„მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ რომ ვწუხვარ
Aa
Aa

„მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ რომ ვწუხვარ" - რეშფორდის ემოციური წერილი

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ფეხბურთელმა, მარკუს რეშფორდმა სოციალურ ქსელებში ემოციური წერილი გამოაქვეყნა. 23 წლის შემტევმა ინგლისის ნაკრების ქომაგებს მიმართა და მათ ბოდიში მოუხადა.

„არც კი ვიცი საიდან დავიწყო და არ ვიცი ის, რასაც ამ წუთებში ვგრძნობ, სიტყვებით როგორ გადმოვცე. რთული სეზონი მქონდა. ვფიქრობ, ეს ყველასთვის აშკარა იყო და ალბათ, ფინალურ მატჩს საკუთარ თავში ბოლომდე დარწმუნებული ვერ შევხვდი. პენალტების დარტყმის სურვილს ყოველთვის გამოვთქვამ, მაგრამ იმ მომენტში ვიგრძენი, რომ რაღაც რიგზე ვერ იყო.

გრძელი გამორბენი და პაუზა იმიტომ ავიღე, რომ საკუთარი თავისთვის დრო მიმეცა და სამწუხაროდ, ის შედეგი ვერ მივიღე, რომელიც მინდოდა. ვიგრძენი, რომ თანაგუნდელები დავაღალატე. ვიგრძენი, რომ ყველა დავაღალატე. პენალტი - მხოლოდ ესაა, რაც მთხოვეს, რომ გუნდის დასახმარებლად გამეკეთებინა. თერთმეტმეტრიანის გატანა ძილშიც შემიძლია და რატომ ვერ გავიტანე მაინცდამაინც ეს პენალტი? ეს კითხვა ჩემს გონებაში მას შემდეგ ტრიალებს, რაც თერთმეტმეტრიანი შევასრულე და არ არსებობს შესაბამისი სიტყვა, რომლითაც ამ შეგრძნების აღწერა შემიძლია.

ფინალი. 55 წელი. 1 პენალტი. ისტორია. მხოლოდ ის შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან ვწუხვარ. ნეტავ, ყველაფერი სხვანაირად განვითარებულიყო... სანამ თქვენთვის ბოდიშის მოხდას განვაგრძობ, მინდა, თანაგუნდელები გამოვარჩიო. ამ ზაფხულს, ერთ-ერთი საუკეთესო შეკრება გავიარე და ამაში ყველა თქვენგანმა თავისი როლი ითამაშა. ჩვენ უტეხი ძმობა ჩამოგვიყალიბდა. თქვენი წარმატება ჩემი წარმატებაა. თქვენი წარუმატებლობა ჩემი წარუმატებლობაა.

გავიზარდე სპორტში, რომელშიც ველოდები წავიკითხო ჩემ შესახებ რას წერენ. იქნება ეს ჩემი კანის ფერი, ადგილი, სადაც გავიზარდე თუ მოედნის მიღმა დროს როგორ ვატარებ. მთელი დღის განმავლობაში შემიძლია, მოვისმინო კრიტიკა ჩემი თამაშის შესახებ. მოვისმინო ის, რომ ჩემ მიერ შესრულებული პენალტი სათანადოდ კარგი არ იყო და ბურთი კარის ბადეში უნდა აღმოჩენილიყო, თუმცა არასდროს მოვიხდი ბოდიშს იმის გამო, თუ ვინ ვარ და საიდან მოვდივარ. არასდროს ვყოფილვარ უფრო ამაყი, ვიდრე მაშინ, როცა ვირგებ მაისურს, რომელზეც სამი ლომია გამოსახული და ტრიბუნებზე ვხედავ ჩემს ოჯახს, რომელიც მხარს ათასობით ქომაგთან ერთად მიჭერს. ამ დღეებზე ყოველთვის ვოცნებობდი.

დღეს მიღებულმა წერილებმა უდიდესი პოზიტივი მომიტანა და ვიტინგტონში განვითარებულმა მოვლენებმა თითქმის ტირილამდე მიმიყვანა. საზოგადოება, რომელიც ყოველთვის მეხუტებოდა, ჩემ მხარდაჭერას განაგრძობს.

ჩემი სახელი მარკუს რეშფორდია და 23 წლის ვარ. შავკანიანი ბიჭი ვარ ვიტინგტონიდან და უაიტენშოდან. თუ სხვა არაფერი დამრჩება, ეს ყოველთვის ჩემთან იქნება. მადლობა კეთილი სიტყვებისთვის. უფრო ძლიერი დავბრუნდები. უფრო ძლიერი დავბრუნდებით“.

შეგახსენებთ, რომ ინგლისისა და იტალიის მატჩის შემდეგ, მარკუს რეშფორდს, ჯეიდონ სანჩოსა და ბუკაიო საკას სოციალურ ქსელებში რასისტული შინაარსის შეურაცხყოფა მიაყენეს. მანჩესტერში რეშფორდის გრაფიტიც დააზიანეს, თუმცა მოგვიანებით, ქომაგებმა ის გულებით მოხატეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები