„ნახევარფინალში ერთმანეთთან შეხვედრა უწერიათ
Aa
Aa

„ნახევარფინალში ერთმანეთთან შეხვედრა უწერიათ" - IJF შერაზადიშვილსა და ბექაურზე

23 ივლისს, ტოკიოს ოლიმპიური თამაშები დაიწყება. საქართველოს დელეგაცია იაპონიის დედაქალაქში 35 სპორტსმენით გაემგზავრა, რომელთა შორის 9 ძიუდოისტი გახლავთ. ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის ოფიციალურმა ვებგვერდმა, IJF.com-მა მოახლოებული ტურნირის წინ, სხვადასხვა წონითი კატეგორიის ფავორიტები დაასახელა. ამჯერად, IJF.com-ის ყურადღების ცენტრში 90 კილოგრამი წონითი კატეგორია მოექცა, რომელშიც საქართველოს ღირსებას ლაშა ბექაური დაიცავს და ტატამზე ნიკოლოზ შერაზადიშვილსაც ვიხილავთ.

„ამ წონით კატეგორიაში იგივე მდგომარეობაა, რაც 81 კილოგრაშმი. ერთადერთი განსხვავება ძიუდოისტთა გვარებია. აქ ბევრი გამოკვეთილი ფავორიტი და უამრავი მედლისთვის მებრძოლი ფალავანია და ის, ვინც ვითარებას სათანადოდ არ შეფასებს, პირველივე რაუნდში სახლში წავა.

მაგალითისთვის შეგვიძლია, ნიკოლოზ შერაზადიშვილი მოვიყვანოთ. 2019 წელს, იგი მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს იცავდა, მაგრამ მეორე რაუნდში მსოფლიო რეიტინგში მე-17 ადგილზე მყოფ აქსელ კლარესთან დამარცხდა. ამ დივიზიონში ასეთი რამ ხშირად ხდება და აქ, ძიუდოისტებს თითოეულ რაუნდში სასიკვდილო ხაფანგები ელოდებათ.

შერაზადიშვილი ტოკიოში საჩემპიონო აურით ჩავიდა. მან მსოფლიო ჩემპიონატი მეორედ მოიგო, სამი წელია რეიტინგის სათავეში იმყოფება და არის ადამიანი, რომელიც საკუთარ შეცდომებზე სწავლობს. მისთვის ყველაზე ძნელი ტურნირში ჩართვაა. მისთვის საწყისი შეხვედრები რთულია, რადგან ნერვიულობს, თუმცა წინსვლასთან ერთად, მისი პოტენციალი იზრდება და მას ამ წონაში ყველაზე მომაკვდინებელი უჩი-მატა აქვს.

90 კილოგრამ წონით კატეგორიაში მე-4 ლაშა ბექაური გახლავთ. ქართველი ნიჭიერი ახალგაზრდა, რომელიც 81 კილოგრამში მოასპარეზე ტატო გრიგალაშვილივით ძლიერია. ბექაური 20 წლისაა და თელ ავივში გამართულ ფინალში შერაზადიშვილი დაამარცხა, თუმცა მსოფლიო ჩემპიონატზე გამართულ გუნდურ შეჯიბრებაზე მხარი დაიზიანა. მისი გამოსვლა იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რამდენად კარგად მოიშუშა ტრავმა. მას ნახევარფინალში შერაზადიშვილთან შეხვედრა უწერია, თუმცა მანამდე რთულ მეტოქეებს უნდა სძლიოს“.

შეგახსენებთ, რომ ოლიმპიურ თამაშებზე ძიუდო 24 ივლისს დაიწყება და 31 ივლისს დასრულდება, ლაშა ბექაური კი ტოკიოს ტატამზე 28 ივლისს იასპარეზებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები