პოლმა 16-წლიანი ლოდინი 32 ქულით დაასრულა - ფინიქსმა მილუოკი დაამარცხა
Aa
Aa

პოლმა 16-წლიანი ლოდინი 32 ქულით დაასრულა - ფინიქსმა მილუოკი დაამარცხა

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის სუპერფინალური სერიის პირველი შეხვედრა „ფინიქს სანსის“ გამარჯვებით დასრულდა. არიზონელებმა საკუთარ კედლებში იასპარეზეს და „მილუოკი ბაქსი“ 118-105 დაამარცხეს.

„ფინიქსის“ გამთამაშებელი, კრის პოლი სუპერფინალურ სერიაში სადებიუტო მატჩს 16 წლის განმავლობაში ელოდა და უმნიშვნელოვანეს შეხვედრაში, „სიპიმ“ „სანსს“ ულიდერა. პოლი ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო იყო და მატჩი 32 ქულით, 9 შედეგიანი გადაცემითა და 4 მოხსნით დაასრულა. „სიპი“ NBA-ის ისტორიაში 36 წელს გადაცილებული მე-3 კალათბურთელია, რომელმაც სუპერფინალურ სერიაში მინიმუმ 30 ქულა ჩააგდო.

„ამ მომენტს მთელი სეზონის განმავლობაში ველოდით. თამაშს გავაგრძელებთ და ჯერ მხოლოდ ერთი შეხვედრა მოვიგეთ. კონცენტრაცია უნდა შევინარჩუნოთ და ყველაფერი წინაა“, - განაცხადა მატჩის შემდეგ პოლმა.

„ფინიქსის“ გამთამაშებელს 27 ქულითა და 6 მოხსნით დევინ ბუკერი დაეხმარა. დეანდრე ეიტონმა მორიგი ორმაგი დუბლი მიითვალა და 22 ქულა და 19 მოხსნა დააგროვა. მიკალ ბრიჯისი 14 ქულას დასჯერდა, პეინმა და ჯონსონმა კი 10-10 ქულა ჩააგდეს.

„მილუოკის“ იანის ანტეტოკოუნმპო დაუბრუნდა, რომელმაც პარკეტზე 35 წუთზე მეტი გაატარა და აქტივში 20 ქულა, 17 მოხსნა, 4 ასისტი და 2 ჩაჭრა ჩაიწერა. კრის მიდლტონს 29 ქულა ჰქონდა, ხოლო ბრუკ ლოპესი 17 ქულით გამოირჩა.

„ვიცით, რომ იოლი სერია არ იქნება. ვიცით, რომ ძალიან გაგვიჭირდება. იქნება შემთხვევები, როცა ამ სერიაში მდევრის როლში ვიქნებით, მაგრამ დასრულებული ჯერ არაფერია. მეტოქე დაწინაურდა, მაგრამ თამაში და ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ“, - განაცხადა მიდლტონმა.

შეგახსენებთ, რომ „ფინიქსისა“ და „მილუოკის“ სერიის მეორე შეხვედრა 9 ივლისს გაიმართება და მატჩი თბილისის დროით 05:00-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები