მწვრთნელი მას კარგად იცნობს - ბურჯანაძე შესაძლოა ბეტისში გადავიდეს
Aa
Aa

მწვრთნელი მას კარგად იცნობს - ბურჯანაძე შესაძლოა ბეტისში გადავიდეს

საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა, ბექა ბურჯანაძემ შესაძლოა, კარიერა ესპანეთის ჩემპიონატში განაგრძოს. Eurohoops-ის ინფორმაციით, 27 წლის მძიმე ფორვარდის საკუთარ რიგებში ხილვა „რეალ ბეტისს“ სურს.

ბექამ პროფესიონალურ დონეზე ასპარეზობა სწორედ სევილიურ კლუბში დაიწყო და ABC.es გვამცნობს, რომ „რეალ ბეტისის“ ხელმძღვანელთა აზრით, ბურჯანაძემ ქალაქსა და კლუბზე დამაკმაყოფილებელი გავლენა მოახდინა. გუნდის ამჟამინდელი თავკაცი, ხოან პლასა ქართველ კალათბურთელს კარგად იცნობს და მის კარიერას თვალს აქტიურად ადევნებდა, რაც შეთანხმების დადების ალბათობას ზრდის.

ABC.es-ის ცნობით, პლასამ გუნდის მესვეურებს შეატყობინა, რომ სურს დაიმატოს კალათბურთელები, რომლებსაც ლიგა ენდესაში თამაშის გამოცდილება აქვთ და ესპანეთის ჩემპიონატს კარგად იცნობენ, ბექა კი ერთ-ერთი მათგანი გახლავთ.

შეგახსენებთ, რომ ბურჯანაძეს სხვადასხვა დროს „მორაბანკ ანდორაში“, „გიპუსკოაში“ და „გრან კანარიაში უთამაშია. ბოლოს იგი „გრან კანარიას“ ღირსებას იცავდა და კლუბთან ხელშეკრულება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გაწყვიტა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები