„თბილისში დიდი უპირატესობა გვქონდა და ეს ყველამ დაინახა
Aa
Aa

„თბილისში დიდი უპირატესობა გვქონდა და ეს ყველამ დაინახა" - ცხადაძე ნეფთჩიზე

ჩემპიონთა ლიგის 2021/22 წლების სეზონის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი მატჩი ბაქოში შედგება, სადაც „დინამო" თბილისი ბაქოს „ნეფთჩის" დაუპირისპირდება. 

მომავალი მატჩის წინ, ბაქოში, ტრადიციული, მატჩისწინა პრესკონფერენცია შედგა.

კახა ცხადაძე - დინამო" თბილისის მთავარი მწვრთნელი

„ბაქოში დაბრუნება სასიხარულოა, ქვეყანაში დიდხანს ვმუშაობდი, ეს ქალაქი ძალიან მიყვარს და ყოველთვის მემახსოვრება.

რაც შეეხება პირველ მატჩს, ძალიან საინტერესო და დაძაბული შეხვედრა გამოვიდა. ვთვლი, რომ განმეორებითი დაპირისპირებაც ასეთი გამოვა და მაყურებელი ამ შეხვედრით სიამოვნებას მიიღებს.

ეს მატჩი ბევრად დაძაბული იქნება, რადგან მეტოქეებს ერთმანეთის შესახებ ბევრად მეტი ინფორმაცია აქვთ, ამიტომ ორივე მხარე ერთმანეთის მინუსების გამოყენებას ეცდება. იმ თამაშიდან და სტატისტიკიდან გამომდინარე, რომელიც დინამო არენაზე ვნახეთ, ვერ ვიტყოდი, რომ ნეფთჩი დინამოზე ძლიერი იყო, ძალიან დიდი უპირატესობა გვქონდა და ყველამ დაინახა. კარში 8-ჯერ დავარტყით, საიდანაც 7 მეკარემ მოიგერია. შემდეგ, ორი უხეში შეცდომა დავუშვით, რაც დამარცხების მიზეზიც გახდა. მიზანი აგრესიული ფეხბურთის თამაში იქნება, აქცენტი კი მომენტების რეალიზებაზე გაკეთდება.

ნეფთჩი საკმაოდ კვალიფიციური, კარგი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდია. თუმცა, ვიმეორებ, რომ სახლში მეტოქის სიძლიერის გამო კი არა, ჩვენი შეცდომების ხარჯზე წავაგეთ.

ყველაფერს გავაკეთებთ, რომ იგივე არ გავიმეოროთ და შეხვედრა ჩვენს სასარგებლოდ დავასრულოთ".

მომავალი მატჩის წინ ბაქოში სამზადისია. როგორც აზერბაიჯანის ფეხბურთის ფედერაციისგან ვიგებთ, საუბარი გულშემატკივრისთვის რეგულაციების შემსუბუქებაზეა. „დინამოსთან" მატჩში ბაქოს ბაქსელ არენის ტევადობის 50% შეივსება (სრული ტევადობა 11 000). გადაწყვეტილება ადგილობრივმა მთავრობამ მიიღო, უშუალოდ ინიციტივა კი აზერიბაიჯანის ფეხბურთის ფედერაციას ეკუთვნის.

გუნდების განმეორებითი მატჩი 14 ივლისს შედგება და სტარტს 21:00 საათიდან აიღებს.

იმ შემთხვევაში, თუ „დინამო" თბილისი ტურნირის პირველ ეტაპს გაივლის, მომდევნო ეტაპზე მისი მეტოქე საბერძნეთის ჩემპიონი, პირეოსის „ოლიმპიაკოსი" იქნება.

მარცხის შემთხვევაში საქართველოს ჩემპიონი კონფერენს ლიგაზე გადაინაცვლებს, სადაც მეტოქეობას „მაკაბის" და „ქაირათს" შორის დამარცხებულს გაუწევს.

ფოტო: „დინამო" თბილისი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები