ზოიძე: ''მაისაშვილი ამ მდგომარეობაში ანტივაქსერულმა პროპაგანდამ ჩააგდო''
Aa
Aa

ზოიძე: ''მაისაშვილი ამ მდგომარეობაში ანტივაქსერულმა პროპაგანდამ ჩააგდო''

საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობის წევრმა ზურაბ ზოიძემ ლევან მაისაშვილის მძიმე მდგომარეობასთან დაკავშირებით ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა. მისი თქმით ანტივაქსერული პროპაგანდის ზეგავლენამ ჩააგდო ასეთ მდგომარეობაში ''ბორჯღალოსნების'' მთავარი მწვრთნელი, რომელიც 10 დღეზე მეტია, რაც კორონავირუსით ინფიცირების გამო სამხრეთ აფრიკის ერთ-ერთ კლინიკაშია და სიცოცხლისთვის იბრძვის.

''რამდენიმე დღეა გული მეწვის და არც შემიძლია არ დავწერო. ახლა, ამ წუთებში, როდესაც მძიმე მდგომარეობაში მყოფი ''ბორჯღალოსნების'' მწვრთნელი ლევან მაისაშვილი სიცოცხლისათვის იბრძვის სამხრეთ აფრიკაში, მისი ეს მდგომარეობა ჩემს პირად პასუხისმგებლობადაც მიმაჩნია, რადგანაც რაგბის გამგეობის წევრი ვარ და არ მიცდია მისი დარწმუნება ვაქცინაციის აუცილებლობაში.

ანტივაქსერული პროპაგანდის ზეგავლენამ ჩააგდო ამ მდგომარეობაში ეს უნიჭიერესი. ბიჭი, რომელსაც იმედით უყურებს მთელი საქართველოს სარაგბო ოჯახი. მეიმედება, რომ ლევანი გაიმარჯვებს სიცოცხლისათვის ბრძოლაში და ბოლომდე აღიდგენს ჯანმრთელობას, რომ მომავალშიც გაუძღვეს ბორჯღალოსნებს დიდი გამარჯვებებისაკენ.

ღირდა კი ამდენი რამის, მათ შორის საკუთარი კარიერის სასწორის პინაზე შეგდება? როდის მორჩება ეს ანტივაქსერული "რუსული რულეტი"? ვინ იქნება შემდეგი, ვინ აიხდის თავის ქალას? ერთი რამ ვიცი, სპორტის სფეროში მოღვაწე ხალხისთვის ვაქცინაცია სავალდებულო რომ ყოფილიყო, ასეთ რთულ მდგომარეობაში არ ჩავვარდებოდით და ხელოვნურ კომაში მყოფი ლევანი სუნთქვის აპარატზე მიერთებული არ იქნებოდა. ახლა მის გადასარჩენად არსენალში მხოლოდ სამხრეთაფრიკელი ექიმების პროფესიონალიზმი და მისთვის ლოცვაღა გვაქვს დარჩენილი. თუ ეს პოსტი ვინმე ვაქცინირებაზე მოჭოჭმანე ადამიანს გამოადგება გადაწყვეტილების მიღებაში, ბედნიერ ადამიანად ვიგრძნობ თავს''.

მოგეხსენებათ, კორონავირუსით ინფიცირების გამო, 9 ივლისს დაგეგმილი სამხრეთ აფრიკა - საქართველოს მატჩი ჩაიშალა. ამავე მიზეზით 17 ივლისს, დინამო არენაზე საქართველო-შოტლანდიის დაპირისპირებაც არ შედგა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები