„შევეცდები ჩემი მწვრთნელის სული გავახარო
Aa
Aa

„შევეცდები ჩემი მწვრთნელის სული გავახარო" - პეტრიაშვილი ოლიმპიურ თამაშებზე

პალიტრანიუსის სპორტული გადაცემის სტუმარი ოლიმპიური ლიცენზიის მფლობელი, თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი იყო, რომელმაც ლეგენდარული მწვრთნელი, ნუგზარ სხირელი კიდევ ერთხელ გაიხსენა.

გენო პეტრიაშვილი - ნუგზარ სხირელზე

„ცხოვრება რთულია და სამწუხაროდ, ამ რთულ გზაზე საყვარელ და ძვირფას ადამიანებს ვკარგავთ. სულ ცოტა ხნის წინ ჩემი აღმზრდელი მწვრთნელი, ნუგზარ სხირელი გარდაიცვალა.

ოლიმპიური თამაშების წინ სულ ამბობდა ხოლმე - მოგყვები ოლიმპიურ თამაშებამდე, მოგამზადებ და მერე სპორტიდან წავალ, დავიღალე, ასაკი მაქვსო... ყოველთვის ვახნევებდით და ვპასუხობდით: მასწავლებელო, რა დროს მაგაზე ფიქრია, მეტი შეგვიძლია.

მისი გარდაცვალება ურთულესი იყო. 6 წლის ვიყავი, როცა გავიცანი, ერთად 21 წელი ვიმუშავეთ, მისი აღსაზრდელი ვარ. ბოლო წუთამდე გვარიგებდა, სულ რაღაცას განვიხილავდით. მან ჩემს ცხოვრებაში უდიდესი კვალი დატოვა და უდიდესი ადამიანური როლი შეასრულა.

ვეცდები, რომ ჩემი მწვრთნელის ჩანაფიქრი ავასრულო. თავს არ დავზოგავ, მისი სულის გახარებას ვეცდები.

მის დანაკლისს მხოლოდ დაპირისპირების წინ არ ვგრძნობ, რადგან შეიძლება ასე, პირდაპირ, ცხოვრებისეული რჩევა არ მოეცა, თუმცა ერთმანეთს აზრს თვალებში ვკითხულობდით. 

ბატონო ნუგზარი ქართული სპორტისთვის უდიდესი დანაკარგია".

 

ნუგზარ სხირელი ავადმყოფობის შედეგად მიმდინარე წლის იანვარში, 75 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ნუგზარ სხირელი თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონების, ასევე არაერთი ტიტულოვანი სპორტსმენის აღმზრდელი გახლდათ. მის სახელს უკავშირდება გორის თავისუფალი ჭიდაობის სკოლის დაარსება და უდიდესი წარმატებები საერთაშორისო არენაზე. წლების განმავლობაში ნუგზარ სხირელი მუშაობდა საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრები გუნდების მთავარ მწვრთნელად.

არაერთ აღიარებასთან ერთად, მას მინიჭებული ჰქონდა საქართველოს ღირსების ორდენისა და ღირსების მედლის კავალერის, ასევე, სპორტის რაინდის წოდება.

შეგახსენებთ, რომ გენო პეტრიაშვილი ტოკიოში დაგეგმილ ოლიმპიურ თამაშებზე 125 კილოგრამ წონით კატეგორიაში, 5 აგვისტოს იასპარეზებს.

ტოკიო 2020 23 ივლისს დაიწყება და 8 აგვისტოს დასრულდება. ტოკიოში 205 ქვეყნის 10 000-ზე მეტ ათლეტს ელოდებიან. 12 სახეობიდან 35 სპორტსმენი საქართველოსაც ეყოლება.

ტოკიოს ოლიმპიადა: გამარჯვებულები მედლებს კისერზე თავად ჩამოიკიდებენ

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები