ბუკერმა ისტორია დაწერა - მილუოკიმ სერიაში ანგარიში გაათანაბრა
Aa
Aa

ბუკერმა ისტორია დაწერა - მილუოკიმ სერიაში ანგარიში გაათანაბრა

სტუმრად წაგებული ორი მატჩის შემდეგ, „მილუოკი ბაქსმა“ საკუთარ კედლებში ორივე შეხვედრა მოიგო და სერიაში ანგარიში გაათანაბრა. ვისკონსინელებს მე-4 დაპირისპირებაში რთული ბრძოლის გადატანა მოუწიათ და კარგად ჩატარებული მეოთხე მეოთხედის ხარჯზე იმარჯვეს, რომელშიც მეტოქეზე 12-ით მეტი ქულა ჩააგდეს - 109-103.

„მილუოკის“ 40 ქულით კრის მიდლტონმა ულიდერა. იანის ანტეტოკოუნმპოს 26 ქულა, 14 მოხსნა, 8 შედეგიანი გადაცემა, 3 ჩაჭრა და 2 დაფარება ჰქონდა. ბრუკ ლოპესმა 14 ქულა მიითვალა, ხოლო ჯრუ ჰოლიდეიმ 13 ქულა დააგროვა, თუმცა 20-დან მხოლოდ 4 ბურთი ჩააგდო.

„მილუოკი არასდროს ნებდება და ანგარიშის მიუხედავად, ჩვენ ყოველთვის თამაშში ვართ. ის, რასაც საკუთარ კედლებში ვაკეთებთ, სტუმრადაც უნდა გავაკეთოთ და კარგი იქნება თუ მომდევნო შეხვედრას მოვიგებთ, თუმცა მანამდე აუცილებელია, დავისვენოთ, რამდენიმე საკითხი მოვაგვაროთ და მე-5 მატჩისთვის მზად ვიყოთ“, - განაცხადა მიდლტონმა.

„ფინიქსის“ რიგებში 42 ქულით დევინ ბუკერი გამოირჩა, რომელმაც NBA-ის რეკორდი დაამყარა. ბუკერი ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ისტორიაში პირველია, ვინც სადებიუტო პლეიოფში 522 ქულა ჩააგდო. ბუკერმა რიკ ბერის შედეგი გააუმჯობესა, რომელსაც 521 ქულა ჰქონდა. აღსანიშნავია, რომ „სანსის“ ძირითადი ხუთეულის სხვა კალათბურთელებმა ჯამში მხოლოდ 38 ქულა დააგროვეს, სათადარიგოთა სკამს კი 23 ქულა ჰქონდა.

ამრიგად, სერიაში ანგარიში თანაბარია და მომდევნო შეხვედრა 18 ივლისს, თბილისის დროით 05:00-ზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები