როდის უბრუნდება გულშემატკივარს ევროპის TOP 5 ჩემპიონატი?
Aa
Aa

როდის უბრუნდება გულშემატკივარს ევროპის TOP 5 ჩემპიონატი?

მიმდინარე ზაფხული საკმაოდ დატვირთულია. გულშემატკივრმა კორონავირუსის პანდემიის მიზეზით გადადებული პრესტიჟული სანაკრებო ტურნირი, ევრო 2020 იხილა, ამ ეტაპზე კი თვალს ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებს ადევნებს, თუმცა ფეხბურთის გულშემატკივრისთვის განაკუთრებით საინტერესო მაინც ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატის დაბრუნებაა, რომელიც სტარტს დაახლოებით 2 კვირაში აიღებს.

6 აგვისტო - საფრანგეთის ლიგა 1 

ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატიდან გულშემატკივარს პირველი საფრანგეთის ლიგა 1 6 აგვისტოდან დაუბრუნდება. ტურისა და საერთოდ 2021/2022 წლის გათამაშების სასტარტო შეხვედრაში ერთმანეთს „მონაკო" და „ნანტი", თბილისის დროით 23:00 საათიდან დაუპირისპირდებიან.

ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი „ლილი" პირველ მატჩს 8 აგვისტოს, სტუმრად, „მეცის" წინააღმდეგ, სეინტ-სიმფორიენზე, ჩაატარებს. აღნიშნული შეხვედრა ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესო იქნება, რადგან „მეცში" საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი, გიორგი მიქაუტაძე დაბრუნდა.

13 აგვისტო - გერმანიის ბუნდესლიგა

გერმანული ფეხბურთის გულშემატკივარს გერმანიის ბუნდესლიგა 13 აგვისტოს, ქვეყნის მოქმედი ჩემპიონის მატჩით დაუბრუნდება.

შეხვედრა ბორუსია პარკზე, „გლადბახსა" და მიუნხენის „ბაიერნს" შორის თბილისის დროით 22:30 საათიდან დაიწყება, რომელიც პირველი ოფიციალური მატჩი იქნება მიუნხენის „ბაიერნის" ახალი მთავარი მწვრთნელის, იულიან ნაგელსმანისთვის.

ეს დღის ერთადერთი შეხვედრაა, თუმცა 14 აგვისტო დატვირთული იქნება: „არმინია" „ფრაიბურგს" უმასპინძლებს, „ვოლფსბურგი" - „ბოხუმის" შეხვდება, „უნიონი" - „ლევერკუზენს", ხოლო „დორტმუნდი" - „აინტრახტს" უმასპინძლებს.

13 აგვისტო - ესპანეთის ლა ლიგა

13 აგვისტოს, გულშემატკივარი შეძლებს გერმანიის ბუნდელიგის გარდა თვალი ესპანეთის ლა ლიგასაც ადევნოს.

ამ დღეს, ტურნირის 2021/2022 წლების სეზონი თბილისის დროით 23:00 საათიდან დაიწყება. გათამაშების პირველი მატჩი „ვალენსიასა" და „ხეტაფეს" შორის შედგება.

მოგეხსენებათ, „ვალენსიას" თბილისის „ლოკომოტივიდან" (იჯარა/„დინამო" თბილისი) საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე, გიორგი მამარდაშვილი შეუერთდა, მისი დებიუტი „ვალენსიას" მთავარ გუნდში უკვე შედგა, რასაც ადგილობრივი El Desmarque ასე გამოეხმაურა:

„იგი მესამე მეკარის ფუნქციებს შეითავსებს და ხან სარეზერვო გუნდში იქნება, ხან - ძირითადში, თუმცა თუ ასე თამაში განაგრძო, ღამურები ცვლილებების გატარებაზე მინიმუმ საუბარს მაინც დაიწყებენ.

ვალენსიას ფანები დარწმუნდნენ, რომ მამარდაშვილი მესტალიაზე მხოლოდ იმიტომ არ გადასულა, რომ სათადარიგოთა სკამზე იჯდეს და სხვების ალტერნატივა იყოს. მას ძირითად შემადგენლობაში ადგილის დამკვიდრება სურს და ეს პირველივე დღეს აჩვენა”.

14 აგვისტოს, „კადისისა" და „ლევანტეს" შეხვედრაა ჩანიშნული. მოგეხსენებათ, „ლევანტეში" კიდევ ერთი ქართველი ლეგიონერი - გიორგი ქოჩორაშვილი ასპარეზობს.

13 აგვისტო - ინგლისის პრემიერლიგა

13 აგვისტო დატვირთული იქნება - გერმანიის ბუნდესლიგისა და ესპანეთის ლა ლიგის გარდა, საქმეში ინგლისის პრემიერლიგაც ჩაერთვება.

ტურის გახსნითი შეხვედრა ლონდონში შედგება, სადაც „ბრენტფორდი" „არსენალს" უმასპინძლებს.

ქვეყნის ჩემპიონი, მანჩესტერ „სიტი" 2021/2022 წლების სეზონის პირველ მატჩს 15 აგვისტოს, „ტოტენჰემის" წინააღმდეგ გამართვს, თუმცა იქამდე, არაერთი სხვა საინტერესო შეხვედრა იქნება: 14 აგვისტოს „იუნაიტედი" „ლიდსს" უმასპინძლებს. 14 აგვისტოს გაიმართება „ჩელსისა" და „კრისტალ პალასის" მატჩიც, ასევე „ნორვიჩისა" და „ლივერპულის" შეხვედრა.

21 აგვისტო - იტალიის სერია ა

ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატიდან ყველაზე ბოლოს იტალიის სერია ა განახლდება.

იტალიის რანგით უმაღლესი ლიგის, სერია ა-ს 2021/2022 წლების სეზონს „ვერონა" - „სასულოს" შეხვედრა და ქვეყნის მოქმედი ჩემპიონის - „ინტერი" „ჯენოას" დაპირისპირება გახსნის. ორივე მატჩი პარალელურ დროს, თბილისის დროით 20:30 საათიდან დაიწყება.

ტურის მეორე დღეს, ასევე იდენტურ დროს, 20:30 საათიდან „იუვენტუსი" „უდინეზეს" ესტუმრება, ხოლო „მილანი" „სამპდორიას" 23 აგვისტოს, 22:45 საათიდან დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები