დასანანი მარცხი ნეფთჩისთან - მსაჯის შეცდომა და მარუშიჩის ბრწყინვალე გოლი
Aa
Aa

დასანანი მარცხი ნეფთჩისთან - მსაჯის შეცდომა და მარუშიჩის ბრწყინვალე გოლი

UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე კახა ცხადაძის გაწვრთნილი თბილისის ''დინამო'' ''დინამო არენაზე'' აზერბაიჯანის მოქმედ ჩემპიონ ბაქოს ''ნეფთჩისთან'' 1:2 დამარცხდა.

2016 წლის შემდეგ საქართველოს ყველაზე ტიტულოვან კლუბს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გამარჯვება არ მოუპოვებია.

ანგარიში ბაქოს ''ნეფთჩიმ'' 23-ე წუთზე გახსნა, ნიგერიელი იუსუფ ნავალის ბრწყინვალე პასის შემდეგ ნამიგ ალაშგაროვმა კარიდან გამოსულ როინ კვასხვაძეს ბურთი თავზე გადაუგდო. გოლი ''დინამოს'' გამოცდილი მეკარის უხეშ შეცდომას მოჰყვა.

31-ე წუთზე ლევან ხარაბაძის ჩაწოდების შემდეგ გიორგი კუციამ თავით სახიფათოდ დაარტყა, თუმცა ''ნეფთჩის'' მეკარე მამადოვმა შესანიშნავი ნახტომით ბურთი მოიგერია. 34-ე წუთზე ბაქარ ქარდავამ შორი მანძილიდან დაბალი კუთხისკენ დაარტყა, თუმცა მამადოვი ამჯერადაც დამაჯერებელი იყო.

36-ე წუთზე ხარაბაძისა და მილან რადინის აქტიურობის შემდეგ ბურთი ზორან მარუშიჩმა მიიღო და საჯარიმოს გარედან კარისკენ ბრწყინვალედ დაარტყა, ამჯერად მამადოვმა რეაგირებაც ვერ მოასწრო, ანგარიში გათანაბრდა.

50-ე წუთზე ლევან ხარაბაძის ჩაწოდების შემდეგ კუცია გოლის გატანას ახლოს იყო, კარისკენ ვარდნაში დაარტყა, თუმცა ბურთი მცირე მანძილით აცდა კარს.

56-ე წუთზე ''დინამოს'' მარცხენა მცველმა ლევან ხარაბაძემ ბურთი საკუთარ საჯარიმოში დაკარგა, შემდეგ კი მეტოქის წინააღმდეგ თამაშის წესი დაარღვია და არბიტრმა პენალტი დანიშნა. კვასხვაძემ პენალტი მოიგერია, თუმცა კარიდან წინ იყო გამოსული, კარის ხაზზე არ იდგა, რის გამოც მახმუდოვმა პენალტი განმეორებით შეასრულა და ამჯერად შანსი გამოიყენა - 1:2.

65-ე წუთზე მარინის შესრულებული კუთხურის შემდეგ ''ნეფთჩის'' ნახევარმცველმა სოარეშ ჰარამიზმა ხვადაგიანის წინააღმდეგ თამაშის წესი დაარღვია, ''დინამოს'' მცველის წინააღმდეგ უხეშად ითამაშა, მსაჯს პენალტის დარტყმის საფუძველი ჰქონდა, თუმცა არასამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო, თამაშის წესის დარღვევა არ დააფიქსირა. ამ მომენტში პენალტი რომ დანიშნულიყო, დიდი ალბათობით თამაშის სურათი განსხვავებული იქნებოდა.

მე-5 დამატებულ წუთზე თბილისის ''დინამოს'' გოლის გატანის რეალური შანსი ჰქონდა, კუთხურის შემდეგ ბაქარ ქარდავამ კარისკენ თავით დაარტყა, თუმცა ბურთი ძელს მოხვდა და ''ნეფთჩი'' გოლს გადაურჩა. საბოლოოდ, მატჩი აზერბაიჯანული გუნდის გამარჯვებით დასრულდა.

თბილისის დინამომ ამ შემადგენლობით ითამაშა: კვასხვაძე, სპორქსლედე (ოსეი 83), ხვადაგიანი, პაპავა (კაპიტანი), ბენიო, ხარაბაძე (მორჩილაძე 73), რადინი, ქარდავა, კუცია (ქავთარაძე 68), მარუშიჩი, გაბედავა (ახვლედიანი 68)

ბაქოს ნეფთჩიმ ამ შემადგენლობით იასპარეზა: ა. მამადოვი, სტანკოვიჩი, მბოჯი, ჩელიკი, ლავალი (ბოლუდოვი 86), ბურინი (აბასოვი 90), კანე, მახმუდოვი (კაპიტანი), ჰარამისი, ალასკაროვი, მეზა კოლი (ნასაფოვი 88)

საპასუხო შეხვედრა 14 ივლისს, ბაქოში გაიმართება.

მასალაში გამოყენებულია თბილისის ''დინამოს'' პრესსამსახურის ფოტოები

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები