ანალიზი: აქილევსის ქუსლი, საკვანძო ფიგურა და უკანასკნელი მოჰიკანი
Aa
Aa

ანალიზი: აქილევსის ქუსლი, საკვანძო ფიგურა და უკანასკნელი მოჰიკანი

ფეხბურთში გამარჯვება ორნაირია: პირველი, როცა შენი თამაშის დემონსტრირებას ახდენ და იგებ. მეორე, როცა მეტოქე ამის საშუალებას არ გაძლევს, მაგრამ მატჩის მოგებას მაინც ახერხებ.

სწორედ მეორე კომპონენტი განსაზღვრავს ხარ თუ არა შენ ფავორიტთა შორის შესაყვანი. იტალიის ნაკრებმა ესპანეთთან საერთო ჯამში ცუდად ითამაშა. ცუდად იქედან გამომდინარე, რა თამაშიც მათ მთლიანად ტურნირზე გვაჩვენეს.

„არის მატჩები, რომლებსაც უნდა გაუძლო, მაგრამ ჩვენ აქ დამსახურებულად ვიმყოფებით. ესპანეთმა თავიდანვე გაგვაოცა და თამაში ფორვარდის გარეშე დაიწყო. ამან პრობლემები შეგვიქმნა, მაგრამ გადაწყობა შევძელით და რისკები არ გაგვიწევია“. - თქვა მანჩინიმ მატჩის შემდეგ.

ევროპის ჩემპიონატი ფინიშს მიუახლოვდა. მხოლოდ 1 მატჩი დაგვრჩა. დღეს მინდა ორივე ნახევარფინალზე გესაუბროთ. ორივე შეხვედრა საინტერესო დეტალებით იყო გაჟღენთილი.

იტალია - ესპანეთით დავიწყოთ. მატჩი, რომლის სცენარმაც ბევრი გააკვირვა და ერთ-ერთი მათგანი მეც ვარ.

ყველას აქვს თავისი „აქილევსის ქუსლი“, თუმცა მას მხოლოდ ერთეულები ამჩნევენ

პორტუგალიამ დაგვანახა, რომ საფრანგეთი არც ისე უძლეველი იყო, შემდეგ ფრანგები გავარდნენ.

პორტუგალიამ დაგვანახა, რომ ბელგიელთა ვარსკვლავური გუნდი არც ისეთი დაუმარცხებელი მონსტრი იყო, როგორც ერთი შეხედვით ჩანდა და ბელგიაც მალე გავარდა.

ენრიკეს გუნდმა დაგვანახა, რომ მანჩინის ნაკრები ისეთი უნაკლო არ ყოფილა, როგორც ტურნირის პირველივე დღიდანვე ჩანდა, თუმცა კუთხეში მიმწყვდეული იტალია, რომელსაც თავისი „აქილევსის ქუსლი“ თითქმის დაუცველი ჰქონდა, გადარჩა, სიტუაციიდან გამოძვრა და ფინალშია, მაგრამ უკვე ვნახეთ, თუ როგორ უნდა ეთამაშო „სკუადრა აძურას“.

ესპანეთმა ისინი უბურთოდ დატოვა, რის შემდეგაც დავინახეთ, რომ სუსტი წერტილი მათაც ჰქონიათ, თურმე იტალიამაც შეიძლება დაუშვას შეცდომები, გამოიყურებოდეს უსუსურად და საბოლოოდ დამარცხდეს კიდეც.

თუმცა, ერთია იცოდე მეტოქის ნაკლი და მეორეა ეს ყველაფერი გამოიყენო... ამაზე ოდნავ მოგვიანებით გავაგრძელებ...

ლუის ენრიკეს ევროპის ჩემპიონატის მსვლელობისას ბევრი კრიტიკა შეხვდა, ალბათ ყველაზე მეტიც. როცა ყველა და ყველაფერი გაკრიტიკებს და შენი არავის სჯერა, ასეთ დროს შესაძლოა ყველაფერი შემოტრიალდეს და წნეხი, რომელსაც აქამდე გრძნობდი გაქრეს.

ესპანეთის ნაკრებს სუსტი დაცვა ჰყავს, თავდასხმაში კი სტაბილურად გოლების გამტანი მოთამაშე არავინ არის. რა უნდა გააკეთოს ასეთ დროს მწვრთნელმა? როგორ უნდა გაუზარდო შენს გუნდს მნიშვნელოვანი მატჩის მოგების შანსები?

ენრიკემ თამაშიდან ცენტრფორვარდი მოხსნა. შეტევაში მოძრავი და უნივერსალი სამეული გაამწესა - ოიერზაბალი, ფერან ტორესი და ოლმო. სამივე მათგანს შეეძლო შეტევის სამივე პოზიციაზე ეთამაშა.

მთავარი კი ის არის, რომ მათ უკან ჩამოსვლა, უფრო სიღრმიდან თამაში დაევალათ, რათა „ფურია როხას“ ბურთის კონტროლი გამარტივებოდა. საბოლოოდ ამ მხრივ ტოტალური უპირატესობაც ჰქონდათ.

„მინდოდა, რომ იტალიელთა ცენტრალური მცველებიდან მოთამაშე მომეშორებინა და ოლმომ ეს გააკეთა. ის ძალიან ჭკვიანია და უაღრესად შინაარსობრივ ფეხბურთს აჩვენებს“, - თქვა ენრიკემ შეხვედრის შემდეგ.

ამ მანევრითა და მოულოდნელობის ეფექტით ესპანეთმა ბურთზე ტოტალური კონტროლი დააწესა და იტალიას თავისი ფეხბურთის დემონსტრირების საშუალება არ მისცა.

იტალიელთა რამდენიმე მწვავე იერიშისას გამოჩნდა, რომ ესპანელთა უკანა ხაზი კვლავ დაულაგებელი იყო. კიეზას გოლის დროს ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდით.

მანჩინი პირდაპირ ნაცად სტილზე გადავიდა, ეგრეთწოდებული გეგმა B - „სკუადრა აძურა“ დაცვაში ჩაჯდა და თავის შანსებს კონტრშეტევებზე ელოდა.

ვერ ვიტყვით, რომ 1:1-ის შემდეგ ესპანეთს ბევრი მომენტი ჰქონდა. რეალურ საგოლე ეპიზოდამდე თამაში აღარ მისულა.

იტალიამ აქცენტი პენალტების სერიაზე გააკეთა, დაცვაში გამაგრდა, მოთმინება გამოიჩინა, მენტალურად მზადყოფნა დაგვანახა და საბოლოოდ მიზანსაც მიაღწია.

„ვიცოდით, რომ ესპანელები ბურთის კონტროლის ოსტატები არიან და ისინი პრობლემებს შეგვიქმნიდნენ, ამიტომ ადაპტაცია და ბრძოლა ბოლომდე მოგვიწია.

ფეხბურთში გუნდები უტევენ და თავს იცავენ. შენ არ შეგიძლია მხოლოდ შეუტიო. შანსები ორივე გუნდს ჰქონდა. ორივე შესანიშნავი გუნდია. თავს ყველა იცავს, არა მხოლოდ იტალია“, - ამბობს მანჩინი.

მანჩინიმ იცოდა, რომ მისი გუნდი ბურთს დაკარგავდა, ამას კი ზემოდან ცრუ ცხრიანით მოთამაშე ესპანეთი და მოულოდნელობის ეფექტიც დაემატა. ყველაფრის ფონზე, იტალიელებმა ხასიათი გამოავლინეს და სათადარიგო გეგმას მიჰყვნენ, რომელიც მათ გამარჯვებამდე მიიყვანდა.

„იტალია პენალტებს ელოდა, ჩვენ კი კიდევ ნახევარი საათის თამაში გვინდოდა“, - ამბობს ლუის ენრიკე.

ბოლოს კი სერხიო ბუსკეტსის თამაშს მინდა შევეხო. შესაძლოა ვიღაცამ სუბიექტურად ჩამთვალოს, თუმცა არაუშავს, ფეხბურთს ესეც უხდება.

ბუსკეტსი არის ფეხბურთელი, რომელმაც ლუის ენრიკეს იმ ფეხბურთის თამაშის საშუალება მისცა, რომელიც „ფურია როხამ“ იტალიასთან ითამაშა.

მიუხედავად დიდი პატივისცემისა, ვერც პედრი, ვერც ტიაგო, ვერც როდრი და მითუმეტეს კოკე - ეს ფეხბურთელები არ არიან ისინი, ვინც გუნდს ასეთი სტილით თამაშის საშუალებას მისცემენ და ბურთს ტოტალურად გააკონტროლებს.

გუარდიოლას „ბარსელონა“, შემდეგ დელ ბოსკეს ესპანეთი - ეს ისტორიაა, რომლისგანაც „ნამცეცებიღა“ არის დარჩენილი და ის სწორედ ბუსკეტსია - „უკანასკნელი მოჰიკანი“, რომელიც ესპანეთში პეპის ტოტალურ ფეხბურთს აცოცხლებს.

თუ როგორ კითხულობს თამაშს, იჭერს ტემპს, რომელსაც საჭიროებისამებრ უმატებს, უკლებს და სტაბილურობას სძენს, რაც საბოლოოდ იმ ტოტალურ კონტროლს განაპირობებს, რაც იტალიის წინააღმდეგ ვიხილეთ.

„ბუსკეტსის გამო თავს დაბალი დონის მოთამაშედ ვგრძნობდი“, - ეს რიო ფერდინანდის სიტყვებია, რომელიც 2011 წლის „უემბლის“ ფინალს იხსენებს.

ბუსკეტსი 32 წლის არის და სავარაუდოდ მისი ბოლო სანაკრებო ტურნირი ყატარის 2022 წლის მუნდიალი იქნება. რაც უფრო დიდხანს დავტკბებით მისი გენიალური თამაშით, ამით ფეხბურთის შესახებ მით უფრო მეტს გავიგებთ.

„თუ ბუსკეტსი შენ გიყურებს, სავარაუდოდ მისგან პასს ვერ მიიღებ". - ლუის სუარესი.


ესპანეთმა იტალიასთან 939 პასი გააკეთა, რომელთაგან 839 ზუსტი იყო. საბოლოოდ, იტალია გამოძვრა, მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ „სკუადრა აძურა“ ამისთვის მზად არ იყო. მანჩინის გუნდის პლუსი იმაში მდგომარეობს, რომ მათ რამდენიმე სტილით თამაში შეუძლიათ, რასაც ყველა ნაკრებზე ვერ ვიტყვით.

საბოლოოდ ვიტყვი, რომ ლუის ენრიკეს კოლექტივი უფრო მეტად მზარდი გუნდია. მეტი პერსპექტივა აქვთ. იტალიის ამ ფორმაციის ნაკრებს კი ამჟამად იდეალური შანსი აქვს, რომ თასი აღმართოს. მანჩინის ბიჭებს ამ მომენტისთვის მომატების პერსპექტივა იმდენად არ აქვთ, როგორც ესპანეთს.

„ლუჩოს“ „ფურია როხას“ პერსპექტივა ნამდვილად ეტყობა, თუმცა მწვრთნელმა ევროზე დაშვებული შეცდომები ობიექტურად უნდა გაანალიზოს, რომლებიც საკმაოდ მრავლად ჰქონდა. შემდეგ კი მსოფლიო ჩემპიონატისთვის ამ გუნდის საუკეთესო ვერსიას ვიხილავთ.

დაუმარცხებელი ინგლისი და საუთგეიტის გუნდის საკვანძო ფიგურა

ინგლისის ნაკრები ფინალშია - სიტყვათა იშვიათი წყობაა, რომელსაც ხშირად ვერ მოისმენთ. უფრო ფილმებში ან სიმღერებში შეხვდებით. ამჯერად კი რეალობაა და ამ ამბის დასასრულს 11 ივლისს ვიხილავთ.

გარეტ საუთგეიტის გუნდმა ისტორია დაწერა და ინგლისი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პირველად ითამაშებს.

რა შეგვიძლია ამ მატჩზე ვთქვათ? დანიამ კარგად დაიწყო და ინგლისს სჯობდა კიდეც, თუმცა დამსგორის გოლის შემდეგ, საპასუხო ბურთი მალევე გაუშვეს, რის შემდეგაც თამაშზე კონტროლის დაწესება ინგლისელებმა დაიწყეს.

დანიის ნაკრებისთვის დაკვანძო მომენტი 67-ე წუთი იყო, როდესაც მოედნიდან დამსგორი და დოლბერგი გავიდნენ.

კასპერ ჰიულმანდმა ამ ცვლილებების შემდეგ, ტაქტიკა 3-4-3-დან 3-5-2-ზე გადააწყო. რა შეიცვალა? დანიამ მეტოქეზე ზეწოლა შეარბილა და ნელ-ნელა მატჩის სადავეები მთლიანად დაკარგა.

საწყისი სქემის დროს დანიელებს ხაზზე განლაგებული 4 ნახევარმცველი და მათ წინ მყოფი 3 ფორვარდი ჰყავდათ, რომელთაგან ბრაითვეიტი და დამსგორი ძირითადად ფლანგებიდან უტევდნენ და წინ აწეულ განაპირა მცველებთან ერთად ინგლისელებს მაღალ პრესინგს ეთამაშებოდნენ. აშკარაა, რომ ჰიულმანდის გუნდი ამ ტაქტიკური მონახაზით გაცილებით ეფექტურად მოქმედებს.

დამსგორისა და დოლბერგის გასვლის შემდეგ თამაშში პოულსენი და ნორგორი ჩაერთვნენ. ეს უკანასკნელი ცენტრალური ნახევარმცველია და მწვრთნელმა მისი გამოყენებით ნახევარდაცვა გააძლიერა, რაც ტაქტიკურად უკან დახევა გახლდათ.

ბრაითვეიტმა ცენტრში შეიწია და პოულსენთან ერთად ცენტრფორვარდის პოზიცია მოირგო, ფლანგებზე კი მხოლოდ განაპირა მცველები დარჩნენ. საბოლოოდ, მელემ და დანიელ ვასმა (ისიც 67-ე წუთზე შევიდა) შეტევაში პრაქტიკულად ვერაფერი გააკეთეს და დანია თამაშს გამოეთიშა.

მომდევნო დამაზიანებელი დარტყმა ჰიულმანდის გუნდისთვის ტრავმები იყო. ძირითადი დროის ბოლო 11 წუთში დანიამ კრისტენსენი და დილეინი დაკარგა, რომელთა სრულფასოვანი შემცვლელიც სკანდინავიელებს თადარიგში არ ჰყავდათ.

დანიას რესურსი არ ეყო, ინგლისს კი ის საკმარისზე მეტი აქვს. საუთგეიტმა 90 წუთში მხოლოდ 1 ცვლილება გააკეთა. ჯამში კი 3.

ახლა კი ინგლისელთა სქემაში ერთ ძალიან მნიშვნელოვან ნაწილზე მინდა გავამახვილო ყურადღება, რომელიც ასეთი დონის მატჩებში ჩემი აზრით საკვანძოა.

კაილ უოკერი - ერთ-ერთი ყველაზე დაუფასებელი და ნაკლებად გაპიარებული მარჯვენა მცველი. დღეს არ მგონია, რომ რომელიმე გარემარბი მას ადვილად გასცდეს ან საერთოდ გასცდეს და მის გუნდს იმ ფლანგიდან პრობლემები შეექმნას.

ეს კადრი - ინგლისელთა მსგავს განლაგებას მატჩების მსვლელობისას ხშირად ნახავთ. 2 ცენტრალური მცველი, 1 ჩამშლელი და პლუს კაილ უოკერი - ეს ოთხეული ხშირ შემთხვევაში მოედნის ცენტრთან დგას და ზედმეტად წინ იშვიათად იწევს.

უოკერი მაგუაიერი-სტოუნსის დუეტს პრაქტიკულად არასდროს ტოვებს და მათ დაზღვევას ყოველთვის ახერხებს. მისი სისწრაფიდან გამომდინარე, მწვრთნელი პრინციპულ მატჩებში შეტევებში ზედმეტად ჩართვას არ ავალებს და კაილის მთავარი მოვალეობა ტლანქი ცენტრალური მცველების დაზღვევაა.

უოკერი მიმდინარე ევროზე ერთ-ერთი საუკეთესოა. შეტევაში ჩართვა რატომაც ნაკლებად ევალება ამაზე უკვე ვისაუბრე და აქედან გამომდინარე ტურნირის საუკეთესო მარჯვენა მცველი ალბათ არ არის, თუმცა დაცვით ფუნქციებში ინგლისელს ბადალი არ ჰყავს.

გახსოვთ პსჟ - „სიტის“ ნახევარფინალი? როგორ გამოთიშა უოკერმა თამაშიდან მბაპე.

ინგლისელმა ფრანგი რამდენჯერმე სისწრაფეშიც დაჯაბნა და ჩვეული სპრინტის გაკეთების საშუალება არ მისცა. პეპმა უოკერი ზედმეტად უკან სწორედ მბაპეს გამო ჩაწია, რადგან სწრაფი მცველი სჭირდებოდა, რომელიც კილიანის მისამართით გადაგდებულ ბურთზე ცენტრალურ მცველებს დააზღვევდა. სხვათაშორის „ბაიერნს“ მარჯვენა ფლანგზე უოკერის ტიპის ფეხბურთელი არ ჰყავდა და ბოატენგის დასაზღვევად გადასული პავარი მბაპესთვის დიდ პრობლემას არ წარმოადგენდა. სწორედ ამიტომ მოხდა ის, რაც მოხდა.


პენალტის მომენტი - მსაჯს არ უნდა დაენიშნა

პენალტის მომენტში გამოჩნდა, რომ სტერლინგმა ყველაფერი იდეალურად გათვალა და მცველებთან კონტაქტამდე წამით (ალბათ უფრო ნაკლებიც) ადრე ეგრეთწოდებული „დაივი“ დაიწყო. გამეორებაზე ჩანს, რომ რაჰიმი „ჩასაყვინთად“ ემზადება.


დიახ, კონტაქტი იყო, ამაზე ორი აზრი არ არის, მაგრამ გამეორებაზე აშკარად ჩანს, რომ სტერლინგმა მცველებს გამოსტყუა, როგორც იტყვიან ხოლმე „წამოიკიდა“ და პენალტი მოინადირა.

ბევრი თქვენგანი ალბათ არ დამეთანხმება, თუმცა თითქმის 100%-ით ვარ დარწმუნებული, რომ საპირისპიროდ, ინგლისელთა კარში, 102-ე წუთზე და თან „უემბლიზე“ მსაჯი ამ პენალტს არ დადებდა.

მომენტი აშკარად მოითხოვდა, რომ მთავარი არბიტრი მონიტორთან მისულიყო და ეპიზოდი თავად ენახა, მაგრამ ასე არ მოხდა.

საბოლოოდ, ინგლისი უკეთესი იყო და ვერ ვიტყვით, რომ დანიამ აჯობა და საუთგეიტის გუნდი ფინალში დაუმსახურებლად გავიდა, თუმცა ხსენებული თერთმეტმეტრიანი დავის საგანი კიდევ კარგა ხანს იქნება და ამ მომენტზე ბევრს ისაუბრებენ.

„ეს პენალტი არ არის. მე არ მესმის, ასეთ სიტუაციებში მსაჯი ვარის მონიტორთან რატომ არ მიდის და მომენტს არ ნახულობს. მსგავს ეპიზოდებში ის აბსოლუტურად დარწმუნებული უნდა იყოს". - ამბობს არსენ ვენგერი.

დასკვნა - იტალიელთა უპირატესობები გამოიკვეთა, თუმცა ეს ფინალია

ინგლისმა დანიასთან პირველ ტაიმში ცენტრი წააგო. სანამ სკანდინავიელები ცვლილებებს გააკეთებდნენ და ტრავმირებული ფეხბურთელები დააკლდებოდათ, ნახევარდაცვაში უკეთესად სწორედ ისინი მოქმედებდნენ. იტალია ინგლისს ამ მხრივ შეჭამს.

რამდენად შესწევს ინგლისს ძალა, რომ იტალია იმ დღეში ჩააგდოს, როგორადაც „სკუადრა აძურა“ ესპანეთის წინააღმდეგ გამოიყურებოდა? ჩემი აზრით, ინგლისს არ აქვს იმის უნარი, რომ იტალია უბურთოდ დატოვოს. ბრიტანელებმა ფლანგები მაქსიმალურად უნდა გამოიყენონ და პლუს რაიმე ახალიც სცადონ. იმპროვიზაცია მოუწევთ. მანჩინის გუნდს კი ვფიქრობ ფინალში თავისი ხისტი და ეფექტური სათამაშო სტილის გამოყენების საშუალება ექნება.

ეს უკვე ის მომენტია, როცა საუთგეიტმა რესურსის 100% უნდა გამოიყენოს. დროა ინგლისმა „კარტი გახსნას“ და უფრო მეტად გამბედავი იყოს.

Football's Coming Home - ეს ფრაზა 11-ში შესაძლოა რეალობად იქცეს, თუმცა ასევე შესაძლოა შინ დაბრუნებული ფეხბურთი „ზედ თვითმფრინავის ტრაპიდანვე უკან გააბრუნონ“...

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები