„მე ვარჯიშები არ გამიცდენია“ - ბერბატოვი კეინის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა
Aa
Aa

„მე ვარჯიშები არ გამიცდენია“ - ბერბატოვი კეინის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა

„ტოტენჰემის“ ყოფილი ფორვარდი, დიმიტარ ბერბატოვი, ჰარი კეინის გარშემო მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და ინგლისელი თავდამსხმელის გადაწყვეტილებას უარყოფითად აფასებს.

როგორც ცნობილია, მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას, ჰარი კეინს „ტოტენჰემის“ დატოვება და „მანჩესტერ სიტიში“ გადასვლა სურს, რაზეც მოლაპარაკებები დაწყებულია და შესაძლოა მალე ტრანსფერიც გაოფიციალურდეს.

კეინისა და „სიტის“ მოლაპარაკებების პარალელურად „დეზებმა“ ვარჯიში განაახლეს და ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყეს, თუმცა ჰარი კეინი ვარჯიშებს არ ესწრება. სწორედ კეინის მიერ ვარჯიშების ბოიკოტირებას გამოეხმაურა დიმიტარ ბერბატოვი და The Sun-თან საუბრისას 28 წლის ინგლისელი ფორვარდი გააკრიტიკა.

„კეინის ამ გადაწყვეტილებით გაოცებული ვარ. ჩემი აზრით ეს არასწორი გზაა. ჩემს „იუნაიტედში“ ტრანსფერსა და კეინის „სიტიში“ ტრანსფერს შორის ის განსხვავებაა, რომ მე ვარჯიშები არ გამიცდენია.“

შეგახსენებთ, რომ დიმიტარ ბერბატოვი „ტოტენჰემიდან“ „მანჩესტერ იუნაიტედში“ 2008-09 სეზონის დასაწყისში, 31 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ გადავიდა და სეზონის სტარტზე 2 მატჩი გამოტოვა.

„იუნაიტედში ტრანსფერამდე „ტოტენჰემის“ შემადგენლობაში 2 მატჩი გამოვტოვე. ეს მარტივი გადაწყვეტილება არ ყოფილა, თუმცა ჩემს თავში ის ძალა ვიპოვე, რომელმაც მათქმევინა, რომ „ტოტენჰემის“ მაისურით მოედანზე გასვლის შემთხვევაში ჩემი გონება სხვაგან იქნებოდა და ჩემს თანაგუნდელებს საკუთარი საქმის შესრულებაში ხელს შევუშლიდი.“

„თუმცა ასეთ გარდამავალ პერიოდში ვარჯიში, თამაშზე უფრო მარტივია. ამ დროს შენ „დახურულ კარს“ მიღმა ხარ, სადაც შენი თანაგუნდელების უმეტესობას შენი ესმის და სტრესის დაძლევაში სხვადასხვა ხუმრობებით გეხმარებიან.“

„იმედი მაქვს ჰარი „ტოტენჰემთან“ ერთად ვარჯიშს განაახლებს, ამის შემდეგ კი ყველაზე რთული და საინტერესო ეტაპი - მატჩები დაიწყება.“

„თუ ტრანსფერი განხორციელდება, ვფიქრობ ეს სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე რამდენიმე დღით ადრე მოხდება. ვისურვებდი რომ ეს უფრო სწრაფად მოხდეს, რადგან ნამდვილად არ მსურს ვარჯიშების შემდეგ, კეინმა მატჩების ბოიკოტირებაც დაიწყოს.“

 „ტოტენჰემის“ აღმასრულებელი დირექტორი, დენიელ ლევი კეინის სანაცვლოდ 160 მილიონ ფუნტს ითხოვს, რაც ბერბატოვის თქმით, კლუბის მსგავსი მიდგომა სრულიად მისაღებია.

„ლევის ადგილას რომ ვყოფილიყავი მეც ასე მოვიქცეოდი. ის საკუთარი გუნდისთვის იბრძვის. კეინი კი საკუთარ სახლშია და მსოფლიო ვარსკვლავია. მისი გადაწყვეტილება ბევრ გულშემატკივარს იმედებს გაუცრუებს. მისი ეს გადაწყვეტილება ზოგს ესმის, ზოგი კი ვერასდროს გაიგებს. ფეხბურთი დაუნდობელია და კეინის ტრანსფერი იმაზე მტკივნეული იქნება ვიდრე ჩემი.“

ჰარი კეინს „ტოტენჰემთან“ კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებს. ის „ტოტენჰემის“ ყველა დროის, ნომერ მეორე საუკეთესო ბომბარდირია. მანდ „დეზების“ მაისურით 336 შეხვედრაში 221 გოლი გაიტანა. სხვადასხვა უცხოური სპორტული გამოცემების ცნობით, „მანჩესტერ სიტი“ კეინის ტრანსფერში დიდი თანხის გადახდას აპირებს. თუ ტრანსფერი შედგა კეინისთვის „ტოტენჰემში“ გატარებული 12 წლიანი პერიოდი დასრულდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები