მარცხთან ახლოს იყო, მაგრამ მოიგო - ტოჩინოშინის მე-4 გამარჯვება
Aa
Aa

მარცხთან ახლოს იყო, მაგრამ მოიგო - ტოჩინოშინის მე-4 გამარჯვება

„ნაგოია ბაშოს“ მე-11 დღეს, ქართველი სუმოტორი, ლევან გორგაძე მე-15 მაეგაშირას, ტოკუშორიუს დაუპირისპირდა, რომელსაც 10 ბრძოლიდან მოგებული მხოლოდ 3 ჰქონდა. ტოჩინოშინმა კაჩი-კოშის დაფიქსირების შანსი შეინარჩუნა და მეტოქეს შიტატენაგეს ილეთით სძლია.

სუმოტორებმა საკმაოდ საინტერესო და დაძაბული შერკინება შემოგვთავაზეს. გორგაძე მარცხთან ახლოს იყო, თუმცა ვითარება გამოასწორა და ივლისის სუპერტურნირზე მე-4 გამარჯვება იზეიმა.

ხვალ, ტოჩინოშინი მე-13 მაეგაშირას, ურას გაეჯიბრება. ლევანი მის წინააღმდეგ დოჰიოზე 2-ჯერაა გასული და ერთხელ იმარჯვა. აღსანიშნავია, რომ ორივე შერკინება 2017 წელს გაიმართა და მარცხის შემთხვევაში, „ტოჩი“ ბაშოს უარყოფითი ბალანსით დაასრულებს.

შეგახსენებთ, რომ ქართველმა სეკიტორმა ბაშოზე უარყოფითი ბალანსი დააფიქსირა და როგორც მოსალოდნელი იყო, რამდენიმე საფეხურით დაქვეითდა. ტოჩინოშინი, რომელმაც გასული ბაშო აღმოსავლეთის მე-7 მაეგაშირას რანგში ჩაამთავრა და 15 ბრძოლიდან მხოლოდ 5 მოიგო, „ნაგოია ბაშოზე“ აღმოსავლეთის მე-12 მაეგაშირა გახლავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები