ლიპარტელიანი :
Aa
Aa

ლიპარტელიანი : "თუ წარმატებაზე ფიქრობ მაშინ მზად უნდა იყო ყველასთან საბრძოლველად"

საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნულმა ნაკრებმა ტოკიოში, ზაფხულის XXXII ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე მორიგი ვარჯიში გამართა. საქართველოს ნაკრებმა არასრული შემადგენლობით ძიუდოს კოდოკანის დარბაზში ივარჯიშა, რომელსაც ოლიმპიური თამაშების მონაწილე ძიუდოისტები საწვრთნელ პროცესში იყენებენ.

ტოკიოში დღეს ოფიციალურად იხსნება ზაფხულის ოლიმპიური თამაშები და 24 ივლისიდან შეჯიბრებებში ძიუდოისტებიც ჩაერთვებიან. ოლიმპიადის პირველ საშეჯიბრო დღეს ლუხუმ ჩხვიმიანი (60 კგ) იჭიდავებს, რომელიც ოლიმპიადაზე მეორე წრიდან ჩაერთვება და მისი მეტოქე იქნება ბრიტანელ ეშლი მაკკენზისა და აზერბაიჯანელ კარამატ ჰუსეინოვს შორის გამარჯვებული. ვარჯიშის დასრულების შემდეგ ეროვნული გუნდის კაპიტანმა ვარლამ ლიპარტელიანმა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს პრესსამსახურთან გუშინ გამართული კენჭისყრის შედეგები შეაფასა და ოლიმპიადის შესახებ ისაუბრა. 

ვარლამ ლიპარტელიანი (ძიუდოს ნაკრების კაპიტანი): „კენჭისყრის შედეგები გარკვეულწილად ვიცოდით რეიტინგში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე და დიდად არც გაგკვირვებია. ეს ოლიმპიადაა და თუ წარმატებაზე ფიქრობ მაშინ მზად უნდა იყო ყველასთან საბრძოლველად. ნებისმიერი მეტოქე დასაფასებელია და მაქსიმალური კონცენტრაციაა საჭირო თითოეულ მეტოქესთან დაპირისპირებისთვის. საერთოდ კი ერთ-ერთი გამორჩეული ნაკრები გვყავს, რომელიც ძლიერი ძიუდოისტებით არის დაკომპლექტებული აბსოლუტურად ყველა წონაში და, რა თქმა უნდა, იმედიანად ვართ განწყობილები. ოლიმპიადაზე ყველას წარმატება მინდა ვუსურვო და არამარტო ძიუდოისტებს. ხვალ იწყებს ასპარეზობას სანდრო ბაზაძე, ნიკოლოზ ბასილაშვილი და ბევრი სხვა სპორტის სახეობის წარმომადგენელი. საქართველოს ოლიმპიური გუნდის თითოეულ წევრს გამარჯვებას ვუსურვებ“.

 

მომზადებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ფეისბუქ გვერდის მიხედვით

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები