მალდინიმ დაადასტურა - ჟირუ მილანში ითამაშებს
Aa
Aa

მალდინიმ დაადასტურა - ჟირუ მილანში ითამაშებს

მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ერთ-ერთი დიდი საგა ოლივიე ჟირუს ტრანსფერია. ფრანგ თავდამსხმელს აქტიურად უკავშირებენ „მილანს.“

იტალიურმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ხუთშაბათს ოლივიე მილანში ჩავა, სამედიცინო შემოწმებას გაივლის და „როსონერის“ სრულუფლებიანი წევრი გახდება.

ამის შესახებ დღეს პაოლო მალდინიმ ისაუბრა. ლეგენდარულმა იტალიელმა ვეტერანი შემტევის ტრანსფერი დაადასტურა და ახსნა, თუ რატომ გადაწყვიტა „მილანმა“ მისი გადაბირება.

რა თქვა მალდინიმ?

„ვადასტურებ, ჟირუ მილანში ჩამოვა, სამედიცინო შემოწმებას გაივლის და ჩვენი გუნდის წევრი გახდება. ის დიდებული ფეხბურთელი და ჩემპიონია.

ჟირუ ძალიან საიმედო ფეხბურთელია და ჩვენ სწორედ ასეთ მოთამაშეს ვეძებთ. ახლა საკმაოდ ახალგაზრდა შემადგენლობა გვყავს და გამოცდილ ფეხბურთელებს ვეძებთ. ვფიქრობ, ოლივიესნაირი ფეხბურთელი „როსონერის“ საკმაოდ გააძლიერებს და ზლატან იბრაჰიმოვიჩთან ერთად ახალგაზრდა მოთამაშეებს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებს.“

Football Italia წერს, რომ ჟირუსა და „მილანს“ შორის პირადი შეთანხმება ჯერ კიდევ ივნისში მოხდა, თუმცა „ჩელსიმ“ მას კონტრაქტი გაუხანგრძლივა, რათა ფინანსური სარგებელი ენახა. გამოცემა იმასაც წერს, რომ „მამლების“ თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩის შემცვლელი იქნება და გუნდს ჩემპიონთა ლიგაზე საკუთარი გამოცდილებით დაეხმარება.

ჟირუ „ჩელსიში“

ოლივიე „არისტოკრატებს“ 2017 წელს შეუერთდა და დღემდე ლონდონური კლუბის მაისური ყველა ტურნირზე ერთად 119-ჯერ მოირგო. გაიტანა 39 გოლი და 14 საგოლე გადაცემა შეასრულა. ასევე გეტყვით, რომ ჟირუმ „ჩელსისთან“ ერთად ევროპის ლიგა და ჩემპიონთა ლიგა მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები