„ამ ტრანსფერს ჯერ არ ველოდი, რადგან მძიმე ტრავმა მქონდა
Aa
Aa

„ამ ტრანსფერს ჯერ არ ველოდი, რადგან მძიმე ტრავმა მქონდა" - გიორგი კოხრეიძე

„საბურთალოს” ყოფილმა კაპიტანმა და ლიდერმა, გიორგი კოხრეიძემ კლუბი რამდენიმე კვირის წინ დატოვა და კარიერას საფრანგეთში, „გრენობლის” შემადგენლობაში გააგრძელებს.

საფრანგეთის ლიგა 2-ის გუნდმა ქართველი ლეგიონერი უკვე წარადგინა.

გარემოზე

„ეს ყველაფერი ალიან თბილ გარემოში მოხდა. ოფიციალური წარდგენის შემდეგ სტადიონი დამათვალიერებინეს, რომელმაც ჩემზე დიდ შთაბეჭდილება მოახდინა. გაიხსენეს ჩემს მიერ გატანილი გოლი საფრანგეთის 21-წლამდე ნაკრების კარში. ასევე, გამაცნეს ფან-კლუბი, რომლებიც წარმატებასა თუ გასაჭირში, გუნდს ყოველთვის გვერდში უდგას".

მიზნებზე

„პირველი მატჩი და ზოგადად, ჩემპიონატის სტარტი, ყოველთვის ჭირს, თუმცა მასპინძლები ვართ და ბუნებრივია, სამ ქულას ვგეგმავთ. რამდენიმე ტურს გამოვტოვებ, შემდეგ გუნდს მეც შევუერთდები და იმ მიზნების მიღწევაში დავეხმარები, რომელიც აქვს. გრენობლის უძლიერესთა რიგებში დაბრუნება სურს და ამის შესაძლებლობა ნამდვილად  გააჩნია. შარშანდელი ბირთვი შენარჩუნებულია. იცით, რომ გასულ წელს ფლეი-ოფში დამარცხდა, არადა, მიზანთან ახლოს იყო.

უკეთ ვარ, თუმცა ჯერ კიდევ ინდივიდუალური პროგრამით ვვარჯიშობ. სავარაუდოდ 10 დღეში გუნდთან ერთად  საწვრთნელ პროცესს დავიწყებ. მეუბნებიან, 40 დღეში უკვე თამაში შემეძლება, მაგრამ ყველაფერი მაინც ჩემს ჯანმრთელობაზეა დამოკიდებული".

ტრანსფერზე

„სიმართლე გითხრათ, ასე უცებ წასვლას არ ველოდი, რადგან მძიმე ტრავმა მქონდა. რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ დავიწყე თამაში, მაგრამ ისევ გამიმიზეზდა. როდესაც ეს ვარიანტი გამოჩნდა, ინდივიდუალურად უკვე ვვარჯიშობდი.

გრენობლში რომ ჩავირიცხე, საბურთალოს ხელმძღვანელების უდიდესი დამსახურებაა. ძალიან დამეხმარნენ და  ხელი შემიწყვეს. საბურთალოსთან ბევრი კარგი მოგონებები მაკავშირებს, რომელიც არასდროს დამავიწყდება. მადლობა ხელმძღვანელებს, მწვრთნელებს, ფეხბურთელებსა და ყველა იმ ადამიანს, რომელთან ერთადაც მიმუშავია.

საბურთალო ტრადიციას აგრძელებს და ნიჭიერ სპორტსმენებს გზას ჯერ პირველ გუნდში უხსნის , შემდეგ კი ევროპაში".

ოცნებაზე

„ყველა ასაკობრივ ნაკრებში მაქვს ნათამაშები. ახლა, ჩემი ოცნებაა მოვხვდე ეროვნულ ნაკრებში. რა თქმა უნდა, იქამდე კიდევ ბევრი მაქვს სამუშაო, მაგრამ არც ეს დღეა შორს.

იმედია, მალე ჩავდგები ჩვეულ ფორმაში, დავიმსახურებ გამოძახებას და ავიხდენ ოცნებას".

გასულ სეზონში „გრენობლი"  ლიგა 2-ში მე-4 ადგილზე გავიდა, ლიგა 1-ში აღზევებისთვის იბრძოდა, თუმცა პლეი-ოფში დამარცხდა. სეზონის დასრულების შემდეგ, კლუბის მთავარი მწვრთნელი შეიცვალა, ფილიპ ჰინშბერგერი წავიდა და თანამდებობაზე მაურიციო იაკობაჩი დაინიშნა, რომელსაც სამწვრთნელო კარიერის დიდი ნაწილი შვეიცარიულ კლუბებში აქვს გატარებული.

კოხრეიძე კი „საბურთალოსთან" ერთად საქართველოს ჩემპიონი (2018), თასის მფლობელი (2019) და სუპერთასის (2020) გამარჯვებული გახდა.

მომზადებულია საბურთალოს ოფიციალური ვებგვერდის მიხედვით

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები