ალეგრი:
Aa
Aa

ალეგრი: "რონალდუს გუნდში ყოფნით ბედნიერი ვარ"

2-წლიანი პაუზის შემდეგ მასიმილიანო ალეგრი „იუვენტუსში“ დაბრუნდა და 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. გულშემატკივრებს ძალიან აინტერესებთ როგორი იქნება კრიშტიანუ რონალდუს და იტალიელი სპეციალისტის ურთიერთობა, რადგან წარსულში მასიმილიანომ პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი მწვავედ გააკრიტიკა და იუვეს მისი გაშვება ურჩია.

ალეგრიმ „ბიანკონერიში“ დაბრუნების შემდეგ პირველი პრესკონფერენცია გამართა, სადაც საინტერესო დეტალებზე ისაუბრა, მათ შორის კრიშტიანუ რონალდუზე.

რა თქვა ალეგრიმ?

რონალდუ დიდი ფეხბურთელი და ჭკვიანი ბიჭია. მე მას გუშინ ვესაუბრე. ვუთხარი, რომ წინ მნიშვნელოვანი სეზონი გველოდება და ბედნიერი ვარ მისი ტურინში ყოფნით. კრიშტიანუს ახლა უფრო მეტი პასუხისმგებლობა აქვს, რადგან 3 წლის წინ უფრო გამოცდილი გუნდი გვყავდა. ახლა კი ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელით მოგვიწევს თამაში.

პასუხისმგებლობას სხვა ფეხბურთელებისგანაც ველოდები. პორტუგალიელი ახლა შესანიშნავ ფიზიკურ ფორმაშია. სეზონში სხვადასხვა მომენტები არსებობს. შესაძლოა სამ დღეში ერთხელ მოგიწიოს თამაშმა. ამის გამო როტაცია დამჭირდება და ყველა ფეხბურთელი მზად უნდა იყოს.

დიბალა ფიზიკურად და გონებრივად შესანიშნავი ფეხბურთელია. მას სეზონში 20 ან 25 გოლის გატანა შეუძლია. არგენტინელს ჯარიმების შესრულება კარგად შეუძლია და ნებისმიერ დროს ძალუძს ანგარიშის შეცვლა. გამოცდილების მხრივ, მას შეუძლია გახდეს ვიცე-კაპიტანი, რადგან ბონუჩიმ კლუბი დატოვა და შემდეგ ისევ დაბრუნდა.

პაულოსგან ბევრს ველოდები. მას ვესაუბრე და ძალიან მოტივირებულია. დიბალას უდიდესი ენთუზიაზმი გააჩნია და ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ ეს არის. მადლობა მინდა მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტს ფლორენტინო პერესს ვუთხრა, რადგან მან „ბლანკოსში“ მუშაობა შემომთავაზა. ეს ძალიან სასიამოვნოა, თუმცა მე „იუვენტუსი“ მიყვარს და აქ სწორედ ამიტომ დავბრუნდი.“

შეგახსენებთ, რომ მასიმილიანო ალეგრი 2 წლის წინ „ბებერი ქალბატონიდან“ დაითხოვეს. იტალიელი სპეციალისტი მაურიციო სარიმ ჩაანაცვლა, თუმცა 1 წლის შემდეგ კლუბში მთავარ მწვრთნელად პირლო დაინიშნა. ყოფილი ფეხბურთელის სათამაშო ტაქტიკა და შედეგები ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებდა და სეზონის დასრულების შემდეგ ანდრეა დაკავებული თანამდებობიდან გადააყენეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები