ტალახაძის 3 მსოფლიო რეკორდი და ოქრო - გამოხმაურებები და მილოცვები
Aa
Aa

ტალახაძის 3 მსოფლიო რეკორდი და ოქრო - გამოხმაურებები და მილოცვები

ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ქართველი გულშემატკივრებისთვის ნანატრი დღე დადგა - ფიცარნაგზე მსოფლიოს უძლიერესი ადამიანი, ლაშა ტალახაძე წარსდგა, რომელმაც როგორც მოსალოდნელი იყო ოლიმპიური ოქროს მედალი არავის დაუთმო.

ლაშა ტალახაძემ ტოკიოში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე ბრწყინვალედ იასპარეზა და ქართველ გუშემატკივარს სიურპიზები შესთავაზა - ქართველმა ძალოსანმა ოლიმპიური ჩემპიონობა მეორედ იზეიმა და ამასთან ერთად, 3 ოლიმპიური და მსოფლიო რეკორდი დაამყარა. მწვრთნელმა, გიორგი ასანიძემ ჩემპიონისთვის სარეკორდო წონები შეარჩია, რისი დაძლევაც ტალახაძემ უპრობლემოდ შეძლო და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ პლანეტაზე უძლეველი ძალოსანია (223 კგ, 265 კგ, 488 კგ). 

საქართველოს პრეზიდენტი - სალომე ზურაბიშვილი

„ლაშა მსოფლიო რეკორდსმენი და ოლიმპიური ჩემპიონია! მადლობა, ლაშა!"

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

„პლანეტის უძლიერესი ძალოსანი ოლიმპიური ჩემპიონია! მორიგი მსოფლიო და ოლიმპიური რეკორდები ლაშა ტალახაძისგან.

თითოეულ ქართველს ამ დიდ გამარჯვებას გილოცავთ".

თბილისის მერი - კახა კალაძე

„კიდევ ერთხელ - ლაშა ტალახაძე მსოფლიო რეკორდსმენი და ოლიმპიური ჩემპიონია!

გილოცავთ, ლაშა! ვულოცავ საქართველოს!"

 

დინამო თბილისი

„გილოცავთ!

ლაშა ტალახაძემ მორიგი მსოფლიო რეკორდები დაამყარა და ოლიმპიური ჩემპიონის ტიტული მოიპოვა".

საბურთალო

„ლაშა ტალახაძე ორგზის ოლიმპიური ჩემპიონია!

გილოცავთ სრულიად საქართველოს ტოკიოს ოლიმპიადაზე მოპოვებულ მე-2 ოქროს მედალს!"

პრემიერ-მინისტრი - ირაკლი ღარიბაშვილი

„გამარჯვება, რომელსაც ყველა ველოდით!

მსოფლიო სპორტის ლეგენდა ლაშა ტალახაძე, უკვე მეორედ, ოლიმპიური ჩემპიონია და დაამყარა მსოფლიოს ორი ახალი რეკორდი!

ვულოცავ ლაშას და სრულიად საქართველოს!"

 

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი

„ახალი ოლიმპიური და მსოფლიო რეკორდი დამყარებულია!

ლაშა ტალახაძე (ძალოსნობა, +109 კგ.)ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ჩემპიონია!"

შეგახსენებთ, რომ ქართული დელეგაციის ანგარიშზე 7 მედალია: მათ შორის 2 ოქრო (ლაშა ბექაური, ლაშა ტალახაძე), 4 ვერცხლი (ვაჟა მარგველაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი, გურამ თუშიშვილი, იაკობ ქაჯაია) და 1 ბრინჯაო (ანტონ პლესნოი).

ასპარეზობები ტოკიოში 23 ივლისს დაიწყო და  8 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება. პანდემიის მიზეზით ერთი წლით გადადებულ ოლიმპიურ თამაშებში, მონაწილეობას სულ 205 ქვეყნის 11 000-ზე მეტი სპორტსმენი მიიღებს.

აქტივობები ტოკიოს 42 მოედანზე იმართება, რაც რეკორდული მაჩვენებელია.

გეტყვით იმასაც, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ოლიმპიური ჩემპიონი ოქროს მედლის გარდა,  1 000 000 ლარით დაჯილდოვდება.

ცხელი ამბები