სადებიუტო ვარჯიში - მამარდაშვილმა ვალენსიას პირველ გუნდთან ერთად ივარჯიშა
Aa
Aa

სადებიუტო ვარჯიში - მამარდაშვილმა ვალენსიას პირველ გუნდთან ერთად ივარჯიშა

საქართველოს ეროვნული ნაკრების 20 წლის მეკარე გიორგი მამარდაშვილი კარიერას ესპანურ ''ვალენსიაში'', რომ აგრძელებს ეს ახალი არ არის. დღეს "ღამურების" ვარჯიშის კადრები გავრცელდა, რომელშიც "ლოკომოტივის" ყოფილი მეკარე ფიგურირებს. აღსანიშნავია, რომ ეს გიორგისთვის "ვალენსიას" პირველ გუნდთან ერთად პირველი ვარჯიში იყო.

ცნობისთვის, გიორგი მამარდაშვილი თბილისის ''დინამოს'' საკუთრებაა და ''ვალენსიაში'' ერთწლიანი იჯარით გადავა, რომლის დასრულების შემდეგ ესპანურ კლუბს მოთამაშის გამოსყიდვის უფლება ექნება.

მოგეხსენებათ, ''დინამოსა'' და ''ლოკომოტივს'' შორის დადებული საიჯარო ხელშეკრულება მიმდინარე წლის ბოლოს იწურებოდა, თუმცა მხარეებმა საიჯარო კონტრაქტის შეწყვეტის თაობაზე შეთანხმებას მიაღწიეს. საიჯარო ხელშეკრულება გასული თვის ბოლოს გაწყდა და ფეხბურთელი ესპანურ კლუბში გაემგზავრა.

აღსანიშნავია, რომ ''ვალენსიაში'' მეკარეების მწვრთნელი ხოსე მანუელ ოჩოტორენაა, რომელიც პარალელურად ესპანეთის ეროვნულ გუნდში მუშაობს. ცხადია, ქართველი მეკარის პროგრესისთვის ამ დონის სპეციალისტთან მუშაობა ძალიან სასარგებლო იქნება. მამარდაშვილისთვის ესპანურ კლუბში გადასვლის მთავარი მოტივაცია ''ვალენსიაში'' არსებული გარემოა. ის ფიქრობს, რომ ოჩოტორენას ხელმძღვანელობით ძლიერ მეკარეებთან ერთად ვარჯიშით პროგრესს აჩვენებს და ახალ სიმაღლეზე ავა.

CrystalSport-ის ცნობით ესპანური კლუბის მხრიდან მამარდაშვილის მიმართ ინტერესი გასულ ზამთარში გაჩნდა, დაახლოებით 6 თვე ''ვალენსიას'' მწვრთნელები და სკაუტები აქტიურად აკვირდებოდნენ, ნიჭიერი მეკარის პლუსებსა და მინუსებს სწავლობდნენ და ამ ეტაპზე ისინი მის თამაშს იდეალურად იცნობენ.

მოლაპარაკების მიმდინარეობისას ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ ფეხბურთელს სათამაშო პრაქტიკა სჭირდება, ეროვნული ნაკრების წევრია და თუ ''ვალენსიას'' პირველ გუნდში თამაში არ მოუწევს, ოფიციალურ მატჩებს სარეზერვო გუნდში ჩაატარებს, ხოლო ვარჯიშს პირველ გუნდთან ერთად გააგრძელებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები