მედიატურნირი ბოულინგში
Aa
Aa

მედიატურნირი ბოულინგში

12 მარტს „ისთ ფოინთის“ ბოულინგ ცენტრში „ლებოვსკი“ თბილისის მერიის და საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა მედიატურნირი-აქცია „ბავშვები ჩვენი მომავალია“. მასში ქართული მედია საშუალებების წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს თბილისის მერიის და საქართველოს წყალბურთელთა ნაკრების წევრებმა.

ტურნირმა საინტერესოდ ჩაიარა, მაგრამ სპორტული მხარე არ იყო ამ აქციის საკვანძო მოვლენა. აქციის ორგანიზატორთა მიზანი იყო სოციალურად დაუცველი მოზარდების პრობლემატიკის წინ წამოწევა. ამ მიზნით, ტურნირზე მოიწვიეს ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდის აღსაზრდელები, რომლებმაც ორგანიზატორებისა და მხარდამჭერი კომპანიებისგან ფასიანი საჩუქრები მიიღეს. ბავშვებმა ითამაშეს ბოულინგი და მიიღეს მონაწილეობა მათთვის ორგანიზებულ სპეციალურ ტურნირში.

ქალაქ თბილისის მერიის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ირაკლი გვილავას თქმით, მსგავსი ტიპის აქციების ჩატარება ყველა თვალსაზრისით მნიშვნელოვანია და მსგავს ინიციატივებს მერია მომავალშიც ყოველთვის მხარს დაუჭერს.

საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პარტნიორები იყვნენ „კამპა“, „პალიტრა მედია“, თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირი, საქართველოს საწყლოსნო სახეობათა ფედერაცია, “Lo Vision”, Royal Group, საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაცია.

სპორტული ტურნირი მერიის წარმომადგენლებმა მოიგეს, მეორე ადგილზე გავიდა საინფორმაციო პორტალი „24 საათი“, ხოლო მესამე იყო „რუსთავი 2“-ის გუნდი.

ცხელი ამბები