''მამუკელაშვილს დრაფტზე აირჩევენ, სხვა შემთხვევაში შოკი იქნება''
Aa
Aa

''მამუკელაშვილს დრაფტზე აირჩევენ, სხვა შემთხვევაში შოკი იქნება''

ESPN-ის ანალიტიკოსმა ფრენ ფრაშილიამ 2021 წლის NBA-ს დრაფტთან დაკავშირებით სანდრო მამუკელაშვილის შესახებ ისაუბრა. New York Post-თან საუბარში ფრაშილია მამუკელაშვილის მიმართ კეთილგანწყობილია და აღნიშნავს, რომ მიმდინარე წელს ქართველი მძიმე ფორვარდი NBA-ს ერთ-ერთ კლუბში მოხვდება.

''ის NBA-ს რომელიმე კლუბში აუცილებლად მოხვდება, თუმცა შესაძლოა დრაფტის მეორე წრეში აირჩიონ. მამუკელაშვილი ნიჭიერი, ჭკვიანი და მონდომებული კალათბურთელია. ის ტაქტიკურად განსწავლულია და ფიზიკურად ძლიერია.

მისი სიმაღლე 210 სანტიმეტრია. მძიმე ფორვარდის გარდა ცენტრის ამპლუაში თამაშიც შეუძლია, როცა გუნდი შედარებით დაბალი სიმაღლის მქონე კალათბურთელებით ასპარეზობს''.

ფრენ ფრაშილიას აზრით მამუკელაშვილის სროლა არასტაბილურია, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ქართველი კალათბურთელი 4 წელია მაღალ დონეზე ასპარეზობს, სადაც ინტენსიური წვრთნა და დაძაბული შეხვედრებია, დრაფტზე არჩევას იმსახურებს.

''თუ დრაფტზე არ აირჩევენ, ეს ჩემთვის შოკი იქნება'' - აღნიშნა ფრენ ფრაშილიამ.

შეგახსენებთ, ახლახანს ავტორიტეტულმა ამერიკულმა გამოცემა Bleacher Report-მა NBA-ის 2021 წლის დრაფტის შესახებ მორიგი სტატია გამოაქვეყნა. Bleacher Report-მა NBA Combine-ისა და ვარჯიშების შემდეგ, 60 საუკეთესო ახალგაზრდა დაასახელა და ივარაუდა თუ როგორ განვითარდება მოახლოებული ღონისძიების პირველი და მეორე რაუნდი.

2021 წლის დრაფტი კალათბურთის ქართველი ქომაგებისთვის განსაკუთრებით საინტერესოა, რადგან სანდრო მამუკელაშვილმა და გიორგი ბეჟანიშვილმა NBA-ში წასვლა გადაწყვიტეს. სასიხარულოა, რომ Bleacher Report-ის განახლებულ რეიტინგში „მამუს“ სახელსაც ვხედავთ და გამოცემის მიხედვით, სანდროს 56-ე ნომრად „შარლოთ ჰორნეთსი“ აიყვანს, რომელსაც ეს პიკი ლოს ანჯელეს „კლიპერსისგან“ აქვს.

2021 წლის დასაწყისში ამერიკულ პრესაში მამუკელაშვილს 2021 წლის დრაფტის ტოპ 50 კალათბურთელს შორის მოიაზრებდნენ, თუმცა „მარტის სიგიჟის“ შემდეგ ვითარება შეიცვალა. nbadraft.net-ის ვარაუდით, „მამუ“ 60 საუკეთესო ახალგაზრდას შორის ვერ მოხვდება, თუმცა Sports Illustrated და ESPN Bleacher Report-ის პოზიციას იზიარებენ.

NCAA-ის გასულ სეზონში მამუკელაშვილი საშუალოდ 17.5 ქულას, 7.6 მოხსნას, 3.2 შედეგიან გადაცემას, 1.1 ჩაჭრასა და 0.6 დაფარებას ახორციელებდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები