ისტორიაში პირველად - ნიკა ამაშუკელი 7-კაცას მსოფლიო სერიებზე იმსაჯებს
Aa
Aa

ისტორიაში პირველად - ნიკა ამაშუკელი 7-კაცას მსოფლიო სერიებზე იმსაჯებს

ქართველი არბიტრი, ნიკა ამაშუკელი 7-კაცას მსოფლიო სერიებზე იმსაჯებს. ეს იქნება  პირველი შემთხვევა, როდესაც ქართველი რეფერი ამ დონის ტურნირზე იმსაჯებს.

ამაშუკელი ოთხ ეტაპზეა მივლენილი - დუბაი, სამხრეთ აფრიკა, ლონდონი და პარიზი. აქამდე ნიკას 7-კაცა რაგბში მხოლოდ შიდა ტურნირებზე უმსაჯია, ახალ გამოწვევას კი მოტივირებული ხვდება.

ნიკა ამაშუკელი 7-კაცას მსოფლიო სერიებზე

„სრულიად ახალ ეტაპზე გადავდივარ და სიხარულით ვიღებ ამ საინტერესო გამოწვევას. მსოფლიო რაგბმა ადრინდელი პრაქტიკა დააბრუნა, რომლის თანახმად ტოპ-მსაჯები 7-კაცას გზასაც გადიოდნენ. ეს 15-კაცასგან განსხვავებული სპორტია, ბევრად უფრო მაღალი ტემპით და სხვა დატვირთვებით. ჩემთვის პრიორიტეტული 15-კაცა რაგბია, რის შესახებ მსოფლიო რაგბის სამსაჯო კორპუსის მენეჯერ ჟოელ ჟუშსაც ვუთხარი, თუმცა მას სურს, რომ ნახოს როგორ მოვერგები ახალ გამოწვევებს და ეს დანიშვნა ჩემს 15-კაცა რაგბში მუშაობას ხელს არ შეუშლის.

7-კაცა რაგბში თამაშის მიმდინარეობა განსხვავებულია, განსხვავებულად გაიცემა სანქციები და საჭიროა უმტკივნეულოდ მოახდინო ტრანზაქცია 15-კაცა რაგბიდან. მას განსხვავებული ფიზიკური მომზადება სჭირდება, რათა მოერგო 7-კაცა რაგბისთვის საჭირო კრიტერიუმებს. ეს კიდევ ერთი გამოწვევაა. ვეცდები სათანადოდ ვუპასუხო ამ უპრეცედენტო დანიშვნას და ჩვენი ქვეყანა ღირსეულად წარვადგინო.

დეკემბრიდან  მსოფლიო სერიებში ჩავერთვები. დუბაისა და სამხრეთ აფრიკის შემდეგ გაზაფხულზე ლონდონისა და პარიზის ეტაპებზე ვიმსაჯებ. ტურნირები მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში, ცნობილ სტადიონებზე იმართება. გიწევს ბევრი მოგზაურობა, რაც დამატებითი სტრესია. 

რაგბის ქომაგებმა კარგად იციან რამხელა მასშტაბის ტურნირებია მსოფლიო რაგბის სერიები. 7-კაცა რაგბი ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ნაწილია, შეიძლება ითქვას, ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული შეჯიბრი გუნდურ სათამაშო სახეობებში და არის შანსი, რომ მომავალში იქაც მიმიწვიონ, რაც უდიდესი ბედნიერება იქნება“,-უთხრა ამაშუკელმა საქართველოს რაგბის კავშირს.

7-კაცას მსოფლიო რაგბის სერიებზე დანიშვნამდე ნიკა ამაშუკელმა ივნისში, 20-წლამდე ნაკრებების ექვსი ერის 2 თამაში, ხოლო 3 ივლისს, კარდიფში, უელსისა და კანადის მატჩი იმსაჯა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ტიერ1-ის გუნდის შეხვედრას ქართველი და ზოგადად, ტიერ 2 ქვეყნის მსაჯი მოემსახურა. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები