ვერის საკალათბურთო დარბაზში ბასკონიას კემპი დაიწყო
Aa
Aa

ვერის საკალათბურთო დარბაზში ბასკონიას კემპი დაიწყო

საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციასა და ესპანურ კონცერნ „სასკი ბასკონიას“ შორის თანამშრომლობა გრძელდება. დღეს, 14 ივლისს, ვერის საკალათბურთო დარბაზში პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც ცნობილი ესპანური კლუბის საკალათბურთო კემპი დაიწყო. პრესკონფერენციას საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი პაატა გურასპაული, “სასკი ბასკონიას” გენერალური დირექტორი ხესუს ვასკესი და საერთაშორისო ურთიერთობების მენეჯერი გოჩა აბზიანიძე ესწრებოდნენ.

ბასკონიას კემპი ევროპის წამყვანი სპეციალისტების ჩართულობით მიმდინარეობს და მისი მიზანი პერსპექტიული ახალგაზრდა მოთამაშეების შერჩევაა. აღსანიშნავია, რომ კემპზე ბავშვებთან ერთად, ახალგაზრდა ქართველ მწვრთნელებსაც ეძლევათ საშუალება, აიმაღლონ სამწვრთნელო კვალიფიკაცია.

კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე, წლევანდელი კემპი წინა სეზონებისგან განსხვავებული სისტემით ტარდება – ორგანიზატორებმა, საქართველოში მოქმედ თითოეულ საკალათბურთო სკოლას, მისი მასშტაბიდან გამომდინარე, რაოდენობრივი კვოტა დაუწესეს და მონაწილეთა წარდგენის საშუალება მისცეს. შესაბამისად, თავად კლუბებმა და სკოლებმა გადაწყვიტეს, თუ ვის უნდა მიეღო ბასკონიას კემპში მონაწილეობა, სადაც ესპანელები საუკეთესო კალათბურთელებს აარჩევენ და მათ კონტრაქტს გაუფორმებენ.

ესპანურ კორპორაციასთან თანამშრომლობის ფარგლებში, უახლოეს პერიოდში, საქართველოში, კერძოდ, ვერის საკალათბურთო დარბაზში, ბასკონიის აკადემია გაიხსნება. კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ორიენტირი ახალგაზრდა, მომავალი თაობაა და საქართველოში ბასკონიის აკადემიის პროექტი უმნიშვნელოვანესია მოზარდი სპორტსმენებისა და ზოგადად, კალათბურთის განვითარებისთვის.  

კემპზე ვარჯიშების ჩასატარებლად თბილისში „ბასკონიას“ სკოლის 3 მწვრთნელია ჩამოსული: ხოან გუჩო, ინიგო ორტეზი და სამუელ კონდე. მათ ახალგაზრდა ქართველი  მწვრთნელები ეხმარებიან. ესენი არიან: ირაკლი ჩერქეზიშვილი, გიორგი ჩაჩხიანი, ანდრო ანთელიძე და საბა ჯაყელი.

კემპში 135 მოზარდი მონაწილეობს (2006, 2007 და 2008 წელს დაბადებული ბავშვები), რომლებიც ასაკების მიხედვით 4 ჯგუფად არიან განაწილებულნი და მთელი დღის მანძილზე მონაცვლეობით სხვადასხვა ვარჯიშები უტარდებათ.

ბასკონიას საკალათბურთო კემპი 13 ივლისს დაიწყო და 15 ივლისს დასრულდება. 

პაატა გურასპაული, კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი: მოხარულნი ვართ, რომ შევძელით და არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის მიუხედავად, თბილისში ბასკონიას კემპი დაიწყო. კერძოდ კი, ვერის საკალათბურთო დარბაზში, სადაც დაბრუნდა საკალათბურთო ოჯახი და რომელიც კალათბურთის სახლი იყო მრავალი ათეული წლის მანძილზე. მსურს, წარმატებები ვუსურვო კემპის ყველა მონაწილეს. ესპანელი სპეციალისტები 3 დღის განმავლობაში დააკვირდებიან ბავშვებს და შეარჩევენ იმ მოთამაშეებს, რომლებიც სწავლასა და ვარჯიშს უკვე ესპანეთში, ვიტორიაში გააგრძელებენ. რაც შეეხება ამ დარბაზს, მას შემდეგ, რაც შესაბამის კონდიციებში მოვიყვანთ, სავარაუდოდ, 2022 წლის იანვრის თვიდან, ამ დარბაზში იფუნქციონირებს ბასკონიას საკალათბურთო სკოლა. ამ სკოლაში ბავშვები 8 წლის ასაკიდან დაიწყებენ ვარჯიშს, აიმაღლებენ სათამაშო ოსტატობას და ჩამოყალიბდებიან იმ სპორტსმენებად, რომლებიც ეროვნულ და ასაკობრივ ნაკრებებში იასპარეზებენ და ეს მომავალი, ქართული კალათბურთს განვითარებისა და წარმატებების საწინდარი იქნება.  

ესუს ვასკესი, ესპანური კორპორიაციის, სასკი ბასკონიას გენერალური დირექტორი: ზუსტად 6 წლის წინ ჩავატარეთ პირველი ერთობლივი პრესკონფერენცია, როცა პირველად დავიწყეთ ეს პროექტი და სასიხარულოა, რომ მას შემდეგ საქართველოში კალათბურთის დონემ მნიშვნელოვნად აიწია, ბავშვების რაოდენობის ზრდა და ფორმაცია თითქმის უახლოვდება ევროპულ დონეს. პირველი 5 წელი ძირითადი სამუშაოს ნაწილი შევასრულეთ, მომდევნო 5 წელი კი ჩვენი მეთოდოლოგიითა და ფილოსოფიით ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ქართული კალათბურთი მომდევნო, ახალ საფეხურზე ავიდეს. ფინანსურ მხარეს მთლიანად ჩვენს თავზე ავიღებთ, რათა ერთად დაწყებული საქმე ბოლომდე მივიყვანოთ და ბასკონიას აკადემიის სახით, საქართველოს ერთი კარგი საკალათბურთო სკოლა შევმატოთ. ჩვენ, რა თქმა უნდა, მცირე წვლილი შევიტანეთ ქართული კალთბურთის წინსვლაში, თუმცა, უნდა აღვნიშნოთ, რომ კალათბურთის ეროვნულმა ფედერაციამ უდიდესი შრომა გასწია და ყველაფერს აკეთებს კალათბურთის განვითარებისთვის. ჩანს, რომ კალათბურთის ფედერაცია და სპორტის სამინისტრო ნამდვილად სწორ გზაზე არიან და ქართული კალათბურთი წინ მიიწევს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები