სლოვენიელი ჯადოქრის დებიუტი - ლუკა დონჩიჩმა არგენტინას 48 ქულა ჩაუგდო
Aa
Aa

სლოვენიელი ჯადოქრის დებიუტი - ლუკა დონჩიჩმა არგენტინას 48 ქულა ჩაუგდო

„დალას მავერიქსის“ სუპერვარსკვლავმა, ლუკა დონჩიჩმა ოლიმპიადის ეგიდით სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა და ისტორიული მატჩი ჰქონდა. სლოვენიელმა კალათბურთელმა არგენტინის ნაკრების წინააღმდეგ გაიბრწყინა და საკუთარი გუნდის წარმატებაში უდიდესი წვლილი შეიტანა.

ლუკამ პარკეტზე 31 წუთი და 7 წამი გაატარა და აქტივში 48 ქულა, 11 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა და 3 დაფარება ჩაიწერა. ბოლო 33 წლის განმავლობაში დონჩიჩი პირველია, ვინც ოლიმპიადაზე 48 ქულა ჩააგდო, ოლიმპიადის ისტორიაში კი ამაზე უკეთესი შედეგი მხოლოდ ერთ კალათბურთელს, ოსკარ შმიდტს აქვს - 55 ქულა.

აღსანიშნავია ისიც, რომ ანგარიშიდან გამომდინარე, ლუკამ მეოთხე მეოთხედის ბოლო 5 წუთი სათადარიგოთა სკამზე გაატარა, თორემ რეკორდის შესანიშნავი შანსი ჰქონდა.

დონჩიჩის გარდა, სლოვენიის ნაკრების რიგებში 22 ქულით პრეპელიჩი გამოირჩა, კანჩარსა და ტობის კი 12 და 11 ქულა ჰქონდათ. არგენტინას 23 ქულით ლუის სკოლამ ულიდერა. კამპაცოს 21 ქულა ჰქონდა. დეკმა 17 ქულა და 8 მოხსნა მიითვალა, ხოლო ლაპროვიტოლა 8 ქულასა და 2 შედეგიან გადაცემას დასჯერდა. მატჩს რაც შეეხება, სლოვენიამ პირველი ტაიმი 20 ქულით მოიგო და საქმის ბოლომდე მიყვანა არ გასჭირვებია - 118-100.

ცნობისთვის, დონჩიჩი და კომპანია მომდევნო შეხვედრას 29 ივლისს გამართავენ და იაპონიას დაუპირისპირდებიან, არგენტინა კი ესპანეთს გაეჯიბრება.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები