„ძიუდო სწორედ ესაა
Aa
Aa

„ძიუდო სწორედ ესაა" - IJF თუშიშვილზე წერს

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის ოფიციალურმა ვებგვერდმა, Ijf.org-მა ტოკიოს ტატამზე დღეს განვითარებული მოვლენები შეაფასა. ბუნებრივია, სტატიაში გურამ თუშიშვილიც ახსენეს, რომელიც ფინალურ დაპირისპირებაში ლუკაშ კრპალეკთან დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა.

„ეს სცენარი წინასწარ დაწერილი ნამდვილად არ ყოფილა. თუშიშვილმა უპირატესობა მოიპოვა და კრპალეკი 2-ჯერ გააფრთხილეს. კიდევ ერთი შიდო და ოქროს მედალი საქართველოში წავიდოდა, მაგრამ ძიუდო და ზოგადად სპორტი საოცარი სწორედ ამიტომაა. რამდენიმე წამის შემდეგ, კრპალეკმა ვაზარი მიითვალა და მეტოქე მაშინვე შებოჭა.

„ფინალურ შეხვედრამდე თუშიშვილს 2-ჯერ ვყავდი დამარცხებული და გეგმა მქონდა, რომელიც რთული იყო, მაგრამ საბოლოოდ, გამარჯვება მოვიპოვე“, - განაცხადა ოლიმპიადის ტრიუმფატორმა.

ნახევარფინალში თუშიშვილი ტამერლან ბაშაევს შეერკინა, რომელმაც ტედი რინერს აჯობა. ბაშაევმა ნახევარფინალი მეტოქისთვის სრული კონტროლის მიცემით დაიწყო. ტრიბუნებიდან შეგეძლოთ გაგეგონათ ფრაზა „შიდო თეთრს“, მაგრამ ქართველი ძიუდოისტის ერთ-ერთ შეტევას ბაშაევის კონტრშეტევა მოჰყვა და იგი წინ გაიჭრა. შეხვედრის დასრულებამდე ერთი წუთით ადრე, თუშიშვილმა შეუტია და კოშივაზათი ვაზარი მიითვალა, შერკინება კი შესანიშნავ სტილში შესრულებული ძლიერი კონტრშეტევით დაასრულა. ძიუდო სწორედ ესაა და თუშიშვილი ფინალში გავიდა“.

შეგახსენებთ, რომ ქართველმა ძიუდოისტებმა ოლიმპიადაზე ასპარეზობა 1 ოქროსა და 3 ვერცხლის მედლით დაასრულეს. ოლიმპიადის გამარჯვებული ლაშა ბექაური გახდა, ხოლო თუშიშვილმა, მარგველაშვილმა და შავდათუაშვილმა მეორე ადგილები დაიკავეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები