვენთვის ოლიმპიური მედალი რომ მეჩუქებინა"

ტოკიოში დასრულებულ ოლიმპიურ თამაშებზე, 67-კილოგრამ წონით კატეგორიაში უმედლოდ დარჩა რამაზ ზოიძე, რომელიც მესამე ადგილისთვის ბრძოლაში გამოცდილი გერმანელის, მსოფლიოს სამგზის ჩემპიონის, ფრანკ შტებლერის წინააღმდეგ, დაძაბულ შეხვედრაში დამარცხდა (4-5).

ზოიძემ ბრძოლა კარგად ვერ დაიწყო. გერმანელი 5:0 დაწინაურდა. მიუხედავად იმის, რომ ქართველმა ჩობჯენში შეხვედრის შემოტრიალების შანსი მიიღო, შეხვედრაში გარდამტეხი უპირატესობა ვეღარ შეიტანა და ტაბლოზე 4-5 დააფიქსირა.

აღსანიშნავია, რომ ზოიძემ პირველი ბრძოლები ოლიმპიურ და მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს, კუბელ ისმაილ ბორერო მოლინას და ლტოლვილთა ოლიმპიური გუნდის წევრს, აკერ ალ ობაიდის მოუგო, შემდეგ კი ნახევარფინალში ირანელ მუჰამედრეზა გერაისთან დამარცხდა.


რამაზ ზოიძე

„არ ვიცი, საიდან დავიწყო და როგორ გადაგიხადოთ მადლობა. მთელი ოლიმპიური თამაშების მანძილზე თქვენ მხარდაჭერას და გვერდში დგომას  ვგრძნობდი.

სამწუხაროდ, ძალიან ცოტა დამაკლდა, თქვენთვის ოლიმპიური მედალი რომ მეჩუქებინა და საქართველოში ცარიელი ხელებით არ დავბრუნებულიყავი.

განსაკუთრებულად მინდა მადლობა გადავუხადო მწვრთნელებს, რომლებიც მთელი ამ დროის მანძილზე თავდაუზოგავად მუშაობდნენ. დღეს რაც ვარ, ეს ყველაფერი მათი დამსახურებაა.

ამით ყველაფერი არ დასრულებულა, ერთად კიდევ ძალიან დიდი გზა გვაქვს გასავლელი".

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში ზაფხულის XXXII ოლიმპიური თამაშები ოფიციალურად 8 აგვისტოს დასრულდა.

საქართველოს ოლიმპიურმა გუნდმა ასპარეზობა 2 ოქროს  (ლაშა ბექაური, ლაშა ტალახაძე), 5 ვერცხლის (ვაჟა მარგველაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი, გურამ თუშიშვილი, იაკობ ქაჯაია, გენო პეტრიაშვილი)  და 1 ბრინჯაოს  (ანტონ პლესნოი) მედლით დაასრულა, საერთო ჩათვლაში კი 30-ე პოზიცია დაიკავა.

აღსანიშნავია, რომ ერთ თამაშებზე მოპოვებული 8 მედალი დამოუკიდებელი ქვეყნის ისტორიაში რეკორდულია.

XXXIII ოლიმპიურ თამაშებს საფრანგეთის დედაქალაქი პარიზი, 2024 წელს უმასპინძლებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები