იყო თუ არა პენალტი - ვენგერი, შმეიხელი, კინი, მოურინიო და სხვები სტერლინგის ეპიზოდზე
Aa
Aa

იყო თუ არა პენალტი - ვენგერი, შმეიხელი, კინი, მოურინიო და სხვები სტერლინგის ეპიზოდზე

ინგლისის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალში გავიდა. „სამმა ლომმა“ დანია დამატებით დროში დაამარცხა და გადამწყვეტ შეხვედრას იტალიის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ გამართავს.

საუთგეიტის ბიჭებმა უპირატესობა რაჰიმ სტერლინგის წაქცევის გამო დანიშნული პენალტით მოიპოვეს, რასაც საფეხბურთო სამყაროში უდიდესი გამოხმაურება მოჰყვა. ქომაგთა აზრით, მსაჯი შეცდა და თერთმეტმეტრიანი არ უნდა დაენიშნა. გულშემატკივართა პოზიციას არსენ ვენგერი, ჟოზე მოურინიო, პიტერ შმეიხელი და სხვებიც იზიარებენ.

ოუენი: „არ ვარ დარწმუნებული, რომ პენალტი იყო, მაგრამ ეს ვისი რა საქმეა“?

ვენგერი: „ეს პენალტი არაა. არ მესმის, ასეთ მომენტებში მსაჯი მონიტორზე გამეორებას რატომ არ უყურებს. ასეთ ეპიზოდებში აუცილებელია, რომ აბსოლუტურად დარწმუნებული იყო“.

დიტმარ ჰამანი: „ეს აშკარა სიმულაცია იყო. მსაჯმა სამარცხვინო გადაწყვეტილება მიიღო“.

ბიქსენტ ლიზარაზუ: „პენალტი არ ყოფილა“!!!

ლეონიდ სლუცკი: „სტერლინგი იენსენთან კონტაქტამდე დაეცა. საკითხავი ისაა, იყო თუ არა ჯარიმა მელეს მხრიდან. ჩემი აზრით, წესების დარღვევას ადგილი არ ჰქონია“.

როი კინი: „ინგლისის ნაკრებმა სიმამაცე, ხასიათი და ლიდერის თვისებები გამოავლინა. ინგლისმა ფინალში გასვლა დაიმსახურა, მაგრამ პენალტის ეპიზოდში გაუმართლა“.

მოურინიო: „ინგლისმა გამარჯვება დაიმსახურა, მაგრამ ასეთ მომენტებში პენალტს არასდროს ნიშნავენ. მით უმეტეს ასეთი დონის შეხვედრაში. საუბარი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალზე გვაქვს და არ მესმის, მსაჯმა ეს გადაწყვეტილება რატომ მიიღო და ვიდეორეფერიმ არბიტრს მომენტის გადამოწმება რატომ არ ურჩია. ასეთ ეპიზოდებში პენალტი არ ინიშნება. მიხარია, ინგლისმა რომ მოიგო, მაგრამ, როგორც ფეხბურთის ქომაგი, იმედგაცრუებული ვარ თუ პენალტი რის გამო დაინიშნა“.

დანიელი ვასი: „ჩემი აზრით, ნახევარფინალში თერთმეტმეტრიანის დასანიშნად გაცილებით მეტია საჭირო. გამეორება ვნახეთ და ჯარიმა არ ყოფილა. შესაძლოა, არბიტრზე გავლენა ინგლისელმა ქომაგებმა მოახდინეს“.

კასპერ იულმანდი: „სიმართლე გითხრათ, პენალტი ვერ დავინახე. იმ მომენტში პენალტს უბრალოდ ვერ ვხედავ“.

პიტერ შმეიხელი: „უდიდესი შეცდომა. ამაზე ძალიან, ძალიან დიდი ხნის განმავლობაში იკამათებენ. სტერლინგის ეპიზოდში პენალტი არ ყოფილა. მარცხს ბევრად მშვიდად შევხვდებოდი ინგლისს უამრავი მომენტიდან ერთ-ერთი რომ გამოეყენებინა და გოლი გაეტანა, თუმცა სამწუხაროდ, მსაჯმა უდიდესი შეცდომა დაუშვა“.

სხვათა შორის, მატჩის შემდეგ, თერთმეტმეტრიანთან დაკავშირებით რაჰიმ სტერლინგმაც ისაუბრა და განაცხადა, რომ წესების დარღვევა აშკარა იყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები