ტოკიო 2020 - ძიუდოს ნაკრებმა კოდოკანის დარბაზში ივარჯიშა
Aa
Aa

ტოკიო 2020 - ძიუდოს ნაკრებმა კოდოკანის დარბაზში ივარჯიშა

საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნულმა ნაკრებმა ტოკიოში, ზაფხულის XXXII ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე მორიგი ვარჯიში გამართა. საქართველოს ნაკრებმა არასრული შემადგენლობით ძიუდოს კოდოკანის დარბაზში ივარჯიშა, რომელსაც ოლიმპიური თამაშების მონაწილე ძიუდოისტები საწვრთნელ პროცესში იყენებენ.

ჩვენი გუნდის ვარჯიშის მიმდინარეობისას კოდოკანის დარბაზს არაერთი ნაკრები ესტუმრა, მათ შორის ესპანეთის ძიუდოს ნაკრები და მათი ლიდერი, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი ნიკოლოზ შერაზადიშვილი (90 კგ), რომელიც ჩვენი ნაკრების ძიუდოისტებს მიესალმა და ოლიმპიადაზე წარმატებები უსურვა.

ნაკრების მთავარი მწვრთნელის ლაშა გუჯეჯიანის და მწვრთნელთა შტაბის გადაწვეტილებით სავარჯიშო პროცესი ჩაატარეს ლაშა შავდათუაშვილმა (73 კგ), ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) და ვარლამ ლიპარტელიანმა (100 კგ). ნაკრების სხვა წევრებმა დღევანდელი ვარჯიში გამოტოვეს. ძიუდოისტები ოლიმპიური თამაშებისთვის მწვრთნელთა შტაბის მიერ შედგენილი სპეციალური გეგმით ემზადებიან. 

ტოკიოში დღეს ოფიციალურად გაიხსნება ზაფხულის ოლიმპიური თამაშები და 24 ივლისიდან შეჯიბრებებში ძიუდოისტებიც ჩაერთვებიან. ოლიმპიადის პირველ საშეჯიბრო დღეს ლუხუმ ჩხვიმიანი (60 კგ) იჭიდავებს, რომელიც ოლიმპიადაზე მეორე წრიდან ჩაერთვება და მისი მეტოქე იქნება ბრიტანელ ეშლი მაკკენზისა და აზერბაიჯანელ კარამატ ჰუსეინოვს შორის გამარჯვებული. 

ლაშა გუჯეჯიანი (საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი): „ კენჭისყრის შედეგებით კმაყოფილი ვარ. უკეთესს ალბათ ვერც ვისურვებდი. გუნდი გადის აკლიმატიზაციის პროცესს, ბიჭები ჯამრთელად არიან და სრული დატვირთვით ვარჯიშობენ.დღეს მაგალითად გუნდის ნაწილი დავასვენეთ. მთავარია ძიუდოისტებმა ოლიმპიადასთან დაკავშირებული ფსიქოლოგიური წნეხი დასძლიოს. ოლიმპიადაზეც იგივე ხალხი ასპარეზობს ვისაც სხვა შეჯიბრებებიდან კარგად იცნობენ, არაფერი თვისობრივად აქ არ იცვლება, უბრალოდ შეჯიბრს აქვს მაღალი სტატუსი. ამ კონკურენციაში თითოეულ მათგანს უასპარეზია წარმატებით და გამხდარა არაერთი პრესტიჟული ტურნირის გამარჯვებული. იმედი მაქვს, რომ ოლიმპიადაზეც ყველაფერი იქნება ძალიან კარგად“.

ფოტო: საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ფეისბუქ გვერდი

მომზადებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ფეისბუქ გვერდის მიხედვით

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები