Aa
Aa

"ჩვენი წარსული, აწმყო და მომავალი" - სულშერმა გაახანგრძლივა

ოლე გუნარ სულშერმა „მანჩესტერ იუნაიტედთან“ კონტრაქტი 2024 წლამდე გაახანგრძლივა. ამის შესახებ ინფორმაცია „წითელი ეშმაკების“ ოფიციალურმა ვებ-საიტმა გაავრცელა. ხელშეკრულების მიხედვით, 2024 წლის შემდეგ კონტრაქტის გახანგრძლივება კიდევ იქნება შესაძლებელი. "ჩვენი წარსული, აწმყო და მომავალი" - ასე შეაფასა კლუბის "ტვიტერის" ოფიციალურმა ვებ-გვერდმა ეს ამბავი.

ამასთან დაკავშირებით ედ ვუდვორდმა კომენტარი გააკეთა.

„ოლემ და მისმა სტაფმა დაუღალავად იმუშავეს იმისთვის, რომ კლუბმა წარმატების საფუძვლები იპოვოს. ბოლო ორი სეზონის განმავლობაში მისი შედეგები უფრო თვალსაჩინო გახდა. ჩვენ ყველა მოუთმენლად ველით ამ გუნდის კიდევ უფრო განვითარებას.

განსაკუთრებით სასიხარულოა გზა, რომლითაც ამ პროგრესს მივაღწიეთ. აქცენტი ჩვენს აღზრდილ ფეხბურთელებზე კეთდება და ამას გამოცდილი მოთამაშეები ემატებიან. დარწმუნებულები ვართ ისე, როგორც არასდროს, რომ სულშერის ხელმძღვანელობით სწორი მიმართულებით მივდივართ.“

რა თქვა სულშერმა ?

„ყველამ კარგად იცის, თუ რას ვგრძნობ ამ კლუბის მიმართ. მოხარული ვარ, რომ კონტრაქტი გავახანგრძლივე. „მანჩესტერ იუნაიტედისთვის“ ახლა საინტერესო პერიოდი დგას. ჩვენ ავაშენეთ გუნდი, რომელშიც აკადემიის აღზრდილი და გამოცდილი ფეხბურთელები ირიცხებიან. მათ კი წარმატების მიღწევის წყურვილი აქვთ.

გარშემო ფანტასტიკური სამწვრთნელო შტაბი მყავს და ჩვენ ახალი ნაბიჯების გადასადგმელად მზად ვართ. „მანჩესტერ იუნაიტედს“ დიდი და მნიშვნელოვანი ტურნირების მოგება სურს. ჩვენ სწორედ ამისთვის ვმუშაობთ.“

შეგახსენებთ, რომ ოლე გუნარ სულშერი „წითელ ეშმაკებს“ 2018 წლის დეკემბერში ჩაუდგა სათავეში. ჯერჯერობით ნორვეგიელმა სპეციალისტმა მანჩესტერულ გრანდს ტიტული ვერ მოაგებინა. აღსანიშნავია, რომ კლუბი გასული სეზონის ევროპის ლიგის ფინალში გავიდა, თუმცა სევილიასთან დამარცხდა.

სულშერი ჯამში „მანჩესტერ იუნაიტედს“ ყველა ტურნირზე ერთად 151-ჯერ გაუძღვა. 84 გამარჯვება, 34 ფრე და 33 მარცხი - ასეთია ნორვეგიელის მანჩესტერული სტატისტიკა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები