Aa
Aa

"ოპერაცია წასვლა" - რეალს მბაპეს გამო ფეხბურთელების გაყიდვა უნდა!

მადრიდის „რეალს“, რომ კილიან მბაპეს გადაბირება სურს ეს ახალი არ არის. „ბლანკოსი“ ახლა ფრანგი სუპერვარსკვლავის შესაძენად ფულს აგროვებს.

მადრიდელთა საზაფხულო გეგმები ძირითადად იქითკენ იქნება მიმართული, რომ, რაც შეიძლება მეტი ფეხბურთელი გაუშვან გუნდიდან, ფული მიიღონ და მბაპე დააინტერესონ. დაინტერესებაში ის იგულისხმება, რომ ფრანგ შემტევს პსჟ-ში საკმაოდ მაღალი ხელფასი აქვს და „სამეფო კლუბს“ გაყიდული ფეხბურთელებისგან სახელფასო ბიუჯეტის შემცირება სურს.

სპორტული გამოცემა GOAL გვამცნობს, რომ მათ ექსკლუზიური ინფორმაცია ჩაუვარდათ ხელში, რომელსაც „ოპერაცია წასვლა“ ჰქვია. გამოცემის თანახმად, როგორც უკვე მოგახსენეთ, კლუბს გაყიდული ფეხბურთელებით მბაპეს შესაძენი ფულის შეგროვება უნდა.

მადრიდის „რეალი“, რომელსაც „გალაქტიკოსს“ ფლორენტინო პერესის ცნობილი ტრანსფერების გამო უწოდებდნენ, ბოლო პერიოდში ტრანსფერების საკითხში საკმაოდ მოიკოჭლებს. ჩემპიონთა ლიგის 13-გზის გამარჯვებულს დიდი ხანია ხმაურიანი ტრანსფერი არ გაუკეთებია და მეტიც, დავიდ ალაბა თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიმატა.

ამჟამად მადრიდულ გრანდში 29 ფეხბურთელი ირიცხება, თუმცა ამ სიაში არ შედიან რეინერი და ბორხა მაიორალი. ესპანეთის დედაქალაქში იმედი აქვთ, რომ 29-კაციანი განაცხადი 2021 წელს საკმაოდ შემცირდა, თანაც სერხიო რამოსმა უკვე დატოვა კლუბი.

არავის სურს წასვლა

ერთ-ერთი დიდი პრობლემა „სამეფო კლუბში“ ამჟამად ფეხბურთელების მაღალი ხელფასებია. ამის გამო რამდენიმე მოთამაშეს გუნდის დატოვება არ უნდა, რადგან თვლიან, რომ სხვაგან ამხელა ანაზღაურება არ ექნებათ.

საუბარი მარსელოზე, გარეთ ბეილზე, ისკოზე და მარიანო დიასზეა. ისინი ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელები არიან. ჩამოთვლილი ფეხბურთელებიდან სამს კონტრაქტი 2022 წელს ეწურება. ასე, რომ მადრიდელებმა უნდა იჩქარონ და მაქსიმალური ფინანსური სარგებელი ნახონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მომავალ წელს ისინი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებენ გუნდს.

კიდევ ერთი ხელისშემშლელი ფაქტორი

მას შემდეგ, რაც ზიდანი ანჩელოტიმ ჩაანაცვლა რამდენიმე ფეხბურთელს განწყობა შეეცვალა. ფრანგი სპეციალისტი მარსელოს, ისკოს და ბეილს არ ენდობოდა. მეტიც, უელსელი შემტევი „ტოტენჰემში“ იყო განათხოვრებული. ახლა კი სიტუაცია შეიცვალა. მარსელო კაპიტანი გახდა, ანჩელოტის ისკო ძალიან უყვარს. იგივე შეიძლება ითქვას ბეილზეც. „პაპა კარლო“ მათ გუნდის საკვანძო ფეხბურთელებად მოიაზრებს და ბუნებრივია, რომ მათ წასვლა აღარ უნდათ.

კიდევ ერთი ფეხბურთელი, რომელსაც კონტრაქტი 2022 წელს ეწურება რაფაელ ვარანია. გავრცელებული ინფორმაციით, ფრანგი უკანახაზელი „მანჩესტერ იუნაიტედთან“ აწარმოებს მოლაპარაკებას და მისი მადრიდიდან აბარგება საკმაოდ რეალურია. მიუხედავად ამისა, საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის და შესაძლოა „ბლანკოსმა“ რაფაელს ახალი პირობები შესთავაზოს.

„რეალის“ სხვა ფეხბურთელები

ცნობილია, რომ გუნდის დატოვება არც ალვარო ოდრიოსოლას სურს, არც დანი სებალიოსს და არც ლუკა იოვიჩს. სამივე მათგანს ძირითადი შემადგენლობისთვის ბრძოლა უნდა. რაც შეეხება ტაკეფუსა კუბოს, იაპონელი ფეხბურთელი ოლიმპიადისთვის ემზადები და ჯერჯერობით ტრანსფერთან დაკავშირებით არანაირ კომენტარს არ აკეთებს.

მბაპეს საგა

მიუხედავად იმისა, რომ ამ მომენტისთვის „რეალი“ ფეხბურთელების გაყიდვაზეა ორიენტირებული, კლუბის ხელმძღვანელობა მაინც ცდილობს მბაპესთან საერთო ენის გამონახვას.

თავისმხრივ, ფრანგ მსოფლიოს ჩემპიონს საკუთარ კლუბთან კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებს და ხელშეკრულების არ გახანგრძლივების შემთხვევაში პარიზელებს მისი გაყიდვა მოუწევთ, რათა ფინანსური სარგებელი ნახონ. კილიანი კი ამ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს. ეს ყველაფერი კი მადრიდელთა წისქვილზე ასხამს წყალს.

ამ ყველაფრიდან გამომდინარე, უნდა ვივარაუდოთ, რომ 2021 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის მთავარი თემა კილიან მბაპე და მადრიდის „რეალი“ იქნებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები