დაბადების დღეზე ხაბიბთან ფოტოს გადაღება სურდა - UFC-მ 66 წლის ქალბატონი გაახარა
Aa
Aa

დაბადების დღეზე ხაბიბთან ფოტოს გადაღება სურდა - UFC-მ 66 წლის ქალბატონი გაახარა

ნელი გონსალესი 66 წლის ქალბატონია, რომელსაც საკუთარ დაბადების დღეზე მხოლოდ ერთი სურვილი ჰქონდა. მას UFC-ის ყოფილ ჩემპიონთან, ხაბიბ ნურმაგომედოვთან ფოტოსურათის გადაღება უნდოდა. მოხუცმა ქალბატონმა გადაწყვიტა ბედი ეცადა, 4 საათი იმგზავრა და „არწივთან“ შეხვედრის იმედით UFC-ის შტაბ-ბინასთან მივიდა, რომელიც ლას-ვეგასში მდებარეობს.

იგი 40 გრადუს სიცხეში UFC-ის შტაბ-ბინის წინ დადგა და ხელში ბანერი ეკავა, რომელზეც ეს სიტყვები იყო გამოსახული: „ხაბიბ, გთხოვ, ფოტოს გამო გაჩერდი“. თავად კი განაცხადა:„ხაბიბი ძალიან მიყვარს და მასთან პირადად შეხვედრა მინდა". მისმა გეგმამ გაამართლა და UFC-ის პრეზიდენტმა, დეინა უაითმა იგი შტაბ-ბინაში შეიპატიჟა. „გავოცდი, როცა დავინახე, რომ 40 გრადუს სიცხეში გარეთ იდგა. მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, რომ რასაც ის აკეთებდა, საოცრება იყო და რაც შეიძლებოდა სწრაფად შტაბ-ბინაში შემოგვეყვანა“, - განაცხადა უაითმა.

UFC-ის პრეზიდენტი ამაზე არ გაჩერებულა. მან 66 წლის ქომაგს ოცნება აუსრულა და ხაბიბს შეახვედრა. „მასთან შეხვედრა ჩემთვის ყველაფერს ნიშნავს. შეუძლებელია სიტყვებით აღვწერო თუ რას გრძნობ, როცა პირადად ხვდები ადამიანს, რომელიც ღირსეულად იქცევა და სხვების შთაგონების წყაროა. აუცილებელია, რომ დეინა უაითსა და ალი აბდელაზიზს მადლობა გადავუხადო“, - ამბობს გონსალესი.

ცნობისთვის, ნელი სტაჟიანი გულშემატკივარია და UFC-ის 1993 წლიდან ქომაგობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები