სუმოტორს მარიხუანას მოხმარების ფაქტი დაუდგინდა - მას მძიმე სასჯელი ელის
Aa
Aa

სუმოტორს მარიხუანას მოხმარების ფაქტი დაუდგინდა - მას მძიმე სასჯელი ელის

იაპონური სუმოს ასოციაციის განცხადებით, იაპონელმა სუმოტორმა, ტაკაგენჯიმ, რომელიც ჯურიოს დივიზიონში ასპარეზობს, „ნაგოია ბაშოს“ მიმდინარეობისას მარიხუანა მოიხმარა. 24 წლის რიკიშის ტესტი გუშინ ჩაუტარდა და მარიხუანაზე დადებითი პასუხი მოუვიდა.

ტაკაგენჯი თავდაპირველად ყველაფერს უარყოფდა, თუმცა მოგვიანებით, აღიარა, რომ მარიხუანა მოწია. იგი სამართალდამცველებმა უკვე დაკითხეს, გამოძიება დაწყებულია და ამჟამად, ტაკაგენჯი სუმოს ასოციაციის გადაწყვეტილებას ელოდება, რომელიც სავარაუდოდ, ძალიან მკაცრი იქნება.

იაპონური გამოცემების ინფორმაციით, დიდი ალბათობით, 24 წლის სუმოტორი დოჰიოზე ვეღარ გავა. რიკიშის მარიხუანას მოხმარება ეკრძალება და უმეტეს წილად, სასჯელი მათი სუმოდან მოკვეთაა. 2008 წელს, რუსი სეკიტორი, ვაკანოჰო ტოშინორი მარიხუანას შენახვა, მოხმარების ბრალდებით დააკავეს და იგი დიდი სუმოდან მოკვეთეს.

ერთი თვის შემდეგ, იგივე განაჩენი გამოუტანეს როჰო იუკიოსა და ჰაკუროზანს, სუმოს ასოციაციის პრეზიდენტმა კი პოსტი დატოვა. 2009 წელს, ვაკარინი მარიხუანას შენახვისა და მოხმარების ბრალდებით დააკავეს და მას კარიერის დასრულება მოუწია.  

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები