Aa
Aa

"ჩემს გრძნობებს დრო და მანძილი ვერაფერს დააკლებს" - დონარუმა მილანს დაემშვიდობა

ცნობილია, რომ ჯანლუიჯი დონარუმამ „მილანი“ დატოვა და მომავალი სეზონიდან „პარი სენ ჟერმენის“ ღირსებას დაიცავს. ეს გადაწყვეტილება „როსონერის“ გულშემატკივრებს არ მოეწონათ და იტალიელი კარის დარაჯი მწვავედ გააკრიტიკეს.

დღეს კი, „ჯიჯომ“ „ინსტაგრამის“ საკუთარი გვერდის მეშვეობით „მილანს“ გამოსამშვიდობებელი წერილი დაუწერა.

რა დაწერა დონარუმამ?

„გარკვეული გადაწყვეტილებების მიღება რთულია, მაგრამ ასეთი რაღაცებით ადამიანი იზრდება. „მილანში“ იმ დროს მივედი, როცა ბავშვის ასაკზე პატარა ვიყავი. აქ 8 წლის მოვედი. ამ პერიოდის განმავლობაში ერთად ვიბრძოდით, ვიმარჯვებდით და ვტიროდით.

„მილანის“ მაისური ამაყად მეცვა. წლების განმავლობაში ძალიან მსიამოვნებდა ჩემს თანაგუნდელებთან, მწვრთნელებთან და გულშემატკივრებთან ურთიერთობა. ისინი ჩემთვის ოჯახის წევრებივით არიან.

სერია ა-ში დებიუტი 16 წლის ასაკში მქონდა და ეს დღე არასდროს დამავიწყდება. თქვენთან ერთად არაჩვეულებრივი წლები გამოვიარე, მაგრამ ახლა დამშვიდობების დრო მოვიდა. გადაწყვეტილების მიღება ადვილი არ ყოფილა.

„ინსტაგრამის“ პოსტით ჩემი ემოციების აღწერა შეუძლებელია. ვფიქრობ, ვერც სიტყვებით აღვწერ იმ გრძნობებს, რომლებიც თქვენს მიმართ მაკავშირებს. რა შემიძლია ვთქვა არის ის, რომ ზოგჯერ სწორია ცვლილება, სხვადასხვა გამოწვევების წინაშე დადგომა და საკუთარი თავის გაზრდის მცდელობა.

ყველა მილანელი, რომელსაც ოდესმე შევხვედრილვარ, მუდამ ჩემს გულში დარჩება! „მილანს“ ყველა შესაძლო წარმატებას ვუსურვებ და ამას მთელი ჩემი წრფელი გულით ვაკეთებ. „მილანის“ მაისურის ფერების მიღმა არის სიყვარული და გრძნობა, რომელსაც მანძილი და დრო ვერაფერს დააკლებს.“

დონარუმა „მილანში“

22 წლის კიპერი „როსონერის“ მთავარ გუნდში 2015 წელს გამოჩნდა. დღემდე, ჯანლუიჯიმ „მილანის“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 251-ჯერ მოირგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები