დინამო ბათუმი სივასპორის წინააღმდეგ გასვლით მატჩს გულშემატკივართან ერთად ჩაატარებს
Aa
Aa

დინამო ბათუმი სივასპორის წინააღმდეგ გასვლით მატჩს გულშემატკივართან ერთად ჩაატარებს

ოთხი ქართული კლუბიდან ევროტურნირები მხოლოდ „დინამო" ბათუმისთვის გრძელდება.

კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე, ბათუმი არენაზე, მინიმალური მარცხის შემდეგ (1-0), გია გეგუჩაძის გუნდმა ბელარუსში,  „ბატეს" დამაჯერებელი ანგარიშით - 1-4 მოუგო (ორი მატჩის ჯამში - 2-4) და კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე „სივასპორს" (თურქეთი) დაუპირისპირდება.

როგორც გაირკვა, „დინამო" ბათუმი თურქეთში გულშემატკივრის გარკვეული რაოდენობის წაყვანას გეგმავს და აღნიშნული საკითხის ორგანიზება უკვე დაწყებულია. ეს ინფორმაცია გუნდის პრეზიდენტმა, არჩილ ბერიძემ ტელეკომპანია იმედის („სპორტი იმედზე") ეთერით გაავრცელა:

„კლუბებს შორის მოლაპარაკება მიმდინარეობს. ვფიქრობთ, რომ  გულშემატკივრის გარკვეული რაოდენობა გასვლით მატჩზე წავიყვანოთ, მითუმეტეს, თურქეთამდე არც ისე შორია. უდიდესი ალბათობით, ეს საკითხი დადებითად გადაწყდება და გულშემატკივრის გარკვეული ნაწილი დინამო ბათუმს უშუალოდ სტადიონიდან გაამხნევებს".

ფოტოები: დინამო ბათუმი

კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე „დინამო" ბათუმი პირველ მატჩს სახლში, 5 აგვისტოს ჩაატარებს. შეხვედრა ბათუმი არენაზე, 21:00 საათიდან დაიწყება. ხოლო, გუნდების საპასუხო მატჩი სტუმრად, 12 აგვისტოს შედგება და სტარტს 22:00 საათიდან აიღებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები